13 ივნისს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულმა კომიტეტმა საქართველოში მე-14 საკონსულტაციო საბჭოს დახურული შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ საერთაშორისო სავაჭრო პალატის გამგეობის წევრები, კომიტეტის თავმჯდომარეები და საკონსულტაციო საბჭოს წევრები. საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი მიესალმა დამსწრეებს და მიმოიხილა საქართველოს ბიზნეს კლიმატი, რომელიც დაღმავლობის, საფრთხის წინაშეა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ისაუბრა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ. შპს “ჯორჯიან მანგანეზის” იურისტმა ალექსანდრე მელაძემ დამსწრეებს გააცნო კრიმინალური ქმედებების ჯაჭვის შესახებ, რომლებმაც გამოიწვიეს კომპანიის აქციონერების ექსპროპრიაცია. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა ღია დისკუსია, რომლის ფარგლებშიც საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა გააკეთეს კომენტარები და წარადგინეს რეკომენდაციები.
“გვსურს თქვენი ყურადღება გავამხვილოთ შემაშფოთებლად გაუარესებულ საინვესტიციო კლიმატზე. ერთ წელზე მეტია, რაც უცხოური ბიზნესის უდიდესი ნაწილი დაზარალდა ან ჯერ კიდევ წნეხის ქვეშ არის, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს კომპანიებს ოპერირებას ბაზარზე და შესაბამისად, სერიოზულ ზიანს აყენებს მათ საქმიანობასა და საკუთრებას. ზემოაღნიშნული პრობლემების უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია სასამართლოებთან, სამართალდამცავ ინსტიტუტებთან და ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებთან.
საიულუსტრაციოდ გაგაცნობთ დაზარალებული კომპანიების მხოლოდ მცირე ჩამონათვალს, მათ შორის რამდენიმე საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრია: ტერა ბანკი, ფილიპ მორისი, ბრითიშ ამერიქან თობაქო, ყაზტრანსგაზი, გარდაბანი ჰოლდინგი, სილქ როუდ ჰოლდინგი, სითი პარკი, ბათუმის პორტი, ოპტიკალ სისტემს კორპორაცია, ჯი ფარადაისი, სამი ჰაბიბის საინვესტიციო ჯგუფი, შპს ჯორჯიან მანაგენიზი, კავკასიის ფონდი, ანკა ფუდ შვეიცარია, ბაზელ ჯგუფი…
ზემოხსენებული კომპანიები არიან სხვადასხვა უცხოელი ინვესტორების საკუთრებაში და შესაბამისად, მათ მიმართ ჩადენილი უკანონო ქმედებები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და იმიჯზე საერთაშორისო მასშტაბით.
მოხარულნი ვართ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოასწორა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული არასამართლიანი გადაწყვეტილება ფილიპ მორისისა და ბრითიშ ამერიქან თობაქოს საქმეზე; თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საქმის წარმოების პროცესი მართული იყო წითელი დირექტორებისა და “უკონტროლო სუბიექტების” მიერ, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია სახელმწიფოს რეპუტაციაზე საზღვარგარეთ.
ჩვენ ვერ ვიხსენებთ პერიოდს, განვლილი ოცი წლის განმავლობაში, როდესაც მსგავსი გამძაფრებული თავდასხმები ხორციელდებოდა უცხოურ ბიზნესებზე, სწორედ ეს განაპირობებს ჩვენს წუხილს. ჩვენს შეშფოთებას უფრო აღრმავებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე მოვლენების დაკვირვების შედეგად რჩება შთაბეჭდილება რომ მთავრობას არ შეუძლია ამ “უკონტროლო სუბიექტების” მიერ ბიზნესის მიმართ განხორციელებული თავდასხმების, რეკეტირების, ექსპროპრიაციისა და პარალიზების შემთხვევების შეჩერება.
გასული თვეების განმავლობაში, საერთაშორისო სავაჭრო პალატამ არაერთი შეხვედრა გამართა მთავრობის წარმომადგენლებთან; რომელთაგანაც მუდმივად ისმოდა დაპირება არსებული პრობლემების “გადაჭრის” თაობაზე; თუმცა თვეების გასვლის შემდეგ, ვაცნობიერებთ, რომ პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება. ჩვენი დაკვირვებით, საქართველოში არსებობს ორი მმართველი ძალა: ერთის მხრივ, პოზიტიური და კონსტუქციული ძალა წარმოდგენილი პრემირ მინისტრისა, რამდენიმე მინისტრისა და მინისტრთა მოადგილეების სახით, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ კანონმდებლობა და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას; მეორეს მხრივ კი, არსებობს ნეგატიური და დესტრუქციული ძალა როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე მათ გარეთ – ე.წ. “უკონტროლო სუბიექტები”, რომლებიც არ ექვემდებარებიან საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს და არც მთავრობას აქვს მათზე კონტროლის შესაძლებლობა. სწორედ ეს დესტრუქციული ძალა იწვევს სასამართლოს კორუმპირებას, აშანტაჯებს და ზეწოლას ახდენს ბიზნესზე, უკანონოდ ართმევს ინვესტორებს მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას და, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას არ შესწევს უნარი აღკვეთოს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო და უკანონო ქმედებები.
ყოველივე ზემოთხსენებული მიმდინარებს მაშინ, როცა საერთაშორისო ბიზნეს ორგანიზაციები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები უცხოელ ინვესტორებს სთავაზობენ საქართველოში ინვესტირებას; როგორ შეგვიძლია ინვესტორებს შევთავაზოთ საქართველოში ჩამოსვლა, როცა ვფლობთ ინფორმაციას უცხოურ ბიზნესებზე არსებული თავდასხმების შესახებ?! განა ჩვენი მორალური ვალდებულება არ არის გავაფრთხილოთ უცხოელი ინვესტორები, რომლებიც აპირებენ საქართველოში ინვესტირებას, იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც უკავშირდება მათ სამომავლო საინვესტიციო გეგმებს საქართველოში?!
“უკონტროლო სუბიექტების” შეჩერებისთვის დაუყონებლივ უნდა იქნეს მიღებული ზომები; სხვა შემთხვევაში საინვესტიციო გარემო მნიშვნელოვნად გაუარესდება და, ამ შემთხვევაში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა იძულებული გახდება მსოფლიო მასშტაბით უცხოელი ინვესტორები გააფრთხილოს არსებული საინვესტიციო რისკებისა და საფრთხეების თაობაზე.“ საკონსულტაციო საბჭო ერთადერთი და გამორჩეული ორგანოა საქართველოში არსებულ ბიზნეს ორგანიზაციებს შორის, რომლის შემადგენლობაშიც შედის ათი ელჩი, სამი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისა და ორი საერთაშორისო ორგანიზაციის თავმდჯომარეები. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის შემდეგ დიპლომატები რეგულარულად ურთიერთობენ მთავრობასთან, რათა მაქსიმალური შედეგი იქნეს მიღწეული ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის”, – განაცხადა შეხვედრაზე ფადი ასლიმ.
დატოვე კომენტარი