კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ილონ მასკმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და Tesla-ს საინჟინრო შტაბ-ბინის „სილიკონ ველიში“ გადატანა დააანონსა. სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, რაც მილიარდერმა ელექტრომობილების მწარმოებლის შტაბ-ბინა ტეხასში გადაიტანა, რამდენიმე თვის წინ კი Twitter-ი შეიძინა.
Tesla-ს ახალი საინჟინრო შტაბი Hewlett Packard-ის ყოფილ სათავო ოფისში, პალო-ალტოში (კალიფორნია) განთავსდება. თუმცა გეგმის განხორციელების კონკრეტული თარიღი მასკს ჯერ არ დაუსახელებია. Tesla-ს კვლავ კალიფორნიულ კომპანიად ყოფნას კი ნიუსომმა „საამაყო საკითხი“ უწოდა და სიხარულით აღნიშნა ის ფაქტიც, რომ სათავო ოფისის გარდა, კალიფორნიაში, კერძოდ ქალაქ ფრემონტში ელექტრომობილების კომპანიის საწარმოო ქარხანაც მდებარეობს.
ილონ მასკმა ელექტრომწარმოებლის კორპორაციული შტაბ-ბინა „სილიკონ ველიდან“, სადაც ის 2003 წელს დაარსდა, ოსტინის მახლობლად მდებარე ტეხასის გიგაქარხანაში 2021 წელს გადაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით, ტეხასის გიგაქარხანა SpaceX-ის ე.წ. Starbase-ის გამშვებ ადგილთან უფრო ახლოს აღმოჩნდა – მასკის ავიაკოსმოსურ კომპანიასთან, რომლის შტაბ-ბინაც ლოს-ანჯელესის მიმდებარედაა განლაგებული.
Tesla-ს აქციების ფასი, რომელიც ბოლო პერიოდში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, ოთხშაბათის მონაცემებით, 1.63%-ით, $200.58-მდე გაიზარდა. Forbes-ის შეფასებით, ილონ მასკის ქონება ამჟამად $192.1 მილიარდს უტოლდება, რაც მას პლანეტის მეორე უმდიდრეს ადამიანად აქცევს. მილიარდერს რეიტინგში მხოლოდ ფრანგი ბიზნესმენი, LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორი ბერნარ არნო უსწრებს.
დატოვე კომენტარი