ათწლეულის უდიდესი ბუშტის დროს გვიწევს ცხოვრება. უმნიშვნელო შინაგანი ღირებულების მქონე $100 მილიარდად შეფასებული კრიპტოვალუტა გვაქვს მხედველობაში. გრძელვადიანი სისტემის აღმოცენებას უნდა ველოდოთ… მაგრამ ეს მანამდე არ მოხდება, სანამ რამდენიმე ინოვატორი და სპეკულანტი ბრიყვების ხარჯზე მილიარდებს არ იშოვის.
24 აპრილს, გიბრალტარზე, Airbnb-ით ნაქირავებ სახლში, 31 წლის მარტინ კეპელმანმა, 29 წლის შტეფან ჯორჯმა და 25 წლის მეტ ლისტონმა თავიანთი ლეპტოპები მაღალზურგიანი ხის სკამებითა და სამტოტიანი შანდლებით გარშემორტყმულ გრძელ ხის სასადილო მაგიდაზე დააწყვეს. 21-ე საუკუნის სულისკვეთების კვალობაზე ძველმოდური ატმოსფერო იყო. ტრიო ის-ისაა, Kickstarter-ის სტილის ე.წ. კრაუდსეილს ჩაუშვებდა და იმ კონცეფციას შეასხამდა ხორცს, რომელსაც ორი წელი ამუშავებდა: მომხმარებელზე დაფუძნებული წინასწარმეტყველების ბაზარი, დამყარებული მოახლოებულ „მანქანური ინტელექტის კამბრიულ აფეთქებაზე“, სახელად Gnosis-ი.
სამეულის მიზანი $12.5 მილიონის მოზიდვა იყო, მაგრამ დოლარების ნაცვლად, ფულს მხოლოდ კრიპტოვალუტით მიიღებდნენ – Ether-ში, რომელიც ორი წლის წინ არც კი არსებობდა. ეს კრაუდფანდინგის ახალი ფორმა გახლდათ, სახელად „პირველადი მონეტარული შეთავაზება“, იგივე ICO. Kickstarter-ის ტიპური პროექტისგან განსხვავებით, დამფინანსებლები საბოლოოდ დასრულებულ პროდუქტს კი არ მიიღებდნენ, არამედ Gnosis-ისთვის გადახდილი Ether-ის (ან მისი წილის) სანაცვლოდ, „ჭკვიანი კონტრაქტი“ მათ ავტომატურად გაუგზავნიდა განსხვავებული სახის ფულს, GNO-მონეტას, რომელიც ხალხს პლატფორმასთან საგანგებო წვდომით უზრუნველყოფდა და, ამასთან, ქსელში იმავე ფუნქციას შეასრულებდა, რასაც სააქციო კაპიტალი.
თეორიულად, Gnosis-ის პოპულარობის ზრდის კვალდაკვალ, GNO-მონეტებზე (ასევე ცნობილი, როგორც ჟეტონები) მოთხოვნა უნდა გაზრდილიყო და GNO-ჟეტონების მფლობელთა აქციების ფასი უნდა აეწია. დამფუძნებლებმა თავიანთი კრაუდფანდინგი ჰოლანდიურ აუქციონს დაამსგავსეს, რომელიც ე.წ. ფასების ჭერით იწყება და არა იატაკით. Gnosis-მა $12.5 მილიონი 11 წუთში მოიზიდა – უმეტესად, პროგრამულად გაერთიანებული „ჯგუფური აუქციონერებისგან“, და ამ მიზნისთვის გამოყოფილი 10 მილიონი ჟეტონის მხოლოდ 4.2% გაყიდა. საბოლოო ფასმა, $29.85-მა, მათ პროექტს (რომელიც ცოტა უფრო მეტი იყო, ვიდრე 49 ოფიციალური საინფორმაციო ფურცელი და ღია წყაროზე დაფუძნებული კომპიუტერული კოდის რამდენიმე ათასი სტრიქონი) $300 მილიონის ტოლფასი ღირებულება მიანიჭა. ორ თვეში თითო GNO-მონეტა $335-ად იყიდებოდა, ხოლო Gnosis-ის ღირებულება უეცრად $3 მილიარდი გახდა – უფრო მეტი, ვიდრე Revlon-ის, Box-ის ან Time Inc.-ის საბაზრო კაპიტალიზაციაა. ჯერ მარტო კეპელმანის წილი, თეორიულად, ახლა $1 მილიარდი ღირს. „ეს პრობლემურია“, – აღიარებს კეპელმანი და გამუდმებით ენაბორძიკობს და ხვნეშის – თითქოს უხერხულად გრძნობს თავს. Gnosis-ის ღირებულებას ყველაზე ეფექტურად შემდეგნაირად ამართლებს: უამრავი მსგავსი რამ არსებობს და გაცილებით უარესიც.
