იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში 19-21 მაისს G7-ის ყოველწლიური სამიტი გაიმართა. შეხვედრაზე მსოფლიო ლიდერებმა რიგი ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, თუმცა სამიტის მთავარი გმირი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გახლდათ, რომელიც იაპონიას საუდის არაბეთში ვიზიტის შემდგომ ეწვია.
მაშინ როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებით აქტიურად იმუქრება, ზელენსკის ჰიროსიმაში ვიზიტი ბირთვული შეტევიდან 78 წლის შემდეგ განსაკუთრებით სიმბოლური დატვირთვის მატარებელი აღმოჩნდა. ჰიროსიმის მემორიალურ პარკში გამოსვლისას ზელენსკიმ რამდენჯერმე გაიმეორა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხის მოწოდება ერთიანობისკენ ისმოდეს იმ ქალაქიდან, რომელიც 1945 წლის ატომური შეტევის შემდგომ ხელახლა აღდგა.
უკრაინულ ენაზე მიმართვაში, ომში მყოფი ქვეყნის ლიდერმა აღნიშნა, რომ ჰიროსიმის მუზეუმში წარმოდგენილი სურათები მას სწორედ ბახმუტს აგონებს, „სადაც სიცოცხლის ნიშანწყალი გამქრალია, შენობები კი სრულადაა განადგურებული“. ზელენსკიმ იაპონიას უკრაინის დროშის გამოფენისთვის მადლობაც გადაუხადა და დასძინა, რომ სანამ უკრაინის დროშა კიდევ არსებობს, იმედიც მუდმივად იარსებებს.
სამდღიან სამიტზე ზელენსკიმ დიდი შვიდეულის ლიდერებს უკრაინის დახმარების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა და, ამჯერადაც, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან დადებითი გამოხმაურება მიიღო. ბაიდენი უკრაინას სამხედრო დახმარების სახით დამატებით $375 მილიონის მიწოდებას დაჰპირდა, ხოლო G7-ის ლიდერებმა თავის მხრივ პირობა დადეს, რომ კვლავ განაგრძობენ ომით დაზარალებული ქვეყნის მხარდაჭერას.
იაპონიაში გამართული შეხვედრებისას, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა მიმდინარე ზაფხულს უკრაინელი პილოტების გადამზადების პროგრამის დაწყება დააანონსა. სუნაკის განცხადებით, მშვიდობა პრეზიდენტ ზელენსკიზე მეტად არავის არ სურს, თუმცა სამშვიდობო პირობები უკრაინის პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული.
სამიტის დახურვის ღონისძიებაზე იაპონიის პრემიერმა ფუმიო კიშიდამ ხაზი გაუსვა სოლიდარობის მნიშვნელობას, რომელიც G7-მა სამიტზე ზელენსკის მოწვევით გამოავლინა. იაპონია ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან აზიურ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ომის დაწყების დღიდან უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერით გამოირჩევა. უკრაინაში რუსეთის ომის წინააღმდეგ კიშიდას პოზიცია რეგიონში ყველაზე მტკიცეა, მან სანქციები დაუწესა ასობით რუსულ ორგანიზაციას, უკრაინას კი დაახლოებით $7 მილიარდით დაეხმარა.
თუმცა, სამიტის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზელენსკისა და ინდოეთის პრემიერ ნარენდრა მოდის შორის შემდგარი შეხვედრა გახლდათ. ზელენსკი და მოდი ერთმანეთს უკრაინაში დაწყებული ომის შემდგომ პირისპირ პირველად შეხვდნენ. ინდოეთი რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გამო ამ დრომდე უკრაინის ომზე კომენტარის გაკეთებას და მით უმეტეს რუსეთის დაგმობას ერიდებოდა. თუმცა შეხვედრაზე მოდიმ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს ომის დასრულების ხელშეწყობისთვის: „ომს დიდი გავლენა აქვს მსოფლიოზე და ის უკვე არა მარტო ეკონომიკური და პოლიტიკური, არამედ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საკითხია“.
უკრაინაში მიმდინარე ომის გარდა კი დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებისთვის სამიტზე განხილულ მნიშვნელოვან საკითხებს შორის ტაივანიც მოხვდა. კუნძულის მიმართ ჩინეთის ინტერესები ყოველდღიურად უფრო საშიში ხდება, რაც პეკინის მზარდი მილიტარიზაციითა და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გლობალურად ქვეყნის ეკონომიკური ზეწოლის გაზრდით ხასიათდება.
შაბათს გამოქვეყნებულ კომუნიკეში G7-ის ლიდერებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, პეკინის გააქტიურებული სამხედრო აქტივობების შესახებ შეშფოთება კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. სახელმწიფოთა ლიდერები, ტაივანის სრუტეში მზარდი დაძაბულობის შესაკავებლად, მშვიდობიანი გადაწყვეტილების მიღწევის მოწოდებითაც გამოვიდნენ.
ამავდროულად კი ლიდერებმა ჩინეთთან „კონსტრუქციული და სტაბილური ურთიერთობების“ დამყარების სურვილიც გამოთქვეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსოფლიოს წამყვანმა დემოკრატიებმა თავიანთი შეშფოთება ჩინეთთან პირისპირ შეხვედრისას უნდა დააფიქსირონ. სახელმწიფოებმა ჩინეთს უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლისა და მსოფლიოში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მხარდაჭერისკენაც მოუწოდეს.
საინტერესოა ისიც, რომ სამიტზე G7-ის ლიდერებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ მათი პოლიტიკა ჩინეთის ეკონომიკური პროგრესისა და განვითარების შეფერხებისკენ მიმართული არაა. თუმცა, მიუხედავად ზემოთქმულისა, სახელმწიფოებმა პირობა დადეს, რომ დაუპირისპირდებიან „არასაბაზრო პოლიტიკისა და პრაქტიკის“ გამოწვევებს, მათ შორის მონაცემთა გამჟღავნების შემთხვევებს, რაც, მათივე შეფასებით, „ამახინჯებს“ გლობალურ ეკონომიკას. კომუნიკეს უკვე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ჯგუფი მსოფლიო მშვიდობის შეფერხებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ბლოკის მიდგომას „საერთაშორისო სანდოობა არ გააჩნია“.
ჩინეთთან და უკრაინაში მიმდინარე ომთან ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სამიტზე დაისვა, ჩრდილოეთ კორეას შეეხებოდა. G7-ის ლიდერებმა მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ოფიციალურ ფხენიანს მოუწოდეს, უკუაგდოს ატომურ იარაღთან დაკავშირებული ამბიციები, მათ შორის „შემდგომი ბირთვული გამოცდები და გაშვებები, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიას ეფუძნება“.