ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა, Tesla-მ, მიმდინარე წლის იანვარში, სამხრეთ კორეაში მხოლოდ ერთი მანქანა გაყიდა. Bloomberg-ის შეფასებით, ამაზე გავლენა ფასის მიხედვით კონკურენციამ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, დამტენი ინფრასტრუქტურის ნაკლებობამ და სხვა ფაქტორებმა მოახდინა.
როგორც ირკვევა, Tesla-ს ერთადერთი ელექტრომობილი, რომელიც გასულ თვეში სამხრეთ კორეაში შეიძინეს Model Y SUV-ია. ამაზე უარესი შედეგი ოსტინში დაფუძნებულ კომპანიას ბოლოს 2022 წლის ივლისში ჰქონდა. სამხრეთ კორეის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, აღნიშნულ თვეში ქვეყანაში Tesla-ს არცერთი ელექტრომობილი არ გაყიდულა.
Bloomberg-ის განცხადებით, ავტომწარმოებლები სამხრეთ კორეაში ელექტრომობილებისადმი ენთუზიაზმის შენელებას უნდა ელოდონ. გამოცემის თქმით, ამაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები და ინფლაცია ახდენს გავლენას, რის გამოც, მომხმარებლები ხარჯების შემცირებას ცდილობენ. გარდა ამისა, მოთხოვნას ამცირებს ბატარეების აალების შემთხვევების ზრდა და ქვეყანაში სწრაფი დამტენების ნაკლებობა.
სამხრეთ კორეაში ელექტრომობილების გაყიდვებზე ასევე გავლენას ახდენს მოთხოვნის ძლიერი სეზონური რყევები. ბევრი ადამიანი თავს არიდებს მანქანების ყიდვას იანვარში, რადგან სურს დაელოდოს მთავრობის განცხადებას სუბსიდიების შესახებ.
თუმცა ამერიკული ავტომწარმოებელი ამ შემთხვევაშიც დაბრკოლებას აწყდება. 2023 წლის ივლისში მან ჩინური წარმოების Model Y-ის გასაყიდ ფასად 56,990,000 სამხრეთკორეული ვონი (43,000 აშშ დოლარი) დაადგინა, სახელმწიფოსგან სრული სუბსიდიის მისაღებად კი ავტომობილის ღირებულებამ 57,000,000 სამხრეთკორეული ვონი უნდა შეადგინოს.