ამაზე მეტის ცოდნა 2017-ის კრიპტოვალუტის ბუშტზე ალბათ არცაა საჭირო. ამ ვირტუალური მონეტების საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო 12 თვეში 870%-ით ავარდა, $12 მილიარდიდან $100 მილიარდამდე (თუმცა ეს მაჩვენებელი ცვალებადია: ბაზრის ყოველდღიური 30%-იანი ვარდნა ან მოგება ჩვეული მოვლენა გახლავთ). ეს, მინიმუმ, ექვსჯერ უფრო მაღალი ზრდაა, ვიდრე რაც დოტ-კომ ბუშტის დროს, 1995-დან 2000 წლამდე პერიოდში, იყო. ამ ჯამური მოგების დიდი ნაწილი პირველი ციფრული აქტივიდან, Bitcoin-იდან მოდის, რომელიც კრიპტოგრაფიის, cloud-ის მეთოდოლოგიისა და თამაშის თეორიის ოსტატური ნაზავის შედეგად შეიქმნა და რომლის ღირებულება, ჯერ მარტო 2017-ში, 260%-ით გაიზარდა. Bitcoin-ის ჯამური ღირებულება დღეს $50 მილიარდს აჭარბებს, მიუხედავად საეჭვო პერსონაჟების, თაღლითობის, ქურდობისა და არაკომპეტენტურობის თანხლებით გატარებული წლებისა (მათ შორისაა Mt. Gox-ის კრახი, რამაც თან $500 მილიონი გაიყოლა) და კიდევ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მას არავითარი შინაგანი ღირებულება არ გააჩნია და არც რაიმე ნიშანწყალი თუ მინიშნება არსებობს ცენტრალურ ბანკთან ან იმასთან დაკავშირებით, რომ მიწიდან ძვირფასი ლითონის მოპოვება მოხდება.
მაგრამ რიგით მეორე დიდი მოთამაშეები უფრო სწრაფად იზრდებიან და რაღაც უფრო საინტერესოს აკეთებენ. უბრალო ვალუტისგან განსხვავებით, რაც, დიდწილად, სპეკულაციისთვის გამოიყენება, ეს ე.წ. ,,კრიპტოაქტივები“ ბიზნესსა და მონეტებს ერთმანეთში გადახლართავს. საწვავის სახელი ამ თამაშში Ethereum-ია (რომლის ვალუტასაც Ether-ი წარმოადგენს). Bitcoin-ის მსგავსად, ისიც ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზეა აგებული – უსაფრთხო, დეცენტრალიზებულ, მუდმივად განახლებად საბუღალტრო სისტემაზე. თუმცა მაშინ, როცა Bitcoin-ი საშუალებას გაძლევს, ტრანზაქციები მხოლოდ Bitcoin-ში აწარმოო, Ethereum-ის ქსელი პროგრამებსაც ითვალისწინებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Ethereum-ზე დაფუძნებულ ვალუტებს რეალური რამეების კეთება შეუძლიათ.
მოკლედ, უცებ ისე მოხდა, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ციფრული იდეა აქვს, შეუძლია, მონეტა ჩაუშვას და იდეა მისით განახორციელოს. დღეს ბაზარზე 900 სხვადასხვა კრიპტოვალუტა და კრიპტოაქტივი არსებობს და ლამის ყოველდღე ახალი შემოდის. 12 ივნისს Bancor-მა, რომელიც ახალი სარეზერვო კრიპტოვალუტის შექმნას გეგმავს, ინვესტორებს თავისი ჯამური მონეტების 50% შესთავაზა და სამი საათიც არ დასჭირდა, რომ $153 მილიონი მოეზიდა, რითაც საწყისი დაფინანსების დროს მოპოვებული თანხების მხრივ რეკორდი დაამყარა. მეორე დღესვე კრიპტოვალუტამ, სახელად IOTA, გასაყიდად Internet of Things-ის მიკროგადახდებისთვის განკუთვნილი მონეტა გაიტანა და მაშინვე $1.8-მილიარდიანი ღირებულება მოიხვეჭა. აქედან ერთი კვირის თავზე, მიმოწერის პლატფორმა Status-მა თავისი მონეტის ICO-ს მიმართა და $102 მილიონიც მოიზიდა.
