II კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 568,900 მგზავრი გადაიყვანა

II კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 568,900 მგზავრი გადაიყვანა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის ძირითადი მაჩვენებლების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს რკინიგზამ ჯამში 568.9 ათასი მგზავრი გადაიყვანა, რაც 2022 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 47.4%-ით მეტია.

აღნიშნულ პერიოდში საქართველოს რკინიგზამ ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში 560,200 მგზავრი გადაიყვანა. საერთაშორისო მგზავრობის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ კი 8,700 შეადგინა. საინტერესოა, რომ საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების ყველაზე დიდი წილი, 60.7% სომხეთიდან შემოვიდა. სომხეთის მიმართულებით კი 39.3% გავიდა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანთან დაკეტილი სახმელეთო სამგზავრო საზღვრის გამო 2023 წლის მე-2 კვარტალში აზერბაიჯანის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა.

საქსტატმა რკინიგზის მეშვეობით გადატანილი ტვირთის მონაცემებიც გამოაქვეყნა. 2023 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს რკინიგზით 3.5 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანეს, რაც 2022 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 8.2%-ით ნაკლებია. ამ მოცულობის 10.7% – ადგილობრივ გადაზიდვებზე, 31.2% – საერთაშორისო გადაზიდვებზე, ხოლო 58.1% ტრანზიტულ გადაზიდვებზე მოდის. საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში გადატანილი ტვირთის 29.2% ქვეყანაში შემოვიდა, 70.8% კი ქვეყნიდან გავიდა.

შემოტანილი ტვირთების 53.2%-ის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთი, 26.7%-ისას კი აზერბაიჯანი წარმოადგენს. გატანილი ტვირთების ყველაზე დიდი წილის, 20%-ის დანიშნულების ადგილს ყაზახეთი წარმოადგენს.