იაპონიამ საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა

იაპონიამ საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იშიძუკა ჰიდეკი გახდა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე იმამურა აკირა ჩაანაცვლა, რომელიც თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა.

იაპონიის ახალმა ელჩმა თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება უკვე გაავრცელა.

 „საქართველოში ტოკიოდან ჩამოვფრინდი ევრაზიის კონტინენტის თავზე გადაფრენით. გზად წიგნის კითხვისას, ღრმად შთამაგონა კავკასიის უძველესმა ისტორიამ, რომელიც აღმოცენდა სამი რეგიონის – აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის გადაკვეთაზე. დიდი სურვილი მაქვს მაქსიმალური ძალისხმევა გავწიო რათა კიდევ უფრო გავაღრმაო იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა და ახალი განზომილება შევმატო ჩვენს ორმხრივ მეგობრობას. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია თქვენთან თანამშრომლობა ამ პროცესში და იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის“, – აღნიშნავს ჰიდეკი თავის განცხადებაში.

იშიძუკა ჰიდეკიმ ორმხრივი ურთიერთობების გამყარებასა და ორი ქვეყნის კულტურის ერთმანეთისთვის კიდევ უფრო უკეთ გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ახალმა ელჩმა განცხადებაში იაპონიასა და საქართველოს შორის მიმოსვლის გაუმჯობესების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„არ დავიშურებ ძალისხმევას სათანადოდ შევასრულო ჩემი მოვალეობები და ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო მეტად შევუწყო ხელი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის“, – დასძინა იშიძუკა ჰიდეკიმ მისასალმებელ განცხადებაში.