იდეების ვიზუალიზაცია საუკეთესო შედეგების მისაღწევად

იდეების ვიზუალიზაცია საუკეთესო შედეგების მისაღწევად

დიზაინ-ფიქრი არის პროცესი, რომელიც ყველაფერს ერგება ცხოვრებაში – ახალი, ინოვაციური იდეების შექმნით დაწყებული, პრობლემების გადაჭრით დამთავრებული. მისი გამოყენება არ არის შეზღუდული რომელიმე კონკრეტულ ინდუსტრიაში ან სფეროში. დიზაინ-ფიქრი თანაბრად ეფექტიანი შეიძლება იყოს როგორც ტექნოლოგიებსა და განათლების სისტემაში, ისე სერვისებსა და წარმოებაში. დიზაინ-ფიქრის შედეგია ისეთი ახალი პროდუქტები და სერვისები, რომლებიც კლიენტებზეა მორგებული. თანამედროვე სამყაროში, როდესაც ორგანიზაციებს უამრავი პრობლემის გადაჭრა უწევთ და კონკურენციის მარათონში არიან ჩართული, მნიშვნელოვანია, რომ მათი მიდგომები მრავალგანზომილებიანი იყოს. სწორედ აი, აქ გამოდის ასპარეზზე დიზაინ-ფიქრი, რომელიც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ფიქრისა და კეთების ახალი გზები იპოვონ.

თიბისი ბანკმა ახალგაზრდა, დამწყები დიზაინერებისთვის ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც დიზაინ-ფიქრის ერთ-ერთ კომპონენტს – იდეების ვიზუალიზაციას შეეხება და მონაწილეებს მარკეტინგში, დიზაინსა და ბრენდინგში დამატებითი ცოდნის მიღებაში დაეხმარება. ტრენინგების პარალელურად ისინი შექმნიან სხვადასხვა პროექტს, მასალას, რაც მათ მომავალ პორტფოლიოს კიდევ უფრო გაამდიდრებს. პროექტის იდეასა და მის მნიშვნელობაზე, თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორმა, ნინო ეგაძემ ისაუბრა.

როგორ გაჩნდა იდეა გაკეთებულიყო მსგავსი ინოვაციური პროექტი თიბისი ბანკში?

საუბარია იდეების ვიზუალიზაციაზე, მაღალი ხარისხის დიზაინზე, რომელიც კომპანიებს ეხმარება ბიზნესისა და პროცესების გაუმჯობესებაში. ინფორმაციის სწრაფ გაცვლაში, სიგნალების თუ ნებისმიერი სახის შეტყობინებების სწრაფ მიწოდებაში, ჩვენი პროექტის შექმნის იდეა არ ყოფილა მხოლოდ ადამიანების დასაქმება, ეს გაცილებით მეტია. ეს არის ინოვაციური მიდგომა ჩვენი თანამშრომლებისთვისაც. ჩვენ ეს კონკრეტული საპილოტე პროექტი ჩავუშვით იმ მიზნით, რომ შევამოწმოთ რამდენად მუშაობს, ჯერ, პირველ რიგში, მარკეტინგის მიმართულებით, ხოლო მასზე დაკვირვების და სრულად შესწავლის შემდეგ, ცხადია ვგეგმავთ დავნერგოთ მთელ ბანკში და მის მრავალრიცხოვან სტრუქტურებში.

რამდენად შესაძლებელია, რომ ვიზუალიზაცია გახდეს თქვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილი?

ჩვენი სურვილია, რომ კომპანიის რიგით მენეჯერს, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს მარკეტინგთან და დიზაინთან, ჰქონდეს საშუალება საკუთარი აზრების და იდეების გადმოცემა მაქსიმალური ვიზუალიზაციით მოახდინოს. ბაზარზეც არის ამის საჭიროება, არსებობდეს ისეთი მასალები, როგორიც არის ინფოგრაფიკები, ციფრების წაკითხვის საშუალება. ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დიდი ზომის და მოცულობის ინფორმაცია მიიღოს, შესაბამისად ეს იქნება, ასე ვთქვათ, ხიდი ბიზნესსა და კომუნიკაციას შორის. ახალგაზრდების ეს ჯგუფი, შეკრებილია ზუსტად იმისთვის, რომ ვნახოთ როგორი იქნება ამ ყველაფრის განხორციელება. თიბისისთვის არტი და დიზაინი ყოველთვის იყო ნიშა კონკრეტული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხითაც, გვაქვს მულტიმედიური სივრცეები, გალერეები. ეს საშუალებას გვაძლევს ახალგაზრდა, მზარდი და დაინტერესებული ადამიანები მოვიზიდოთ და ჩვენს გარშემო შემოვიკრიბოთ.

რამდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა პროექტს, რამდენი მსურველი იყო და საბოლოო ჯამში რამდენი ადამიანი შეირჩა?

მსურველი საკმაოდ ბევრი გამოჩნდა, გაცილებით მეტი, ვიდრე ველოდით. გათვალისწინებულ ადგილებს კიდევ ერთი დავუმატეთ, რადგან გვინდოდა ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყოლოდა. საბოლოო ჯამში, 7 ადამიანი ავიყვანეთ, რომლებიც მოწვეულ ლექტორებთან ერთად გადიან პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას.

საინტერესოა,როგორ მოხდა მონაწილეების არჩევა?

შერჩევა საკმაოდ კრეატიული ფორმით მოხდა. მონაწილეებს ვთხოვეთ, სტანდარტული რეზიუმეები ანიმაციურ გიფებად და სხვადასხვა ილუსტრაციებად გადაექციათ და ამგვარად წარმოედგინათ. ვიფიქრეთ, რომ ყველაზე კარგად ასე გამოავლენდნენ თავს. ამ მიდგომამ გაამართლა. მომენტალურად გაჩნდა ჩვენს გარშემო უამრავი ლამაზი „ცოცხალი“ რეზიუმე და არჩევა ძალიან რთული იყო. იმასაც კი ვფიქრობდით, რამდენად შესაძლებელია, რომ ყველა აგვეყვანა. თუმცა, ამის რესურსი ამ ეტაპზე ნამდვილად არ გვაქვს.

როგორია სწავლების პროგრამა, ვინ ატარებს ლექციებს?

ჩვენ შევადგინეთ სილაბუსი და პროგრამა, რითიც ვხელმძღვანელობთ. არ ვმართავთ სტანდარტულ ლექციებს და მიდგომებიც სრულიად ნოვატორულია. გზადაგზა ვცვლით პროგრამას, ვამატებთ ან გამოვრიცხავთ გარკვეულ დეტალებს, ვითვალისწინებთ სტუდენტების აზრს პროგრამასთან დაკავშირებით. თემები მრავალფეროვანია, დაწყებული კლასიკური აკადემიური საგნებით, შრიფტები, ტიპოგრაფია, გრაფიკული დიზაინი, ბრიფის წერა, სააგენტოსთან ურთიერთობები, ბიუჯეტირება, როგორ უნდა წამოჭრა საკითხი, როგორ უნდა მიიტანო სააგენტომდე კომუნიკაცია. რაც შეეხება ლექტორებს. საკმაოდ კვალიფიციური ლექტორები ჰყავთ სტუდენტებს, სააგენტოების დირექტორები, მსხვილი კომპანიების კრეატიული დირექტორები, დიზაინერები და ა.შ. კურსი ითვალისწინებს, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სწავლებასაც.

რა სახის დავალებების შესრულება უწევთ სტუდენტებს?

მოგეხსენებათ, თიბისი ბანკი არის ბევრი ღონისძიების ორგანიზატორი, მხარდამჭერი ან თანაავტორი. ლექციების დაწყებიდან, მონაწილეებს უკვე მოუწიათ ასეთ ღონისძიებებში ჩართვა და გარკვეული დავალებების შესრულება. სკეჩინგი, ილუსტრირება, პიქტოგრამები, საკომუნიკაციო არხების სპეციფიკა და ძალიან ბევრი საინტერესო დავალება. ძირითადად სოციალური მედიისთვის არის ამის საჭიროება. აღსანიშნავია, რომ მონაწილეებმა თვითონ გააკეთეს პროექტის ბრენდინგი. რამდენიმე ტექნიკური დავალებაც ჰქონდათ. ვცდილობთ, რომ ყოველთვის შესაბამისი დავალებები მივცეთ. ჩვენი მიზანი არის, ახალგაზრდებმა რეალობას მორგებული, თავიანთი კრეატიული აზრების ვიზუალიზაცია შეძლონ. თავისთავად ორმხრივი სარგებელია, ჩვენ ვიღებთ ახალ ნეიტრალურ აზრს დამოუკიდებელი ადამიანებისგან, რომლებიც თავიან იდეებს გვიზიარებენ მიმდინარე საკითხებზე და კონტენტზე. სამაგიეროდ ისინი ეუფლებიან ცოდნას, ეცნობიან ახალ პროდუქტებს, რეალობას და სერიოზულად იფართოვებენ ხედვებს ამ სფეროში.