ოქროს ციებ-ცხელებისას, ოქროს ქვიშისაგან გამოსაცალკევებელი საცერის გაყიდვა პრაქტიკული სვლა არის. ბოლო წელიწადში Ethereum-ის ღირებულება, სულ მცირე, 2,700%-ით, $28 მილიარდამდე ავარდა, ანუ $300-მდე – თითო მონეტისთვის. ცხადია, გზად მას უეცარი ვარდნაც ჰქონდა 10 ცენტამდე, ხოლო პიკისას თითო მონეტის ფასი $415 იყო. Bitcoin-ის ისტორიაც ზუსტად ასეთივე არამდგრადია: თითო მონეტას ხან $31-ად ყიდდა, ხან – $2-ად, ხან კი $1,200-დან $177-მდე ეცემოდა. ივლისის ბოლო მონაცემებით, ის $2,500 ღირს [სტატია ივლისში დაიწერა. ახლა ბიტკოინის ფასი $4000-ს აჭარბებს] და მოვაჭრეთა ლაშქრები ცდილობენ, გათვალონ რაღაც ისეთი, რაც ლამის უფრო ნაკლებად ექვემდებარება პროგნოზს, ვიდრე სათამაშო რულეტი.
ცხადია, ამას არ შეუჩერებია არაერთი ვებგვერდი და Facebook-ჯგუფი კრიპტოკონკურსებზე გაუთავებელი ტრაბახისაგან, მათ შორის, იმაზეც, რომ საკრედიტო ბარათის სესხით მონეტებს ყიდულობენ. არც საეჭვო დილერებს შეშლიათ ხელი, ხალხს საკუთარი პენსიის ფული, Ether-ის ან Bitcoin-ის IRA-ების მეშვეობით, მსგავს რამეებში ჩაედებინებინათ. ყოველი ახალი ICO საკუთარ თავში მორიგ შანსს გულისხმობს, არასაიმედო ბიზნესი აბსურდულ ღირებულებად იქცეს.
ამ პიონერებმა უდავოდ მიაგნეს ფულის მოზიდვისა და ქსელის ეფექტის შექმნის უკეთეს გზას. რატომ უნდა ეხვეწო სილიკონის ხეობის ვენჩურ-კაპიტალისტებს ან რატომ უნდა დაიჭირო საქმე საჯარო ბაზრების ფედერალურ რეგულატორებთან, როცა შეგიძლია, მონეტა საკუთარ იდეას მიაბა, ბირჟის მოთამაშეებს მასში ფული ახდევინო და მერე ფასიც გაუზარდო? ამ ICO-ებზე $850 მილიონზე მეტი თანხები მოზიდულა, დაწყებული Brave Software-ის დიადი „Basic Attention Token”-ით ($180 მილიონად შეფასებულმა, 24 წამში $36 მილიონი მოიზიდა იმ პირობით, რომ ციფრული რეკლამების ღრმა პრობლემათა გამოსასწორებლად ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას გამოიყენებდა), დამთავრებული უფრო მარტივი Legends Room-ით (მონეტით, რომელიც ლას-ვეგასის სტრიპტიზკლუბში მომხმარებლებს VIP-პრივილეგიებს სთავაზობს).
თუ ეს ყველაფერი გეცნობათ, მხოლოდ იმიტომ, რომ მართლაც ნაცნობი სიტუაციაა. იგივე დინამიკა იყო ინტერნეტის პირველი ბუშტის დროს: კომპანიები უფრო მეტად ბუნდოვანი კონცეფციით, ვიდრე კონკრეტული, ხელშესახები იდეებით, ე.წ. დღიური სპეკულანტები, გაშმაგებული არამდგრადობა, ჰოლანდიური აუქციონები, ჰაერიდან შექმნილი უზარმაზარი ქონებები… მაშინ ყოველივე ეს მართლაც ხდებოდა. იგივე შეიძლება, ითქვას კოლაფსზეც: 2000-ში ინტერნეტის სააქციო ბაზრიდან $1.8 ტრილიონი აორთქლდა, ჰოდა, თუ არ თვლით, რომ წინასწრმეტყველების ბაზრის კონცეფცია უმალვე $3 მილიარდი ღირს, ისტორია განმეორდება. Ether-ი, ერთი მხრივ, საშენი აგურია, მეორე მხრივ კი მომავლის დახასიათება, რომელიც გვეუბნება, რა დაემართება ამ „ღირებულების“ უმეტეს ნაწილს.
