IMF გლობალური ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პლატფორმის შექმნაზე მუშაობს

IMF გლობალური ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პლატფორმის შექმნაზე მუშაობს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, კრისტალინა გეორგიევას მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ქვეყნებს შორის ტრანზაქციების გასამარტივებლად გლობალური ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პლატფორმის შექმნაზე მუშაობს.

მაროკოში, რაბათში გამართულ კონფერენციაზე გეორგიევამ განმარტა, რომ უფრო ეფექტიანი და სამართლიანი ტრანზაქციების განსახორციელებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდს ქვეყნების დამაკავშირებელი პლატფორმა სჭირდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის სურვილია, რომ ცენტრალური ბანკები ციფრული ვალუტების ერთობლივ მარეგულირებელ ჩარჩოზე შეთანხმდნენ. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელის განმარტებით, საერთო პლატფორმის ჩამოყალიბებაზე შეუთანხმებლობა გააჩენს ვაკუუმს, რომელსაც, დიდი ალბათობით, კრიპტოვალუტები შეავსებენ.

ციფრული ვალუტა ცენტრალიზებული აქტივია, რომელსაც ცენტრალური ბანკები აკონტროლებენ. კრიპტოვალუტა კი დეცენტრალიზებული აქტივი გახლავთ. ციფრული ვალუტების შექმნაზე მსოფლიოს 114 ცენტრალური ბანკი უკვე მუშაობს. კრისტალინა გეორგიევას განცხადებით კი, მათგან 10 უფრო ფინალურ ეტაპზე იმყოფება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის შეფასებით, ციფრული ვალუტების პლატფორმების მხოლოდ ადგილობრივი დანიშნულებით გამოყენება არაეფექტიანი იქნება. მათი გამოყენებით კი საერთაშორისო გადარიცხვები და ტრანზაქციები საგრძნობლად გაიაფდება. ამჟამად საერთაშორისო გადარიცხვის საშუალო დანახარჯი 6.3%-ს შეადგენს, ყოველწლიურად მხოლოდ ტრანზაქციული დანახარჯები კი – $44 მილიარდს.