საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) განახლებული პროგნოზით, ავიაკომპანიები მიმდინარე წელს დაახლოებით $10 მილიარდის მოგებას მიიღებენ. ეკონომიკური შენელების მიუხედავად, მოგებიანობის ზრდას მგზავრთა რაოდენობის მატება, ჩინეთის გახსნა და რეაქტიული საწვავის შემცირებული ფასები განაპირობებს.
აღსანიშნავია, რომ დეკემბერში IATA-ს მიერ გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, გლობალური ავიაკომპანიების სავარაუდო მოგება 2023 წლისთვის მხოლოდ $4.7 მილიარდად შეფასდა, განახლებული ანგარიშით კი მისი მოცულობა $9.8 მილიარდამდე გაორმაგდა. ინდუსტრიული ჯგუფის გაანგარიშებით, ავიაკომპანიები მიმდინარე წელს 4.35 მილიარდ მგზავრს მოემსახურებიან და საკმაოდ მიუახლოვდებიან 2019 წლის რეკორდულ მონაცემებს, როდესაც საჰაერო მომსახურებით 4.54 მილიარდმა პირმა ისარგებლა.
IATA-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოსვლისას ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ვილი ვალშმა განაცხადა, რომ ეკონომიკური გაურკვევლობების მიუხედავად, აეროპორტებისა და სასტუმროების დატვირთვა იზრდება, ავიაკომპანიების ინდუსტრია კი მოგებიანობას უბრუნდება. მიუხედავად ამისა, ვალშის აღნიშვნით, ავიაკომპანიები $9.8-მილიარდიან მოგებას $803-მილიარდიანი შემოსავლით მიიღებენ, რაც თითო მგზავრზე მხოლოდ $2.25-ს შეადგენს.
აღნიშნული ციფრები მიუთითებს, რომ საჰაერო ინდუსტრია კოვიდპანდემიის შემდგომ ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. ცნობისთვის, პანდემიის გამო ავიაკომპანიები 2020 წელს მხოლოდ 1.8 მილიარდ ადამიანს მოემსახურნენ, თითო მგზავრზე $76-ის დანაკარგით. 2020–დან 2022 წლამდე, საავიაციო ინდუსტრიის წმინდა ზარალმა $183 მილიარდი შეადგინა.