მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი გარიგების საბოლოოდ დასრულებისა და Twitter-ის 44 მილიარდ დოლარად შეძენის შემდეგ, კომპანიიდან თანამშრომლების 75%-ის დათხოვნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას კონფიდენციალურ დოკუმენტებსა და ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით The Washington Post ავრცელებს.
2006 წელს, სან-ფრანცისკოში დაფუძნებული სოციალური პლატფორმა ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 7,500 თანამშრომელს ასაქმებს, შესაბამისად, მასკის გეგმის განხორციელების შემთხვევაში, სამსახურის დატოვება დაახლოებით 5,600 თანამშრომელს მოუწევს.
მსოფლიოს მასშტაბით მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისა და კორპორაციული შემოსავლების შემცირების ფონზე, თანამშრომლების რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება სხვა კომპანიებმაც მიიღეს, მათ შორისაა: Amazon-ი, Microsoft-ი და Meta, თუმცა მასკის გეგმა Twitter-თან მიმართებით მასშტაბების გათვალისწინებით ნამდვილად ექსტრემალურია, რადგან სტაფის 75%-ის დათხოვნა აჩენს იმის რეალურ რისკს, რომ Twitter-მა გამართულად ოპერირება ვეღარ შეძლოს.
ექსპერტების შეფასებით, ერთი შეხედვით, მასკის სტრატეგია კონტრპროდუქტიულია და საკმაოდ რთული დასაჯერებელია, რომ მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ მეწარმეს მხოლოდ ხარჯების შემცირება სურდეს, სავარაუდოდ, ის Twitter-ის გუნდის ჩანაცვლებას საკუთარი კადრებით შეეცდება, რომელიც მას Tesla-ს, SpaceX-ის, Boring Company-ისა და Neuralink-ის წყალობით მრავლად ჰყავს.
აგრეთვე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მასკს Twitter-ის ალგორითმის შეცვლა და სოციალური ქსელის მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა სურს, გარდა ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ის სუპერ აპლიკაციის „X-ის“ შექმნასაც გეგმავს, რომელიც Twitter-ის მომხმარებელთა ბაზაზე უნდა დაშენდეს, შესაბამისად, Twitter-ის ჩამოშლა და მომხმარებლების დაკარგვა მის ინტერესებში არ შედის.
ვრცლად მასკის გეგმების შესახებ წაიკითხეთ აქ: რეალურად რატომ ყიდულობს ილონ მასკი Twitter-ს და რა ამბიციური გეგმები აქვს მას?
დატოვე კომენტარი