სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 316 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.5%-ით არის შემცირებული. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს სავალო ვალდებულებებისა და რეინვესტიციის მოცულობის კლება წარმოადგენს.
ამავე პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სააქციო კაპიტალი 2.5-ჯერ გაიზარდა და 590.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რეინვესტიციის მოცულობა 30%-ით შემცირდა და 329.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზეა აშშ – 51.8 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 16.4%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 45.8 მლნ აშშ დოლარით (14.5%), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები 45.3 მლნ აშშ დოლარით (14.3%). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 58.7% შეადგენს.
2023 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 80.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25.4%-ია. მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი 61.9 მლნ აშშ დოლარით (19.6%), ხოლო მესამეზე იმყოფება ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი 41 მლნ აშშ დოლარით (13%). ხუთი უმსხვილესი ეკონომიკის სექტორის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 77.3% შეადგენს.