და მაინც, ჩვენ ტიტების ხანას გამოვცდით. კი, პირველი დოტ-კომ ბუშტი აბსურდული იყო, მაგრამ, ამავე დროს მან ისეთი მნიშვნელოვანი კომპანიები დაგვიტოვა, როგორიც Amazon-ი, Google-ი და eBay-ია. და კი, ბრიყვი სპეკულანტებისა და პირველად საჯარო შეთავაზებებზე დახარბებულთა მოგებები დაიმსხვრა, მაგრამ ბევრი მაშინდელი ჭკვიანი მოთამაშე გამდიდრდა, თანაც, ძალიან. ისტორია დღეს ამ მხრივაც მეორდება.
თუ გვინდა, გავიგოთ, როგორ მუშაობს კრიპტოვალუტა, ვიდეოთამაშები კარგი პარალელია. წარმოიდგინეთ, რომ ვირტუალურ სამყაროში ხართ და ამ სამყაროში ხშირად ვირტუალურ ვალუტასაც გამოიმუშავებთ, რომელიც თამაშის ფარგლებში გარკვეულ ჯილდოებში შეგიძლიათ, გადაცვალოთ – დამატებით აბჯარში, მეტ სიცოცხლეში, უკეთეს ტანსაცმელში. აქაც იმავენაირად ხდება იმ განსხვავებით, რომ კრიპტოვალუტას საფუძვლად ბლოკჩეინ-ტექნოლოგია უდევს, და აქაც (თეორიულად) შეგიძლიათ, სათამაშო ფული რეალურ რამეში გადაცვალოთ ან რეალურ საგნებსა და სერვისებზე გადაანაწილოთ იმ სისტემაში, რომელსაც ეს ვალუტა ეკუთვნის.
მეტიც, ICO-ს არაერთი დახასიათება ვიდეოთამაშის – „ბიზანტიელის“ საინსტრუქციო ბუკლეტივით იკითხება. ასე, მაგალითად, $3-მილიარდიანი პროგნოზების ბაზრის, Gnosis-ის GNO-მონეტების მფლობელებს შეუძლიათ, მეორენაირი მონეტა, WIZ-ი (ცალი $1 ღირს) შეიძინონ და ამით პლატფორმის გადასახადები გადაიხადონ. ჭკვიანურადაა მოფიქრებული ის, რომ მონეტათა გამომუშავება მათი „ჩაკეტვით“ ხდება დაახლოებით ერთ წლამდე პერიოდით, რაც Gnosis-ის ზოგადი ფასის სტაბილურობას უწყობს ხელს.
ეს გავრცელებული მოდელია. ვინაიდან ამ პლატფორმათა უმეტესობა მონეტათა რაოდენობას ზღუდავს, მზარდი მოხმარება მათზე მოთხოვნას სტიმულირებას უკეთებს, რაც, თავის მხრივ, წესით, ფასსაც ზრდის. ქსელის ეფექტი, რომელშიც სერვისი, ხალხის მიერ მისი მოხმარების ზრდის კვალდაკვალ, სულ უფრო ღირებული ხდება, Amway-ის ტიპის პირამიდული სქემების წამახალისებელთა იმიტაციას წარმოადგენს. აი, წარმოიდგინეთ, Facebook-ს რომ მონეტა ჰქონდეს და მეგობრის უბრალო დაყოლიება და მისი ქსელზე დარეგისტრირება თქვენს ქონებასა და თქვენი „მონეტის“ ღირებულებას რომ აუმჯობესებდეს.
