იაპონიის ეკონომიკა რეცესიის საფრთხის წინაშეა, ახალმა კორონავირუსმა კი ამას შესაძლოა ხელი კიდევ უფრო შეუწყოს.
მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკა 2019 წლის მეოთხე კვარტალში 1,6%-ით შემცირდა. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები იაპონიის მთავრობამ ორშაბათს გამოაქვეყნა. ფაქტი, რომ ეკონომიკური ზრდა გასული წლის ბოლო სამ თვეში შენელდა, არ ყოფილა მოულოდნელობა.
ანალიტიკოსები ამ მონაცემებს ელოდებოდნენ იქიდან გამომდინარე, რომ გაიზარდა მოგების გადასახადი და ქვეყანა ასევე მნიშვნელოვნად დააზარალა ტაიფუნმა “ჰაგიბისმა”.
“რეცესია ახლა თითქმის გარდაუვალია”, – განაცხადა ING-ის ეკონომისტმა რობერტ კარნელმა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოს შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან ჩინეთი გლობალური ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. როდესაც 2004 წელს SARS-ის ეპიდემია დაიწყო, ჩინეთზე მსოფლიო მშპ-ის 4% მოდიოდა. ახლა კი ამ ქვეყანაზე 16% მოდის და ის ერთგვარი ხერხემალია გლობალური წარმოების და მიწოდების კუთხით. ამასთან, ჩინეთი ასობით მილიონი მდიდარი მომხმარებლის ქვეყანაა, რომლებიც ძალიან ბევრს ხარჯავენ ძვირად ღირებულ ნივთებში, ტურიზმსა და ავტომობილებში.
იაპონიამ გასულ წელს 8.1 მილიონ ჩინელ ტურისტს უმასპინძლა. იაპონიის ტურიზმის ეროვნული ორგანიზაციის მონაცემებით, იაპონიას ყველაზე მეტი ტურისტი სწორედ ჩინეთიდან ჰყავდა.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სასტუმროები, რესტორნები და რითეილერები დაკარგავენ შემოსავლებს, თუ ჩინელი ტურისტების მიერ დახარჯული ფულის რაოდენობა შემცირდება. კერძოდ, როგორც ING-ის ეკონომისტი კარნელი ამბობს, კორონავირუსი უარყოფით გავლენას იქონიებს მიმდინარე კვარტალში მომხმარებელთა ხარჯვიანობაზე, რაც იაპონიის ეკონომიკის რეცესიას შეუწყობს ხელს. ამასთან, ING-ის პროგნოზით, 2020 წლისთვის მშპ 1,1%-ით შემცირდება.
დატოვე კომენტარი