სამხრეთ აფრიკის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანა აგვისტოში დაგეგმილ BRICS-ის სამიტზე დამსწრე საერთაშორისო ოფიციალურ პირებზე „დიპლომატიური იმუნიტეტისა და პრივილეგიების აქტს“ გაავრცელებს. აფრიკული სახელმწიფოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტს უკავშირდება. შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის ბრალდებით პუტინის დაკავების ორდერი გამოსცა.
სამხრეთ აფრიკა კი, როგორც ICC-ის იურისდიქციის ქვეშ მყოფი და შეთანხმებაზე ხელმომწერი ქვეყანა, ვალდებულია, ვლადიმირ პუტინი ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში დააკავოს. თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობა აღნიშნული ვალდებულების გვერდის ავლას პუტინზე დიპლომატიური იმუნიტეტის გავრცელებით ცდილობს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რომის წესდების (სტატუტი) საფუძველზე შეიქმნა, რომელიც წევრ სახელმწიფოებს შესაბამის უფლება-მოვალეობებს აკისრებს.
როგორც ჩანს, სამხრეთ აფრიკის მთავრობა საკუთარ გადაწყვეტილებას რომის სტატუტის 98-ე მუხლს აფუძნებს, რომლის თანახმადაც პუტინის დაკავება ქვეყანაში მანამ არ იქნება შესაძლებელი, სანამ რუსეთი მისთვის იმუნიტეტის გაუქმებას არ დათანხმდება.
ცნობისათვის, სამხრეთ აფრიკის მთავრობა რომის წესდების 98-ე მუხლს მსგავსი მიზნისთვის უკვე მეორედ იყენებს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნის მიუხედავად, 2015 წელს სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი სამხრეთ აფრიკაში ვიზიტისას სწორედ იმავე საფუძვლით არ დააკავეს.