საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დღეს საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორის შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა. დოკუმენტი 2019 წელს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და მიკროსაფინანსო სექტორთან გამართული შეხვედრების შინაარსს და ქვეყანაში მისო-ების რეგულირების მიმართულებით არსებულ ვითარებას ასახავს. ამასთან, IMF-ი მიუთითებს, რომ საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი საერთაშორისო ინვესტორთა მხრიდან ნაკლები ინტერესით გამოირჩევა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ მხრივ ინვესტორები უფრო მეტად სამხრეთ აზიის ქვეყნების მიკროსაფინანსო ბაზრით ინტერესდებიან.
“მიკროსაფინანსო სექტორის დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ამჟამად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსს ატარებენ, უფრო მეტად საფინანსო კომპანიებად შეიძლება შეფასდნენ. ეს ორგანიზაციები გასცემენ სამომხმარებლო, ბიზნეს და იპოთეკურ სესხებს, ასევე არიან დაკავებული ფულადი გზავნილების ოპერაციების შესრულებითა და ვალუტის გადაცვლით. თავად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაფინანსების წყარო კომერციული ბანკებისგან მოზიდული სესხები, ასევე დამფუძნებელთა ინვესტიციები და დეპოზიტის მსგავსი ფინანსური ინსტრუმენტებია, რომლებსაც ისინი მომხმარებლებს სთავაზობენ. საერთაშორისო ინვესტორები ქართულ მიკროსაფინანსო სექტორში ნაკლებად არიან ჩართული, ისინი უფრო მეტად სამხრეთ აზიის ბაზრით ინტერესდებიან, რადგან იქ უფრო მაღალი ამონაგების მიღების შესაძლებლობას ხედავენ,”- ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში.
ამასთანავე IMF-ის ანგარიშში საუბარია თავად მისო-ების მიერ ფონდისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე. ისინი აღნიშნავენ, რომ საპროცენტო განაკვეთებზე დაწესებული 50%-იანი ჭერის პირობებში მათ უჭირთ მომგებიანობის მაჩვენებლის შენარჩუნება.
“წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთების ჭერი ქვეყანაში 50%-ზე არის განსაზღვრული. საპროცენტო განაკვეთის ჭერი მტაცებლური სესხებისგან მომხმარებელთა დაცვისთვის 100%-დან 50%-მდე შემცირდა. მიკროსაფინანსო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს ჭერი არის ძალიან დაბლა და უნდა მოხდეს მისი შეცვლა, რათა მიკროსაფინანსო სექტორი მდგრად დონეზე დარჩეს. როგორც ჩანს, ცალკეული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბიზნეს მოდელი ეფუძნებოდა სესხების გაცემას მომხმარებელთა შემოსავლების დადასტურების გარეშე, რაც თავისმხრივ ზრდიდა საკრედიტო დანაკარგების ალბათობას, ამგვარი პრაქტიკა კი რისკების გამო მაღალ საპროცენტო განაკვეთს საჭიროებდა. მეორე მხრივ, მისო-ები მიუთითებენ, რომ საპროცენტო განაკვეთების არსებული ჭერის ფარგლებში მათ რჩებათ სივრცე იმისთვის, რათა განაგრძონ საქმიანობა,”- ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში.
მისო-ების რაოდენობა ამჟამად 40-ს შეადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბაზარი 20-მდე მოთამაშემ დატოვა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ივნისის მდგომარეობით, მისო-ების ჯამური აქტივების ღირებულება 1.3 მილიარდი ლარი იყო.
2020 წლის პირველ 6 თვეში სექტორის ჯამურმა ზარალმა 29 მილიონი ლარი შეადგინა. მიკროსაფინანსო ბაზარი წმინდა მოგების პიკურ მაჩვენებელზე 2016 წელს გავიდა და ის 151.8 მილიონ ლარს შეადგენდა, 2017 წლიდან კი მოგებიანობის ჯამური მაჩვენებელი ყოველწლიურად დაღმავალია.
ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, მისო-ების საკრედიტო პორტფელის მოცულობა 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს, აქედან ყველაზე მეტი თანხა – 446 მილიონი ლარი სალომბარდე სესხებზე მოდის. მეორე ადგილზე 262 მილიონით სამომხმარებლო სესხებია, 200 მილიონით კი მესამე ადგილზე ვაჭრობის ფინანსირებისთვის გამოყოფილი სესხებია, რომელთაც უმეტესად მცირე მეწარმეები იღებენ.
კონსოლიდირებული ფინანსური შედეგებიდან ჩანს, რომ მკვეთრად არის შემცირებული “ონლაინ სესხების” ბაზარი და მისი პორტფელი მხოლოდ 16.4 მილიონ ლარს შეადგენს. ერთი წლის წინ ამ სესხების პორტფელის მოცულობა 66 მილიონ ლარს შეადგენდა.
დატოვე კომენტარი