საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2019 წელს საქართველოში ეკონომიკის 4.6%-ით ზრდას პროგნოზირებს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, 0.2%-ით შემცირებული მაჩვებენელია.
ფონდი აღნიშნავს, რომ 2018 წლის ბოლოს დაფიქსირებული ადგილობრივი მოთხოვნის შენელება თითქმის მთლიანად დაბალანსდა ექსპორტის და ტურიზმის ზრდით. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა 8%-მდე.
ამასთან, IMF დადებითად აფასებს, საგარეო ბუფერების ზრდისკენ მიმართული ეროვნული ბანკის ქმედებებს, რომელიც დაკავშირებულია უცხოური ვალუტის შესყიდვასთან.
„ფისკალური დეფიციტი გაუმჯობესდა და მშპ-ს 2.5 პროცენტი შეადგინა, თუმცა, ხარჯის დიდი ნაწილი 2018 წლის ბოლოს იქნა გაწეული, რამაც წინა თვეებში ხარჯვის ჩამორჩენა დააბალანსა“, – აღნიშნავს IMF.
ამასთან, ფონდის მისიის მიმოხილვაში ვკითხულობთ: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკის მიერ ბოლოხანს გატარებული საზედამხედველო ღონისძიებები შეესაბამება ეროვნული ბანკის ვალდებულებას განამტკიცოს ფინანსური სექტორის სტაბილურობა“.
IMF აღნიშნავს, რომ მაღალი ხარჯები ინფრასტრუქტურაზე (2018 წლის ბოლოს გაწეული ხარჯების ჩათვლით) დააბალანსებს ნაკლებ პოზიტიური საგარეო გარემოს და კრედიტის დაბალი ზრდის გავლენას ეკონომიკაზე. თუმცა, ინფრასტრუქტურული ხარჯვის მატების პარალელურად უნდა გაუმჯობესდეს პროექტების შერჩევის და მართვის პრაქტიკა.
ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედი დაღმავალ რისკებს შორის კი ფონდი ასახელებს სავაჭრო პარტნიორების დაბალ ზრდას, საერთაშორისო სავაჭრო დაძაბულობასა და კრედიტის ზრდის მოსალოდნელზე მეტად შენელებას.
დატოვე კომენტარი