Tesla-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ონლაინ სასწავლო პლატფორმა Khan Academy-ის $5 მილიონის ოდენობის თანხა გადასცა. Khan Academy-ის დამფუძნებელმა სალმან ხანმა YouTube-ის ვიდეოპოსტში მადლობა გადაუხადა მასკს დონაციისთვის.
“ეს თანხა ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს დავაჩქაროთ ყველა სახის კონტენტის განვითარება, ჩვენი მისწრაფებები არის ყველა საგნის მიმართ ყველასთვის – ადრეული ასაკის ბავშვებით დაწყებული კოლეჯის სტუდენტებით დამთავრებული. ეს განავითარებს ჩვენს სამეცნიერო კონტენტს, მოგვცემს შესძლებლობას უფრო მეტი გავაკეთოთ ადრეული განათლების კუთხით და უზრუნველვყოთ პროგრამული მხარდაჭერა“, – განაცხადა ონლაინ სასწავლო პლატფორმის ხელმძღვანელმა სალმან ხანმა.
დონაცია მასკის ფონდმა განახორციელა, რომელიც 2002 წელს დაარსდა და რომელიც მხარს უჭერს განახლებადი ენერგიის მიმართულებით კვლევებს, კოსმოსურ კვლევებს, პედიატრიას, მეცნიერებას და ინჟინერიას.
Khan Academy არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანსაც უფასო, მაღალი დონის განათლების უზრუნველყოფა წარმოადგენს ყველასთვის და ყველგან. მსოფლიოს მასშტაბით ყველას შეუძლია Khan Academy-ის ვიდეოგაკვეთილების გამოყენება, რომლებიც 36 ენაზეა ნათარგმნი. Khan Academy მოიცავს რესურსებს – ვიდეოებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, პერსონალიზებულ სასწავლო პანელებს, მას იყენებენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები და მშობლები.
Khan Academy-ის მნიშვნელობა და როლი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მსოფლიო პანდემიამ მოიცვა, სკოლები კი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.
ამ დროისთვის, Khan Academy-ის 120 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. პლატფორმას 30 მილიონამდე სტუდენტი იყენებს ყოველთვიურად.
დატოვე კომენტარი