ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებით, ნავთობზე გლობალური მოთხოვნა პიკს ათწლეულის ბოლოსთვის მიაღწევს. ენერგიის არასტაბილური ფასები, რაც Covid-19 პანდემიისა და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგია, ენერგიის სუფთა ალტერნატივებზე გადასვლას აჩქარებს.
IEA-ის პროგნოზით, ნავთობზე გლობალური დღიური მოთხოვნა 2028 წლისთვის 105.7 მილიონ ბარელამდე გაიზრდება, რაც 2022 წელთან შედარებით დაახლოებით 6%-იანი მატებაა. სააგენტოს შეფასებით, ტრანსპორტში გამოყენებულ ნავთობზე გლობალური მოთხოვნა კლებას 2026 წლიდან დაიწყებს, რაც ელექტრომობილებზე გადასვლისა და ენერგოეფექტიანობის მისაღწევად ქვეყნების მიერ შემუშავებული რეგულაციების დამსახურებაა.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანგარიშით, ბენზინზე მზარდი მოთხოვნა შემცირებას მიმდინარე წლის ბოლოდან, მაშინ დაიწყებს, როდესაც „წვად წიაღისეულ საწვავზე“ მოთხოვნის ზრდა პიკს 2028 წელს მიაღწევს. ამავდროულად კი ნავთობზე მოთხოვნის ზრდა 2028 წელს მხოლოდ დღიურ 400,000 ბარელამდე შემცირდება – 2023 წელს დღიური 2.4 მილიონი ბარელისაგან განსხვავებით.
მოთხოვნის შემცირების მიუხედავად, IEA-ის განმარტებით, 2050 წლის წმინდა ნულოვანი მიზნების მისაღწევად, დამატებითი რეგულაციებისა და ცვლილებების განხორციელება აუცილებელია.
საინტერესოა, რომ პანდემიის შემდგომი აღდგენის გავლენით, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ზრდის ძირითადი ფაქტორი საავიაციო საწვავი იქნება. IEA-ის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის დასაწყისში თვითმფრინავის საწვავზე მოთხოვნა 2019 წლის მაჩვენებელს 13%-ით ჩამოუვარდებოდა, თუმცა 2027 წლისთვის, დიდი ალბათობით, პანდემიამდელ დონეს გადააჭარბებს.