საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF) გადაუდებელი დაფინანსების უზრუნველყოფა სურს ქვეყნებისთვის, რომლებიც უკრაინაში ომის ფონზე, სურსათის მზარდი ფასებით ყველაზე მეტად დაზარალდნენ. დაფინანსებისთვის შესაძლო გზები აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე განიხილეს, ხოლო გეგმას, რომელიც ამ დრომდე უცნობი იყო, საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე წარადგენენ.
დაფინანსების გეგმა საშუალებას მისცემს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, დაეხმაროს უკრაინას და სხვა ქვეყნებს, რეგულარული ფონდის პროგრამისთვის აუცილებელი პირობების დაწესების გარეშე. გეგმის დამატებითი დეტალები და მოცულობა ჯერჯერობით უცნობია. ანონიმური წყაროს ცნობით, კენჭისყრა სავარაუდოდ ოქტომბერში, ფონდის ყოველწლიურ შეხვედრამდე დაინიშნება.
გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, არსებულ ლიმიტებზე დროებით ხელმისაწვდომობა გაიზრდება და ყველა წევრი ქვეყანა სავალუტო ფონდის კვოტიდან დამატებით 50%-მდე სესხის აღებას შეძლებს.სახელმწიფოები დაფინანსების მიღებას IMF-ის „სწრაფი დაფინანსების ინსტრუმენტისა“ და „სწრაფი საკრედიტო ინსტრუმენტის“ ფარგლებში შეძლებენ. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი სწორედ დაბალი შემოსავლის ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის გეგმა დამატებით დაფინანსებას უკრაინისთვისაც უზრუნველყოფს. ფონდის სპიკერის ინფორმაციით, ამ რთულ სიტუაციაში ქვეყნისთვის დახმარების აღმოსაჩენად, უკრაინელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ფონდმა მარტში, სასწრაფო ხარჯებისთვის, უკრაინას $1.4 მილიარდის მოცულობის გადაუდებელი დაფინანსება უკვე გამოუყო.
დატოვე კომენტარი