მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი კომპანია Twitter-ის შეძენაზე უარს აცხადებს.
მასკის წარმომადგენლობის განმარტებით, $44-მილიარდიანი გარიგების ჩაშლის მიზეზი Twitter-ის გუნდის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევა და არასაკმარისი ინფორმაციის მოწოდებაა.
Twitter-ის მხარე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ გარიგების განზრახ ჩაშლის გამო, საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს და Tesla-ს ხელმძღვანელი მორიგი სასამართლო დავის წინაშე აღმოჩნდება. სავარაუდოდ, შეთანხმების პირობების დარღვევის გამო, ილონ მასკს $1 მილიარდის მოცულობის ჯარიმა დაეკისრება.
შეთანხმების სათუობის საკითხი მსოფლიოსათვის ჯერ კიდევ ორი თვის წინ გახდა ცნობილი, როდესაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ შეთავაზება ძალაში იქამდე არ შევიდოდა, სანამ Twitter-ის წარმომადგენლობა არ წარმოადგენდა მომხმარებლების რაოდენობასთან დაკავშირებით სრულ მონაცემებს და არ განმარტავდა მათ შორის არაავთენტური მომხმარებლების საერთო წილის გამოთვლის მეთოდოლოგიას.
მასკის მტკიცებით, Twitter-ის მიერ წარმოდგენილი მონაცემები არ შეესაბამება სიმართლეს და სოციალურ ქსელში ე.წ. ტროლებისა და ბოტების რაოდენობა 5%-ზე გაცილებით მეტია – ზუსტი მონაცემების დადგენამდე კი მილიარდერი კომპანიას არ იყიდის.
გასულ თვეს კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ჩართვისას მასკმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკითხის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ Twitter-ის მიერ მონაცემების წარმოდგენამდე შეთანხმების წარმატებით დასრულებაზე საუბარი ზედმეტი იყო.
დატოვე კომენტარი