2023 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 21.2 მლრდ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.7% შეადგინა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება კი 2023 წლის III კვარტალში 2.7%-ით განისაზღვრა.
იხილეთ ასევე: რა არის მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი?

2023 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.1%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (13.3%), მშენებლობა (8.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (13.7%), განათლება (13.6%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (17.6%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (4.3%).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-7.5%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-1.0%).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.9%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.2%). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.9%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.9%), მშენებლობა (7.8%), სახელმწიფო მმართველობა (6.5%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.5%).