მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მიერ კომპანია Twitter-ის 100%-იანი წილის $44 მილიარდად შეძენის შეთანხმება ჩაშლის პირასაა. ინფორმაციას ამის შესახებ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით Washington Post ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკების პროცესი შეფერხებულია, მასკის გუნდმა კი Twitter-ის წარმომადგენლობასთან გარკვეულ საკითხებთან მიმართებით კომუნიკაცია შეწყვიტა, რაც აჩენს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ორ მხარეს შორის შეთანხმება არ შედგება.
შეთანხმების სათუობის საკითხი მსოფლიოსათვის ჯერ კიდევ ორი თვის წინ გახდა ცნობილი, როდესაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ შეთავაზება ძალაში იქამდე არ შევიდოდა, სანამ Twitter-ის გუნდი არ წარმოადგენდა მომხმარებლების რაოდენობასთან დაკავშირებით სრულ მონაცემებს და არ განმარტავდა მათ შორის არაავთენტური მომხმარებლების საერთო წილის გამოთვლის მეთოდოლოგიას.
მასკის მტკიცებით, Twitter-ის მიერ წარმოდგენილი მონაცემები არ შეესაბამება სიმართლეს და სოციალურ ქსელში ე.წ. ტროლებისა და ბოტების რაოდენობა 5%-ზე გაცილებით მეტია – ზუსტი მონაცემების დადგენამდე კი მილიარდერი კომპანიას არ იყიდის.
გასულ თვეს კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ჩართვისას მასკმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკითხის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ Twitter-ის მიერ მონაცემების წარმოდგენამდე შეთანხმების წარმატებით დასრულებაზე საუბარი ზედმეტი იყო.
გარიგებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ილონ მასკს $1 მილიარდის მოცულობის ჯარიმის გადახდა მოუწევს, გარდა ამისა, სავარაუდოა, რომ ის მორიგი სასამართლო დავის წინაშეც აღმოჩნდება.
დატოვე კომენტარი