ორშაბათს, Forbes-ის მილიარდერთა სიაში მნიშვნელოვანი ცვლილება დაფიქსირდა: პირველ ადგილზე კვლავ ილონ მასკმა გადაინაცვლა, რომლის ქონების საერთო მოცულობამ $201.1 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი ისტორიაში მესამე ადამიანი გახდა, რომლის ქონების საერთო ღირებულებამ $200 მილიარდს გადასცდა – მანამდე, ეს ზღურბლი Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა და მოდის მაგნატმა, ბერნარ არნომ გადალახეს.
თუმცა, ეს არ არის ამ ისტორიის ყველაზე საინტერესო დეტალი: საქმე იმაშია, რომ მას მერე, რაც Forbes-ი ილონ მასკს კომენტარისთვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაუკავშირდა, მასკმა მათ ასეთი პასუხი მისწერა: „ჯეფრი ბ.-ის ორიანის ფორმის გიგანტურ ქანდაკებას და ვერცხლის მედალს გავუგზავნი“.
აღსანიშნავია, რომ ილონ მასკისა და ჯეფ ბეზოსის ამგვარი კინკლაობა – არახალია. ორჯერ, ილონ მასკმა ბეზოს მიმბაძველიც კი უწოდა (ინგლ. Copycat) და ამისთვის, ორივეჯერ კატის ფორმის სმაილი გამოიყენა – პირველად, 2019 წელს, როცა Amazon-მა სატელიტური ინტერნეტის ინდუსტრიაში შესვლა დააანონსა და მეორედ, 2020 წელს, როცა Amazon-მა თვითმართვადი მანქანების კომპანია Zoox-ი შეიძინა.
გარდა ამ ორი ინდუსტრიისა, ილონ მასკი და ჯეფ ბეზოსი ერთმანეთს კოსმოსურ რბოლაშიც ეჯიბრებიან. ჯერ კიდევ 2019 წელს, ჯეფ ბეზოსმა ილონ მასკის მიერ მარსის კოლონიზაციაზე დამცინავად ისაუბრა: „რაც შეეხება ჩემს მეგობრებს, რომელთაც მარსზე გადასახლება სურთ? ერთ რამეს ვთხოვდი. წადით, ევერესტის წვერზე იცხოვრეთ ერთი წელი და ნახეთ, როგორი პირობებია, რადგან მარსთან შედარებით – ის სამოთხის ბაღია“.
თუმცა, კოსმოსურ ვოიაჟებთან პრობლემები, არც ბეზოსის Blue Origin-ს აკლია. საქმე იმაშია, რომ აპრილში, NASA-მ ბეზოსის კომპანიის შემოთავაზებაზე უარი თქვა და $2.9 მილიარდიანი კონტრაქტი SpaceX-ს გაუფორმა. ჯეფ ბეზოსმა NASA-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყება დააანონსა, მასკმა კი დრო იხელთა და მის კონკურენტს Twitter-ზე მიმართა და Blue Origin-ის ხომალდის დიზაინს დასცინა.
დატოვე კომენტარი