„ჩვენ ახალი დეცენტრალიზებული ციფრული ეკონომიკის სახალხო დაფინანსებას ვახდენთ“, – ამბობს კრის ბერნისკე, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა ნიუიორკული ARK Investment Management-ი – პირველი საჯარო ფონდის მენეჯერი, რომელმაც Bitcoin-ში დააბანდა ფული. ბერნისკე ამ ახალ აქტივებს სამ კატეგორიად ყოფს. პირველი – ისეთი კრიპტოვალუტები, როგორიც Bitcoin-ია, და ისეთი მოუხელთებელი ციფრული ფული, როგორიც Monero და Zcash-ი გახლავთ. მეორე – კრიპტოპროდუქტები, დეცენტრალიზებული ციფრული ინფრასტრუქტურის სავარაუდო საშენი აგურები. Golem Network Token-ები, მაგალითად, კომპიუტერთა ქსელს იყენებს, რომლითაც კომპიუტერული სიმძლავრის იჯარით გაცემა ან გაქირავებაა შესაძლებელი ისე, რომ სანამ თქვენ გძინავთ, თქვენს კომპიუტერს შეიძლება, ანტრეპრენიორი იყენებდეს თავისი მანქანური სწავლების ალგორითმის გასავარჯიშებლად, თქვენ კი ამ დროს მონეტებს შოულობთ. ამას ემატება განსაკუთრებულად ახალი ტიპის კრიპტოპროდუქტები: მონაცემთა შენახვის დეცენტრალიზებული მონეტები, როგორიცაა Filecoin-ი, Sia ან Storj, რომლებიც კონკურენციას უწევენ Amazon Simple Storage Service-ს. მესამე კატეგორია (და ყველაზე შორეული) იმ კრიპტომონეტებს მოიცავს, რომლებიც მომხმარებელზე ორიენტირებული, დეცენტრალიზებული ქსელების გაღვივებას გვპირდება. აი, წარმოიდგინეთ, Uber-ი: მგზავრებსა და მძღოლებს (ან თვითმავალ მანქანებს) თავიანთი საზიარო ქსელის წარმართვისთვის კრიპტომონეტები რომ გამოემუშავებინათ და კრიპტომონეტებითვე რომ გადაეხადათ ერთმანეთისთვის.
ორგანიზაციები, რომლებიც ფულს ICO-ებით იზიდავენ, ყოველთვის სტარტაპები როდია. ზოგ შემთხვევაში, ისინი პროექტზე მომუშავე დეველოპერებს წარმოადგენენ და არა იურიდიულ პირებს. და მაშინაც კი, როცა ასეთი ჯგუფი კორპორაციაა, როგორიც გახლავთ, მაგალითად, მიმოწერის აპლიკაცია Kik-ი, რომელიც მონეტა Kin-ის ჩაშვებას აპირებს, ორგანიზატორები გეტყვიან, რომ კრაუდსეილი კომპანიაში წილს არ გთავაზობთ, რითაც მარჯვედ უვლიან გვერდს ფასიანი ქაღალდების რეგულაციებს.
ხოლო ხალხი, ვინც ამ ტექნოლოგიას აფინანსებს, გულუბრყვილო იდეალისტები როდი არიან. ვენჩურული კაპიტალის ერთგულ მიმდევარს, ტიმ დრეიპერს ორი კრიპტოაქტივი აქვს დაფინანსებული. Basic Attention Token-ის ბრენდან ეიხმა მანამდე Java Script-ი შექმნა და Mozilla-ს თანადამფუძნებელი იყო. ხოლო Tiger Management-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დენ მორჰედმა, ამგვარ აქტივებში სპეციალიზაციის მიზნით, Pantera Capital-ი დააარსა.
ისინი ისეთ ფირმებზე ნადირობენ, როგორიც Blockchain Capital-ია, რომელიც ბავშვობაში მსახიობმა და ვიდეოთამაშის ვირტუალური ვალუტის ანტრეპრენიორმა, ბროკ პირსმა დააფუძნა. ამ უკანასკნელმა საკუთარი კრიპტოვალუტის, BCAP-ის, ICO-ს მეშვეობით თავისი ფირმის სულ ბოლო ფონდიც კი დააფინანსა, რითაც, ერთი შეხედვით, თავისი პოტენციურად შეზღუდული პარტნიორები ჩვეული რეგულაციებისგან, მათ შორის, დაბლოკილი ინვესტიციებისგან, გაათავისუფლა. აპრილში, სულ რაღაც ექვს საათში, პირსმა $10 მილიონი მოიზიდა. მან თავიდან აირიდა რეგულაციური ინსპექცია იმით, რომ თავისი მონეტის კრაუდსეილში აშშ-ში აკრედიტებული მხოლოდ 99 ინვესტორი ჩართო, ხოლო უცხოეთიდან, სადაც უფრო რბილი რეგულაციებია – 901 ინვესტორი. თუმცა, როცა უკვე ჩაუშვა მონეტა, კაპიტალდაბანდება ყველას შეეძლო. და ასეც მოიქცნენ. ფონდის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა და ბოლო დროს $17.5 მილიონს მიაღწია.
