IMF საქართველოს იმ 5 ქვეყანას შორის ასახელებს, რომლებმაც საუკეთესო საგადასახადო რეფორმა გაატარა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში ერთ-ერთი პრობლემა სწორედ გადასახადების მობილიზება იყო. ამ პერიოდში, კორუფციის გამო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დაბალი იყო პენსიები და საჯარო უწყებებში დასაქმებული პირების ხელფასები, მთავრობას არ შეეძლო მათი დაფარვა.
IMF აღნიშნავს, რომ ამ კუთხით რეფორმების გატარება ქვეყანაში 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო. წარმატებულ ნაბიჯად აფასებს სავალუტო ფონდი გადასახადების მობილიზების ელექტრონული სისტემის წარდგენას და გადასახადების რაოდენობს შემცირებას.
“ტექნოლოგიამ ერთის მხრივ გაზარდა გადასახადების მობილიზების ეფექტურობა, მეორეს მხრივ კი შეამცირა შესაძლო კორუფციის რისკები. ამასთან, ქვეყანამ შეამცირა ბიზნესის დასაწყებად მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა, რამაც მას მეტი გადასახადის მიღების შესაძლებლობა მისცა”, – წერს IMF და აღნიშნავს, რომ რეფორმების შედეგად, 2008 წლისთვის მშპ-ში გადასახადების წილი გაორმაგდა.
სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ კორუფციასთან ბრძოლის ღონისძიებები შესაძლებლობებს უხსნის კერძო კომპანიებსაც. მაგალითად IMF-ს საქართველოსა და Bitfury ჯგუფს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოჰყავს, რომლის შედეგადაც, მიწის რეგისტრაცია ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში ხდება. სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ბლოკჩეინში განთავსებული ინფორმაციის მოპარვა ან შეცვლა შეუძლებელია.
დატოვე კომენტარი