IMF-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხადრაჭერილი საქართველოს სამწლიანი პროგრამის მეორე მიმოხილვა. ეს პროგრამა 2017 წლის 12 აპრილს დაიწყო და მთლიანობაში 210.4 მილიონი სპეციალური ნასესხობის უფლების (SDR-ის) (დაახლოებით 285 მილიონი აშშ დოლარის, საქართველოს ქვოტის 100%-ის) გადმორიცხვას ითვალისწინებს ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად.
სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიმოხილვის წარმატებით დამტკიცება საქართველოსთვის ხელმისაწვდომს ხდის 30 მილიონ ‘სპეციალური ნასესხობის უფლებას’ (SDR), რაც 42.25 მილიონი აშშ დოლარის ტოლია. პროგრამით გათვალისწინებული დანარჩენი ჩამორიცხვები განხორციელდება შემდეგი ოთხი მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რომელიც წელიწადში ორჯერ ჩატარდება.
სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომის დასასრულს, ბატონმა ტაო ჟანგმა, სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილემ და სხდომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა შემდეგი:
“საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სსფ-ს პროგრამის ფარგლებში. დეკემბრის ბოლოსთვის პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი შესრულდა, ამასთან, მათი უმეტესობა გადაჭარბებით. ასევე შესრულდა სტრუქტურული ორიენტირების უმეტესი ნაწილი.
ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო, ინფლაციამ დაიკლო, ფისკალური და საგარეო ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესდა, სახელმწიფო ვალი მცირდება. მნიშვნელოვანი პროგრესია სტრუქტურული რეფორმების გატარების თვალსაზრისითაც. საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის მქონე შესაძლო რისკები დაბალანსებულია, თუმცა, საქართველო კვლავაც მოწყვლადია საგარეო შოკების მიმართ, მათ შორის ძირითად სავაჭრო პარტნიორ ბაზრებში მიმდინარე პროცესების მიმართ. გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელება კრიტიკულია იმისათვის, რომ დაიძლიოს დარჩენილი ხარვეზები და მირწეულ იქნას უფრო მაღალი და ინკლუზიური ზრდა.
ფისკალური პოლიტიკა 2018-შიც მცირედ შემზღუდავი იქნება. მიმდინარე ხარჯების კონტროლით და მაღალი ეკონომიკური აქტივობით განპირობებული შემოსავლები მიმართული იქნება დღგ-ს ანაზღაურებაზე, კაპიტალური ხარჯების ზრდაზე და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაზე. რეფორმები გაგრძელდება საგადასახადო ადმინისტრაციის გაძლიერების კუთხით, ფისკალური რისკების მონიტორინგის და შეზღუდვის მიზნით და ფისკალური წესის გასაუმჯობესებლად.
მონეტარული პოლიტიკა ვითარების შესაბამისია. ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმი, მცურავ გაცვლით კურსთან ერთად ფრიად გამოადგა საქართველოს. არსებული რეჟიმი კიდევ უნდა გაძლიერდეს. ცენტრალურმა ბანკმა უნდა გააგრძელოს დაკვირვება ფასებზე, ხელფასებზე, მონეტარულ და ფინანსურ პარამეტრებზე და კვლავაც უზრუნველყოს შესაბამისი მონეტარული პოზიცია.
პროგრამის ფარგლებში გატარებულმა ფინანსური სექტორის რეფორმამ გააძლიერა სექტორის ზედამხედველობა და რეგულირება. კრიზისის მართვის ჩარჩო უნდა მოერგოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. დაიხვეწოს სტრესის მართვის პროცედურები, შეიქმნას ბანკების რეზოლუციის ჩარჩო და სტრესის პირობებში ლიკვიდობის მიწოდების წესი.
დაწყებული ზრდის ხელშემწყობი სტრუქტურული რეფორმების გატარება უნდა აჩქარდეს, რომ კერძო სექტორი გახდეს ზრდის მამოძრავებელი ძალა საშუალოვადიან პერიოდში. რეფორმების დაჩქარება, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ზრდა, განათლებისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება მდგრადი და ინკლუზიური ზრდის წინაპირობაა”.
დატოვე კომენტარი