„ჩემს ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა, – ამბობს პირსი. – უამრავი ხალხი მოდიოდა და მეკითხებოდა, შეიძლება, ეს ჩემს ინდუსტრიაში გამოვიყენოო?“
ოლაფ კარლსონ-ვი ლუთერანი პასტორების 27 წლის ვაჟია. კომპიუტერული კოდის დაწერა წესიერად არც კი იცის, არც ფინანსურ ანალიტიკაში მიუღია ფორმალური განათლება და ფულის მენეჯმენტთან აქამდე შეხება არ ჰქონია. ეს ყველაფერი მას, ცხადია, 2017 წლის კრიპტოვალუტის ბუშტის სიმბოლოდ აქცევს. კარლსონ-ვის სან-ფრანცისკოში დაფუძნებული Polychain Capital-ი აქტივთა სერიოზული ზრდის მოწმე შეიქნა: ათი თვეც არ იყო გასული, მათი ფასი $4 მილიონიდან $200 მილიონამდე ავარდა, რაც, დიდწილად, დამფუძნებლის ბუნებრივ ნიჭს უნდა მივაწეროთ კრიპტოაქტივთა სფეროში და შესაბამის ოსტატურ მანევრებს.
კარლსონ-ვისთვის ეს ყველაფერი 2011 წელს დაიწყო, როცა Vassar College-იდან საზაფხულო არდადეგებზე, მინესოტის ტბაზე იყო წასული და თვალი $20,000-იან სტუდენტურ სესხსა და ბანკში შენახულ $700-ის ტოლფას დანაზოგებს დაადგა. მართალია, მისი ორი უფროსი ძმა პოეტი გახდა, თავად, ადრეული ასაკიდანვე, მათემატიკით, თამაშებითა და წარმოსახვითი სამყაროებით იყო გატაცებული. ხოლო როცა წამლების არალეგალურ ბაზარ Silk Road-ის შესახებ წაიკითხა და გაიგო ამ საქმეში Bitcoin-ის როლი, თითქმის მთელი თავისი $700 Bitcoin-ში დააბანდა, თანაც იმ დროს, როცა აქციის ფასი $16 იყო, შემდეგ კი $2-ზე დავარდა.
ამას კარლსონ-ვის ჟინზე გავლენა არ მოუხდენია. მან თავისი სოციოლოგიის პროფესორები დაარწმუნა, რომ საბაკალავრო ნაშრომს Bitcoin-ის შესახებ გააკეთებდა. ჰოდა, ასე აიღო სოციოლოგიის დიპლომი Vassar-ში. ცოტა ხანს ხისმჭრელად იმუშავა ვაშინგტონის შტატში და კომუნასთან ერთად იურთში იცხოვრა, რის შემდეგაც, 2012 წელს, თავისი ნაშრომი კრიპტოვალუტის შემნახველ და გაცვლით კომპანიას, Coinbase-ს გადაუგზავნა და მათ პირველ თანამშრომლადაც იქცა – მომხმარებელთა სერვისის მართვა ჩააბარეს. მოითხოვა, დოლარებში ასაღები ხელფასი – $50,000 – Bitcoin-ით გადაეხადათ და, სავარაუდოდ, მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, ვინც, ლამის ექსკლუზიურად, კრიპტოვალუტას გამოიმუშავებდა და კრიპტოვალუტასვე ხარჯავდა.
მომხმარებელთა სერვისმა კარლსონ-ვის სწრაფად მზარდი კომპანიის წინა რიგებში მოუპოვა ადგილი. რაღაც მომენტში, მისი წყალობით, Coinbase-ის არაერთი რუტინული სამომხმარებლო სერვისი ავტომატიზებული გახდა; მეტიც, მან ერთგვარი Bitcoin SAT-ი შექმნა, რომელსაც სხვადასხვა თანამდებობაზე აპლიკანტთა შესარჩევად იყენებდა, და ამ გზით, რვა ადამიანი დაიქირავა (ხელფასს ყველა მათგანი Bitcoin-ში იღებდა). ამის შემდეგ, რისკების განყოფილების უფროსად დააწინაურეს და მანაც, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მეშვეობით, Coinbase-ის თაღლითობის მაჩვენებელი 75%-ით შეამცირა.
