IMF-ის პროგნოზი: 2021 წლის ბოლოს სურსათის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება

IMF-ის პროგნოზი: 2021 წლის ბოლოს სურსათის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება

უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით სურსათის ფასების ზომიერი ზრდა შეიმჩნევა. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია ფასების საყურადღებო ზრდა.

აღსანიშნავია, რომ საკვების ფასის გლობალური ზრდა პანდემიამდე დაიწყო, რაც  მთელი რიგი პროცესებით იყო გამოწვეული. კერძოდ კი, 2018 წელს ჩინეთში გავრცელებულმა აფრიკულმა „ღორის გრიპმა“ საქონლის დიდი ნაწილი გაანადგურა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი  ღორის ხორცის მსოფლიო მარაგის 50%-ზეა პასუხისმგებელი, გრიპის გავრცელების შედეგად მთელ რიგ ქვეყნებში გაიზარდა ფასი ცხოველურ პროტეინზე. შემდგომში ფასების ზრდა განაპირობა აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებულმა სავაჭრო ომმა.

პანდემიის დასაწყისში საკვები პროდუქტების მიწოდების პრობლემებმა და კვების სერვისებიდან სასურსათო ვაჭრობაზე გადასვლამ ფასების ზრდა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი წინა წლების მონაცემებთან მიახლოებულია. მწარმოებელთათვის კი ფასები მკვეთრადაა გაზრდილი, რაც 6-12 თვეში სამომხმარებლო სასურსათო ფასებზეც აისახება. შესაბამისად, ამ წლის ბოლოსა და 2022 წელს მოსალოდნელია სასურსათო ფასების ინფლაციის მნიშვნელოვანი ზრდა.

ფასების ზრდას ასევე ხელი შეუწყო ისეთ მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებში, როგორიცაა არგენტინა, ბრაზილია, უკრაინა, რუსეთი და აშშ,  ამინდის ცვლილების შედეგად გამოწვეულმა პროდუქტების დეფიციტმა. ამას გარდა, მომწოდებელთა ფასების ზრდის გამომწვევ ფაქტორებს შორისაა გაზრდილი მოთხოვნა ბიოსაწვავზე, სავაჭრო ბარიერები და პანდემიის დასაწყისში საკვები მარაგის ამოწურვის შიშები. ამავდროულად, საზღვაო გადაზიდვებისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა მეტად დააჩქარებს სასურსათო ფასების ზრდის ტემპს.

IMF-ის პროგნოზის მიხედვით, ამ ცვლილებების შედეგად 2021 წლის ბოლოსთვის სასურსათო ფასის ინფლაცია 3.2%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი – 1.75%-ით. აღსანიშნავია, რომ ინფლაცია განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე მეტი სიმძაფრით აისახება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *