2022 წლის თებერვალში, იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი ფონდი The Nippon Foundation, რომელიც ქვეყნის უმსხვილეს გადამზიდავ კომპანია Nippon Yusen KK-ს ფლობს, ტოკიოს ნავსადგურიდან მიეს პრეფექტურის საპორტო ქალაქ ისემდე თვითმართვადი სატვირთო გემის გაშვებას გეგმავს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. აღსანიშნავია, რომ დატვირთული საზღვაო მიმოსვლის მქონე წყლებში, ეს თვითმართვადი სატვირთო გემის პირველი სატესტო მოგზაურობა იქნება, რომლის დროსაც, ის 380 კილომეტრს დაფარავს.
Allied Market Research-ის კვლევის მიხედვით, 2030 წლისათვის თვითმართვადი გადაზიდვების ინდუსტრია ჯამურად $166 მილიარდს მიაღწევს. ამის პარალელურად, The Nippon Foundation გეგმავს, რომ 2040 წლისათვის, თვითმართვადმა გემებმა იაპონიის შიდა ფლოტის 50% შეადგინონ. „ჩვენი მიზანია, რომ გემების ავტომატიზაციის კუთხით იაპონია მსოფლიოში მოწინავე ქვეყანა გახდეს“, – აღნიშნა Nippon Yusen-ის შვილობილი კომპანიის, Japan Marine Science Inc.-ის გენერალურმა დირექტორმა, სატორუ კუვაჰარამ.
კუვაჰარას თქმით, იაპონიას თვითმართვადი გემები ძალიან სჭირდება, რადგან ქვეყნის მოსახლეობა სწრაფად ბერდება, ხოლო სამუშაო ძალა მცირდება. უკანასკნელი კვლევის თანახმად, შიდა საზღვაო გადაზიდვების ინდუსტრიაში დასაქმებულთა თითქმის 40% – 55 წელზე უფროსი ასაკისაა.
The Nippon Foundation-ის გათვლებით, 2040 წლისათვის, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით გაზრდილი ეფექტურობა იაპონიის ეკონომიკას დამატებით $9 მილიარდს მოუტანს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საზღვაო შეფერხებების დაახლოებით 70% ადამიანური შეცდომითაა გამოწვეული. „იაპონიის სამუშაო ძალის შემცირების გათვალისწინებით, უსაფრთხოების გასაზრდელად ამ ტექნოლოგიების გამოყენება სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, – აღნიშნავს კუვაჰარა.
2022 წლის თებერვლის სატესტო გაშვებისათვის ყველა საჭირო ინფორმაცია ტოკიოს აღმოსავლეთით მდებარე ტექნოლოგიურ ცენტრში მოგროვდება. აღსანიშნავია, რომ შეფერხების შემთხვევაში, გემის მართვას ამ ცენტრიდან გადაიბარებენ. კუვაჰარას თქმით, ეს ტექნოლოგია მსოფლიოში ფეხს 2025 წლისთვის მოიკიდებს.
დატოვე კომენტარი