მილიარდერი მეწარმის, ილონ მასკის, განცხადებით, Starlink-ის სატელიტური ინტერნეტისადმი დაინტერესება იმდენად სწრაფად იზრდება, რომ, მისი პროგნოზით, კომპანიას ინვესტირებისათვის 20-დან 30 მლრდ აშშ დოლარამდე დასჭირდება. ზედმეტი დეტალების გამჟღავნების გარეშე, მასკმა აღნიშნა, რომ კომპანიას უკვე ჰყავს ორი შესაძლო პარტნიორი ქვეყნის მთავარი სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიიდან, რომლებიც მას მეხუთე თაობის ინტერნეტის გავრცელებაში დაეხმარებიან.
ელექტრომობილების მწარმოებელი „ტესლას“ აღმასრულებელმა დირექტორმა და კოსმოსური ხომალდების კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა დასძინა, რომ პირველ ეტაპზე, კომპანიის მიერ სრულად პოზიტიური შედეგების მიღებამდე, ინვესტირებისათვის მხოლოდ 5-დან 10 მლრდ აშშ დოლარამდე თანხაა საჭირო.
Starlink-ი უახლოეს მომავალში გეგმავს, რომ საკუთარი ქსელური დაფარვით მთელი მსოფლიო მოიცვას ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების გარდა. ამჟამად კომპანიას 1500-მდე სატელიტი აქვს მიმოფანტული მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და მისი სერვისით 69 000-მდე ადამიანი სარგებლობს. მასკის პროგნოზით კი Starlink-ის ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი მომდევნო 12 თვის განმავლობაში ნახევარ მილიონამდე გაიზრდება.
სფეროს ანალიტიკოსებისათვის კომპანიის წარმატებაში დაეჭვების მთავარი საბაბი მისი მომსახურების ღირებულებაა. Starlink-ს რამდენიმე მილიონი მომხმარებელი სჭირდება, რათა ყოველთვიური 99$-იანი გადასახადის შემთხვევაში მთელი წლის განმავლობაში 5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის შეგროვება შეძლოს. შესაბამისად, ჩნდება კითხვები, თუ რამდენად წარმატებული ბიზნესმოდელია აღნიშნული წამოწყება.
ილონ მასკი ჯერჯერობით პარტნიორების დასახელებისაგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ მოლაპარაკებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს.
დატოვე კომენტარი