საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0% შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდა. ამ შემცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იანვარში 11.5%-იანი ვარდნა იყო. თებერვალში კი ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა.
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მარტში ეკონომიკური ზრდის შეფასებისას აღნიშნა, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.
„რეალურად პირველი შემთხვევაა პანდემიის დაწყების შემდგომ, როცა დადებითი დინამიკა ფიქსირდება ეკონომიკურ ზრდაში. ზრდა ასევე გამოიხატა დღგ-ის გადამხდელთა ბრუნვების ზრდაში, რომელმაც 20%-ს გადააჭარბა მიმდინარე თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა გრძელდება ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, საშულებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაწყებულია. ვფიქრობ, რომ ეს უკვე არაერთჯერადი, შეუქცევადი პროცესია“,- განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამმუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.
დატოვე კომენტარი