სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საზღვაო ნავსადგურებისა და ტერმინალების ძირითადი მაჩვენებლების ანგარიშს აქვეყნებს. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამში 402 გემი შემოვიდა, რომელთა 31.8% ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდი იყო. 402 გემიდან 30.1% კონტეინერმზიდი, 29.9% – თხევადი ტვირთმზიდი, ხოლო 8.2% – ნაყარი ტვირთმზიდი, სპეციალიზებული გემი ან/და საბუქსირე გემი გახლდათ.
საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 61.3%-ით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო. სავარაუდოდ, ეს კოვიდპანდემიის დასრულებითა და, შედეგად, საერთაშორისო გადაზიდვების კვლავ ამუშავებით აიხსნება.
საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული გემებიდან ყველაზე მეტი, 20.6% – თურქეთის, 13.7% – პანამის, 13.4% – ლიბერიის, 6.2% კი რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავდა.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთის მოცულობამ 3.5 მილიონი ტონა შეადგინა. ეს კი 5.2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2023 წლის მე-2 კვარტალში ქართულ ნავსადგურებში 1,300 მგზავრს მოემსახურნენ.