საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყანაში ფისკალური რისკების გამომწვევ მიზეზებს ასახელებს. ფონდის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ფრანსუა პეშო ამბობს, რომ ფისკალური რისკების ზრდის წყარო შესაძლოა გახდეს, ე.წ. PPP პროექტები (საჯარო-კერძო პარტნიორობით განხორციელებული პროექტები). ასევე რისკის გამომწვევ წყაროდ სახელდება საპარტნიორო ფონდიც.
“2014 წლის შემდეგ სახელმწიფო ვალი იზრდება და მან საქართველოში მშპ-ს დაახლოებით 45% შეადგინა. ჩვენ ვზრუნავთ ფისკალურ კონსოლიდაციაზე და ფისკალური რისკის შემცირებაზე. ეს ნიშნავს საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივად შემცირებას, ასევე სხვა ფისკალური რისკების შემცირებას, მათ შორის ერთ-ერთია PPP პროექტები – ფსკალური რისკის ერთ-ერთი წყარო სწორედ PPP პროექტებია. ამიტომ საჭიროა, მსგავს პროექტებზე გარკვეული სახელმძღვანელო გქონდეთ, – მთავრობამ უნდა იცოდეს, როდის და რატომ უნდა გაიზიაროს კერძო სექტორის რისკი, ასევე თუ როგორ უნდა დათვალოს ეს რისკი. საპარტნიორო ფონდი ასევე შეგვიძლია დავინახოთ როგორც ფისკალური რისკის ერთ-ერთი წყარო. ამიტომ გვსურს მისი ლიმიტირება, მას შეუძლია სესხის გაცემა, ამავდროულად კი საჯარო კომპანიაა“, – ამბობს ფრანსუა პეშო.
შეგახსენებთ, რომ საჯარო-კერძო პარტნიორობით შექმნილი პროექტების შესახებ კანონმდებლობაზე მუშაობა მთავრობამ უკვე დაიწყო. მსგავსი პროექტები საქართველოში სავალუტო ფონდი წინა პროგრამის შეჩერების ერთ-ერთ მიზეზად სახელდებოდა. სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა კი ზღუდავს საპარტნიორო ფონდის ახალ სესხებს დაგარკვეულ ჭერს/ზღვარს უწესებს მის ფულად დეფიციტს.
დატოვე კომენტარი