ძალიან რთულია პირველი შეხვედრისას ჯონ აინჰორნი სერიოზულ ადამიანად აღიქვა. 31 წლის გამხდარი, ბიჭური შესახედაობის ჯონი, როგორც წესი, კალათბურთის ბურთს ათამაშებს შეხვედრების დროს მანჰეტენზე, მიტპაქინგის უბანში, ბოლო სართულზე განთავსებულ ოფისში, რომლის უზარმაზარი ფანჯრები პატარა, გამწვანებულ შიდა ეზოსა და კალათბურთის მოედანს გადაჰყურებს. მას Lanvin-ის კედები აცვია და ისევე ხშირად იყენებს სიტყვა „dope”-ს, როგორც Valley-ის გოგონები სიტყვას – „like”.
სინამდვილეში მისი სახით ელექტრონულ ბიზნესში საკმაოდ საშიში მოთამაშე გამოჩნდა. მისი Fancy საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ საუკეთესო, ექსკლუზიური ნივთები ვებგვერდზე, რომელიც ისეთივე ეკლექტიკურია, როგორიც Pinterest-ი, ისეთივე გამაოგნებელი, როგორიც Tumblr-ი და ისეთივე კომერციული, როგორიც Amazon-ი. „ჩვენ ვამბობთ: მოდი, აღმოვაჩინოთ სრულიად განსაკუთრებული ნივთები იმ ადამიანების საშუალებით, რომლებიც კარგი გემოვნებით გამოირჩევიან და განვათავსოთ ისინი Fancy-ზე. თუ კომერსანტები და ბრენდები დაინახავენ, რომ მათ პროდუქციაზე მოთხოვნა ჩნდება, მაშინ ისინი ჩვენთან მოვლენ”. და ისინიც მოდიან: დაახლოებით ათასი კომერსანტი სთავაზობს საკუთარ პროდუქტს 1 მილიონ დარეგისტრირებულ წევრს, რომელთა რაოდენობაც დღეში 10 ათასით იზრდება.
მომხმარებლის მიერ განთავსებული არაჩვეულებრივი ფოტოები, სასურველი ნივთის შეძენის შესაძლებლობა შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად და არა მიზანმიმართული ძებნის გზით – ეს არის საცალო ვაჭრობის ახალი მოდელი, რომელიც სრულყოფის პროცესშია. სულ რაღაც რამდენიმე წამში შეიძლება დახარჯოთ $600 Bianchi-ის ფირმის ველოსიპედზე, $5800 – Graff-ის საშხაპე მოწყობილობაზე, აგრეთვე დღეში სულ რაღაც $642-ად დაჯავშნოთ Grace Santorini Hotel-ის ნომერი საბერძნეთში; და ეს ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად. ყოველ შემთხვევაში, თეორიულად ასეა. დღესდღეობით Fancy დიდი შემოსავლით ვერ დაიკვეხნის, თუმცა, აინჰორნის მტკიცებით, ეს საკითხი ჯერჯერობით პრიორიტეტული არ არის.
აი როგორ მუშაობს მთელი ეს ჩანაფიქრი: ვთქვათ, მამაკაცის სამოსის რომელიმე ბლოგზე წავაწყდი ფოტოს, რომელზეც გამოსახულია მამაკაცი ჩემი საყვარელი Maison Martin Margiela-ს ყელიანი ფეხსაცმლით. მე ვინახავ ამ ფოტოს კომპიუტერში, ვაძლევ სათაურს და შემდეგ ვტვირთავ Fancy-ის ჩემს ბმულზე; მე ვუკავშირდები Margiela-ს გვერდს, ვწერ კომენტარს და ვათავსებ მას „მამაკაცთა” კატეგორიაში. როდესაც ფოტო გააქტიურდება, ჩემ მიერ განთავსებული ცნობები ემატება Fancy-ის მონაცემთა ბაზას, რომელიც ახორციელებს ფეხსაცმლის ინდექსაციას თეგების, სათაურებისა და საკვანძო სიტყვების მიხედვით.
ცოტა ხნის შემდეგ Margiela-ს გაყიდვების მენეჯერი შეამოწმებს ვებგვერდს და იხილავს ჩემს პოსტს – ან, თუ ანგარიში აქვს გახსნილი, მიიღებს შესაბამის შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მენეჯერი, ქმნის რა საკუთარ ვენდორ-პროფილში ახალი პროდუქტის კატალოგს, ანიