IFC სტრატეგიულ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოს პირველ „მწვანე“ ობლიგაციებში კლიმატის ცვლილების მიმართ საპასუხო ღონისძიებების დაფინანსების ხელშესაწყობად

IFC სტრატეგიულ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოს პირველ „მწვანე“ ობლიგაციებში კლიმატის ცვლილების მიმართ საპასუხო ღონისძიებების დაფინანსების ხელშესაწყობად

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) საქართველოში სტრატეგიული ინვესტორის როლი შეასრულა ქვეყნისთვის პირველი „მწვანე” ობლიგაციების შეძენით. IFC-ის ინვესტიცია 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და საერთო ჯამში 80 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ემისიის ნაწილია, რომელიც კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების დაფინანსებას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს. დღეისათვის  ეს საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ოდენობის განთავსებაა.

ობლიგაციების ემიტენტია სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები”, რომელიც ქვეყანაში ინვესტიციების მართვის მიმართულებით წამყვანი ჯგუფის სს „საქართველოს კაპიტალის” აფილირებული კომპანიაა. ამ ტრანზაქციას და მასში IFC-ის სტრატეგიულ როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების შერბილებას. ვარაუდობენ, რომ ეს პროექტი ქვეყანას ყოველწლიურად დაახლოებით 170,000 ტონა ნახშირორჟანგის გამოყოფას ააცილებს თავიდან, რაც დაახლოებით 33,000 ავტომობილიდან გამოფრქვეული სათბურის გაზის ეკვივალენტურია.

კერძო სექტორის მიერ განახლებადი ენერგიის გენერაციის და ენერგოდამოუკიდებლობის ხელშეწყობა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რადგან ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაახლოებით 30 პროცენტის დაკმაყოფილება იმპორტით და გაზზე მოუშავე თბოელექტროსადგურების მეშვეობით ხდება, ხოლო მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ფინანსური ბაზრების ფუნქციონირების და დაფინანსებაზე წვდომის შეფერხების ფონზე კაპიტალის ადგილობრივ ბაზრებს გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია ინვესტორების მობილიზაციასა და დაფინანსების ალტერნატიული წყაროების უზრუნველყოფაში. საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. ამ პირობებში მოსალოდნელია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს „მწვანე” ობლიგაციების და მდგრადი დაფინანსების სხვა ინსტრუმენტების შემდგომ ემისიას. აღნიშნული წაახალისებს კაპიტალის ბაზრის განვითარებას ქვეყანაში, რაც რეგიონში ომით გამოწვეული ცვალებადობის და გაურკვევლობის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია და გააუმჯობესებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას.

სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების” აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ გორდეზიანმა განაცხადა: „ეს ტრანზაქცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, წარმოადგენს რა პირველ „მწვანე” უზრუნველყოფილი ობლიგაციების ემისიას საქართველოს კაპიტალის ბაზარზე და ამავე დროს ყველაზე დიდ კორპორაციულ ტრანზაქციას. ობლიგაციების განთავსებას დიდი დაინტერესება მოჰყვა ინვესტორების მხრიდან, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან. „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები” მადლობას უხდის IFC-ის ობლიგაციების გამოშვებაში სტრატეგიული ინვესტორის სახით მონაწილეობისათვის.”

IFC-ის ინვესტიცია ასევე შექმნის მაგალითს, რომელიც ხელს შეუწყობს კორპორაციული მართვის, გარემოს დაცვის და სოციალურ სტანდარტებთან შესაბამისობას საქართველოში განახლებადი ენერგიის უფრო მეტი პროექტის განსახორციელებლად.

„IFC-ის მხრიდან საქართველოში პირველი „მწვანე” ობლიგაციების ემისიის სტრატეგიული დაფინანსება ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის განვითარებას ქვეყანაში. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, გვჯერა, რომ IFC-ის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ქვეყნის კაპიტალის ბაზრის გაღრმავებას, ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებას და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევას,” აღნიშნა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტემ.

პროექტი ასევე მხარს უჭერს მსოფლიო ბანკის მიმდინარე პროექტებს, რომლებიც საქართველოში კაპიტალის და ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას, და ქვეყნის მიერ რეგიონული ენერგოჰაბის როლის შესრულებას ისახავს მიზნად.

IFC მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდეს საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილების მიმართ საპასუხო ღონისძიებებს აფინანსებს და „მწვანე” ობლიგაციების ერთ-ერთი პირველი ემიტენტია. IFC-მ „მწვანე” ობლიგაციების პროგრამა 2010 წელს დაიწყო ბაზრის განვითარების დასაჩქარებლად, კერძო სექტორის განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის ინვესტიციების მოსაზიდად და ენერგოეფექტურობის ასამაღლებლად. 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, IFC-ის გამოშვებული ჰქონდა 20 ვალუტით 10.5 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის 178 სახეობის ობლიგაცია.

IFC-ის შესახებ
IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, გამოცდილებასა, და გავლენას, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ბაზრების და შესაძლებლობების შესაქმნელად. 2022 საფინანსო წლის განმავლობაში, IFC-მ განვითარებადი ქვეყნების კერძო კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებში რეკორდული, 32.8 მილიარდი აშშ დოლარის  მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, კერძო სექტორის მიერ გადამწყვეტი როლის შესრულების ხელშესაწყობად უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებაში, სხვადასხვა კრიზისების შედეგებთან ქვეყნების ბრძოლის პარალელურად. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.ifc.org.

შემოგვიერთდით:
www.facebook.com/IFCwbg
www.twitter.com/IFC_org
www.youtube.com/IFCvideocasts
www.ifc.org/SocialMediaIndex
www.instagram.com\ifc_org

სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების” შესახებ
სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები, რომელიც „საქართველოს განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის ნაწილია საქართველოში ერთ-ერთ წამყვან განახლებადი ენერგიის პლატფორმას წარმოადგენს. კომპანია ფლობს და ოპერირებას უწევს 71 მეგავატი დადგმული სიმძლავრის განახლებადი ენერგიის აქტივებს, რომელიც მოიცავს 4 ჰიდროელექტროსადგურს და საქართველოში ერთადერთ მოქმედ ქარის ელექტროსადგურს. „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების” საბოლოო მესაკუთრეა „საქართველოს კაპიტალი”, რომელიც ყველაზე დიდი საინვესტიციო კომპანიაა საქართველოში და რომლის აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.grpc.ge.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *