იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქცია დააწესა და ამჯერად ქვეყანაში ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული საქონლის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. იაპონიის ნაბიჯი უკრაინაში მიმდინარე ომსა და რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას უკავშირდება.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანმა, ჰიროკაძუ მაცუნომ გაასაჯაროვა. კაბინეტის სხდომის შემდგომ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სანქციები დამატებით 21 რუსულ ორგანიზაციას შეეხება, მათ შორისაა სამეცნიერო ლაბორატორიები.
საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოცხადებული ახალი სანქციები იაპონიის მთავრობამ უკვე დაამტკიცა. „იაპონია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის გამო“, – განაცხადა მაცუნომ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ ქვეყანა აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო საზოგადოებასთან უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების მიმართულებით.
გასულ კვირას, G7-ის ლიდერებმა ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე დაადასტურეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტ პუტინის მიერ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებასა და ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას მოჰყვა.
დატოვე კომენტარი