მიმდინარე წელს, მსოფლიოს უმდიდრესი ორმოცდაათი ადამიანის ქონების ჯამური ღირებულება ნახევარი ტრილიონი ამერიკული დოლარით შემცირდა, – ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს. მილიარდერებს შორის ყველაზე მეტად ილონ მასკმა და ჯეფ ბეზოსმა იზარალეს – ჯამურად, მათ $124 მილიარდი დაკარგეს.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონების ღირებულების შემცირების მთავარი მიზეზი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საფონდო ბირჟებზე დაფიქსირებული ტურბულენტობაა, რომლის შედეგად საჯარო კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია საგრძნობლად შემცირდა. მაღალი ინფლაციითა და მზარდი რეფინანსირების განაკვეთის ფონზე, საფონდო ბირჟების წლევანდელი სტარტი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდია. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ S&P 500-ის ინდექსი ზედიზედ შვიდი კვირის განმავლობაში უარყოფით შედეგს აფიქსირებს, რაც 2001 წლის მარტის შემდეგ არ დაფიქსირებულა. მსგავსი ვითარებაა Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზეც, რომელმაც 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე ცუდი თვიური მაჩვენებელი დააფიქსირა.
2022 წლის 20 მაისის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ჯეფ ბეზოსის ქონების ღირებულება $59.3 მილიარდით შემცირდა, რაც უმეტესწილად, Amazon-ის აქციების ფასის 35%-იანი შემცირებითაა განპირობებული. საინტერესოა, რომ ამ პარამეტრით Amazon-მა Nasdaq-საც გადაასწრო, რომელმაც ანალოგიურ პერიოდში 27%-იანი კლება დააფიქსირა.
დღევანდელი მონაცემებით, ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში რიგით მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანია – მას ფრანგმა ბერნარ არნომ გადაასწრო, რომლის ქონების ღირებულება $157.7 მილიარდს უდრის. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან არნომაც იზარალა – 31 დეკემბრის შემდეგ, მისი ქონება $57.2 მილიარდით შემცირდა.
როგორც უკვე აღინიშნა, მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა ილონ მასკიც, რომლის ქონების ღირებულება წლის დასაწყისიდან $64.3 მილიარდით შემცირდა. საყურადღებოა, რომ ამ დანაკარგის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი Tesla-ს აქციების ფასის 37%-იანი კლებაა, მსგავსი შედეგი ძირითადად გასულ თვეში მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც $300 მილიარდს გადააჭარბა. თუმცა, ბოლო პერიოდში მისი ქონების ღირებულების მკვეთრი შემცირების მიუხედავად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის წოდებას ის დღემდე ინარჩუნებს.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული პრობლემების მიუხედავად, ჯეფ ბეზოსიც და ილონ მასკიც იმაზე გაცილებით უფრო მდიდრები არიან, ვიდრე 2020 წლის მარტში, პანდემიის დაწყებამდე იყვნენ – ამის შემდეგ, მათი ქონების ღირებულება $203 მილიარდითაა გაზრდილი.
დატოვე კომენტარი