იაპონია, ბრიტანეთი და იტალია მომდევნო თაობის ავიაგამანადგურებელზე ერთობლივად იმუშავებენ. საინტერესოა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს იაპონიისათვის თავდაცვის ინდუსტრიაში პირველი მსხვილი თანამშრომლობა იქნება გარდა აშშ-სთან პარტნიორობისა.
პარასკევს სამი ქვეყნის მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანახმად, ავიაგამანადგურებელი ბრიტანული მოწინავე საჰაერო საბრძოლო ტექნოლოგიით, Tempest-ითა და იაპონური GCAP-ით აღიჭურვება. ქვეყნების მთავრობების სურვილია, რომ ის 2035 წლისთვის შეიქმნას.
იაპონიისათვის ევროპულ სახელმწიფოებთან სამხედრო თანამშრომლობა უსაფრთხოების დამატებით ბერკეტებს აჩენს. განსაკუთრებით იმ მოცემულობაში, როდესაც ჩინეთი ტაივანისა და იაპონიის სანაპიროებთან სამხედრო-შეიარაღებულ წვრთნებს დიდი ინტენსივობით ატარებს. გარდა ამისა, თანამშრომლობა ბრიტანეთის როლსაც გაზრდის რეგიონში უსაფრთხოების გარანტორის სტატუსით.
ერთობლივი ძალისხმევით შექმნილი საბრძოლო თვითმფრინავის დიზაინზე ბრიტანული BAE Systems PLC-ი, იაპონური Mitsubishi Heavy Industries-ი და იტალიური Leonardo იმუშავებენ. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო კონტრაქტორებს მოწინავე ციფრული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტის ყველა შესაძლებლობა და კიბერ-საომარი ტექნოლოგიები მიეწოდებათ.
დატოვე კომენტარი