შარშან, სექტემბერში მან კომპანია დატოვა და ექსკლუზიურად კრიპტოკომპანია, Polychain Capital-ი დააფუძნა, ამ საქმის წამოსაწყებად კი $4-მილიონიანი დაფინანსება ჰქონდა ისეთი ინვესტორებისგან, როგორებიც გახლავთ Wikihow-ს დამფუძნებელი ჯეკ ჰერიკი და Y Combinator-ის ყოფილი პარტნიორი გერი ტენი. ვინაიდან ვენჩურული კაპიტალისა და ჰეჯ-ფონდების უმეტესობა თავს იკავებს კრიპტოვალუტების მსგავს მეტად სპეკულაციურ აქტივებში პირდაპირი ინვესტიციებისგან, კარლსონ-ვიმ, რომელიც Coinbase-ში გატარებულ სამზე მეტ წელს ამ სფეროში სიბრძნით აღეჭურვა, ისეთ ფირმებთან დაიწყო მუშობა, როგორიცაა Andreessen Horowitz-ი, Union Square Ventures-ი, Sequoia Capital-ი, Founders Fund-ი და Pantera Capital-ი.
შესაბამისად, მაშინ, როცა კრიპტოაქტივის მოძრაობა ბიზნესის, ცხოვრებისა და სიმდიდრის დაგროვების თითქმის ყველა ასპექტის დემოკრატიზაციას უჭერს მხარს, დოტ-კომ ბუშტის დროს ე.წ. „მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის“ განაწილებული აქციების მსგავსად, კარლსონ-ვის 13 ინვესტიციიდან უმეტესობა ICO-მდე, საგრძნობი ფასდაკლებითაა განხორციელებული.
მის ინვესტიციათა რიცხვშია ინდუსტრიის ამომავალი სტანდარტი, Ethereum-ი, და დეცენტრალიზებული სუპერკომპიუტერული სქემა Golem-ი, ისევე, როგორც წინასწარმეტყველების ბაზარი Augur-ი, რომელიც კარლსონ-ვის Gnosis-ზე მეტად მოსწონს; 0x – კრიპტოვალუტის გაცვლის პროტოკოლი, რომელიც მონეტათა დეცენტრალიზებულ ვაჭრობას გახდის შესაძლებელს; და Tezos-ი – Ethereum-ის მეტოქე. „Tezos-ის საშუალებით, შეგიძლია, კონტრაქტები ფორმალურად გადაამოწმო და ამით, პრაქტიკულად, დაამტკიცო, რომ კონტრაქტი იმას აკეთებს, რაც ევალება“, – ამბობს თავის ქალას გამოსახულებიან მაისურში, სპორტულ შარვალსა და თვლიან ბეისბოლის კეპში გამოწყობილი კარლსონ-ვი და მე-40 სართულიდან ქალაქს გადაჰყურებს.
მისი ვენჩურული მიდგომა გრძელვადიანია, ნაცვლად იმისა, მონეტებით ალალბედზე ივაჭროს, მაგრამ ბაზრის ციებ-ცხელებაში ღრმა ცოდნა და პრიორიტეტების განსაზღვრა ექსტრაორდინარულ მოგებებს მოასწავებს.
მაშ, რა მოხდება შემდეგ? კარლსონ-ვი ერთ-ერთი მცირეთაგანია, რომელსაც საკუთარი ხედვის გადმოცემა შეუძლია. მისი აზრით, პირველ რიგში, ფუძემდებელი პროტოკოლები და ინფრასტრუქტურა შეიქმნება, როგორიცაა მონაცემთა შენახვისა და კომპიუტერული სიმძლავრის სერვისები. „ჩემი ხედვით, მომავალში კომპიუტერები, ნაცვლად იმისა, ჰქონდეთ შიდა მეხსიერება, საკუთარი გამტარუნარიანობა, საკუთარი ინტერნეტკავშირი… და თქვენი პირადი კომპიუტერიც, თქვენი აპარატის CPU და GPU ციკლები… ამ ყველაფრის გარე წყაროდან მიღება მოხდება ისე, რომ თითო გამოყენებაზე მონეტებით გადავიხდით, – ამბობს ის. – შევძლებთ, ინტერნეტის ნებისმიერი პაკეტისთვის, ნებისმიერი ციკლისა და მეხსიერებისთვის რეალურ დროში გადავიხადოთ, იმის მაგივრად, რომ ეს ყველაფერი ჩვენს აპარატებზე არსებობდეს და უმეტესწილად – უსარგებლოდ“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, cloud-ის სისტემა ხვდება საზიარო ეკონომიკას, ეს უკანასკნელი კი ფედერალურ სარეზერვო სისტემას ხვდება.