ძირითადად რა პროფესიის ადამიანიები იღებენ მონაწილეობას პროექტში?

ძირითადად ყველას აქვს გრაფიკული დიზაინის კუთხით მუშაობის გამოცდილება. ასევე არიან აკადემიის სტუდენტები და უბრალოდ ის ადამიანები, რომლებმაც ახლახანს გადაწყიტეს სფეროს საფუძვლიანად შესწავლა. ამ მიმართულებით შეზღუდვა არ გვქონია, უბრალოდ კრეატიული ადამიანები გვჭირდებოდა. უფრო არტ-დირექტორები, თავისი კონტენტის პრომოუტერები და არა უბრალოდ დიზაინერები. ზუსტად ამის მიღწევას ვცდილობთ, ეს ადამიანები იყვნენ თავიანთი იდეების ვიზუალიზატორები და არა მხოლოდ შემსრულებლები.

რა მიზანი აქვს პროექტს, რაში დაეხმარება ახალგაზრდებს ეს კურსი, გარდა იმისა, რომ აუმაღლდებათ კვალიფიკაცია, გაიზრდება თუ არა მათი დასაქმების შანსი?

ჩვენ თავიდანვე გავაფრთხილეთ მონაწილეები, რომ ეს არ იყო დასაქმების ფორუმი, ეს არის გამოცდილების გაზიარება და ურთიერთასასარგებლო პროექტი, რომელიც ჩვენთვისაც ექსპერიმენტია, თუმცა ეს არის სერტიფიცირებული პროგრამა და პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატებს, მათ დარჩებათ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, თუნდაც საუკეთესო ლექტორებთან ინტერაქციის ხარჯზე, უფართოვდებათ თვალსაწიერი, ხედვები, ღირებულებები და მასშტაბი. რა თქმა უნდა, გვაქვს დიდი სურვილი ზუსტად ასეთი ნიჭიერი და მონდომებული ადამიანები მივიღოთ ჩვენს გუნდში სამსახურში.

როგორია ამ კურსის მომავალი?

ჩვენ ზუსტად არ ვიცით საბოლოო ჯამში რა ფორმას მიიღებს ეს სწავლება, კურსი, თავად პროდუქტი. პირველ რიგში, დავაკვირდებით რა შედეგს გამოიღებს ჩვენი მცდელობა. საუბარია, რომ წელიწადში დაინტერესებული ახალგაზრდების დაახლოებით 3 ნაკადი მივიღოთ. არ ვაპირებთ, რომ შევეშვათ ამ მიმართულებას, რადგან ძალიან დიდი ენერგიის და იდეების შემოდინება მოხდა ამ პროექტის ფარგლებში. ფაქტია, რომ პროექტს გაფართოვების სერიოზული პოტენციალი აქვს.

ჩვენ ვცდილობთ, დიზაინ-ფიქრი, როგორც მეთოდი კრეატიული აქტივობებისთვის, დავნერგოთ ბანკში და ვაქციოთ ის ჩვენი შიდა კულტურის ნაწილად. დღეს ეს პროექტი მარკეტინგში მუშაობს, ხვალ ფინანსებს მოიცავს და ზეგ, გადაინაცვლებს ბუღალტერიაში. ნებისმიერ სფეროს შეუძლია მაქსიმალურ შედეგს სწორი ვიზუალიზაციით მიაღწიოს, რადგან დიზაინ-ფიქრი მომავალში ბიზნესის ყოველდღიური საკომუნიკაციო ენა გახდება.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *