იაპონიამ მთვარისკენ კოსმოსური ხომალდი გაუშვა, რომლის დახმარებითაც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ლენდერ SLIM-ის დასმას შეეცდება. ხომალდი კოსმოსში ადგილობრივი წარმოების რაკეტა H-IIA-მ გაიყვანა. ამ გზით იაპონია შეუერთდა კოსმოსურ რბოლას მთვარეზე აპარატის დასასმელად, წარმატების შემთხვევაში კი ის მეხუთე სახელმწიფო გახდება, რომელმაც ეს შეძლო.
იაპონიის კოსმოსური კვლევის სააგენტოს ინფორმაციით, რაკეტა სამხრეთ იაპონიაში, ტანეგაშიმას კოსმოსური ცენტრიდან გაუშვეს და პროცესი გეგმის მიხედვით წარიმართა. კოსმოსში რაკეტას ხომალდი გამოეყო და მთვარის მიმართულებით გააგრძელა გზა. ცნობისთვის, ხომალდის გაშვება გასული თვის განმავლობაში უამინდობის გამო სამჯერ გადაიდო.
იაპონიის კოსმოსური კვლევის სააგენტოს განცხადებით, ამჟამინდელი გათვლებით ხომალდის ბორტზე განთავსებული ლენდერი მთვარეზე თებერვალში, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციაზე დაეშვება. მთვარესთან მისაახლოებლად კი კოსმოსური აპარატი საკმაოდ გრძელ, ენერგოეფექტიან ტრაექტორიას გაივლის. პროექტის ღირებულება ჯამში $100 მილიონია.
სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ პრესასთან გაკეთებული განცხადებით, მისიის მიზანი იმის დემონსტრირებაა, რომ იაპონურ ტექნოლოგიას აპარატის დასმა სწორედ იქ შეუძლია, სადაც სურს და არა იქ, სადაც მოხერხდება.
შეგახსენებთ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში იაპონია უკვე მესამე სახელმწიფოა, რომელიც მთვარის ათვისების კოსმოსურ „რბოლაში“ ჩაერთო. დაახლოებით ორი კვირის წინ ინდოეთმა Chandrayaan-3-ის ფარგლებში ლენდერისა და როვერის წყვილი მთვარეზე წარმატებით დასვა. მანამდე კი რუსეთის მცდელობა კრახით დასრულდა და ხომალდი მთვარესთან შეჯახების შედეგად განადგურდა.