შესაძლოა. მაგრამ სანამ ეს მოხდება, უამრავი ადამიანი დაზარალდება. ტექნიკურ ტერმინებში, სხვაგან თუ არა, აშშ-ში მაინც, ეს „სააქციო“ მონეტები ფასიანი ქაღალდები არ გახლავთ იმდენად, რამდენადაც ჯერჯერობით და ნაწილობრივ უტილიტარულ ფუნქციას ასრულებენ და მათი წარმატება რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე არაა დამოკიდებული. ეს ერთგვარი ტაქსის ჟეტონებია ან გოლფის კლუბის საწევრო ბარათები. ზოგმა დეველოპერმა სცადა, ამ საკითხისთვის გვერდი აევლო, ანუ საკითხისთვის, წარმოადგენს თუ არა მათი მონეტები ფასიან ქაღალდებს, და ამისათვის ოპერაციები ისეთ ადგილებში დააფუძნა, სადაც დაბალი გადასახადები და უფრო რბილი რეგულაციებია, მაგალითად, სინგაპურში, გიბრალტარსა და ცუგში (შვეიცარია).
და რა გასაკვირია, რომ შიდა ვაჭრობა და ჭუჭყიანი გარიგებები უსირცხვილოდ იკიდებს ფეხს. მონეტათა შეთავაზების ერთ-ერთმა შემქმნელმა AngelList-ის აღმასრულებელ დირექტორსა და თანადამფუძნებელს, Metastable Capital-ის ნავალ რავიკანტს უთხრა: „თუ თანახმა ხართ, ICO-ზე მონეტები იყიდოთ და ფასის შენარჩუნებას ხელი შეუწყოთ, მაშინ 30 დღეში უფრო დაბალ, წინასწარ შეთანხმებულ ფასად ყველა მორჩენილ მონეტას ჩუმად მოგყიდით, – იხსენებს რავიკანტი. Wall Street-ზე ეს სერიოზული დანაშაულია. მაგრამ კრიპტოვალუტის ველურ დასავლეთში? – ამგვარი გარიგებები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება“.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ ეს ინდუსტრია თავის ინვესტორებს დაიცავს, მაგრამ სუბსტანდარტულ კოლაფსამდე და კოლაფსის შემდეგ მისი არაკომპეტენტური ნაბიჯების ფონზე, რთული წარმოსადგენია, მან რომ ფუნქციონალური ვალუტის სამყაროს ეფექტიანი რეგულირება შეძლოს. „წყაროს კოდის წაკითხვის უნარები თუ არ გაქვს, თაღლითური სქემები მეტად კომპლექსური ხასიათის და ძნელად აღმოსაჩენია“, – დასძენს რავიკანტი.
და იმ შემთხვევაში რა მოხდება, რეგულატორებმა კოდი რომ წაიკითხონ? „ჩემი საბანკო ანგარიში [აშშ-ში] თუ დაიხურება, ვერ ავდგები და ვერ გავხსნი რუსულ საბანკო ანგარიშს და ჩემი ბანკის საკრედიტო ბარათით Starbucks-ში ყავას ვეღარ ვიყიდი, – ამბობს კარლსონ-ვი. – მაგრამ თუ ჩემი Bitcoin-ის პროვაიდერი დაიხურება, ეს ჩემი ბიტკოინი ზუსტად ერთ წუთში შემიძლია, საზღვარგარეთ გადავიტანო და გაკვირვებულმა ვთქვა, რომ აი, ახლა რადგან Bitcoin-ი რუსეთშია, რუსული ბირჟიდან მივიღებ კრაუდსეილში მონაწილეობას და რუსულ სისტემაში შევინახავ ამ მონეტებს… ამდენად, გლობალურ დონეზე, ასეთი რამეების დარეგულირება „ვაკ-ა-მოლივითაა“. “ იგივე ეხება გადასახადების აკრეფასაც.
მოკლედ, მოემზადეთ მეტი ინფლაციისთვის, Mt. Gox-ის ტიპის ფიასკოებისა და დაკარგული ათობით მილიარდისათვის; ეს უკანასკნელი იმ სფეროში მოთამაშე ადამიანებს ეხება, სადაც მათ ძალიან ცოტა რამ თუ იცავს. ჭკვიანურად წარმართულ ფულს, ამასობაში, წესით, არაფერი დაუშავდება და მას მხოლოდ საკუთარი ქედმაღლობა თუ დააზიანებს. „ყველა გაიძახის, მონეტებით ვაჭრობა სრული სიგიჟეაო, – ამბობს კარლსონ-ვი. – მე, პირადად, არა მგონია, რაიმე ისეთის მომსწრენი ვყოფილიყავით აქამდე, რასაც ამხელა პოტენციური მასშტაბები აქვს“.
დატოვე კომენტარი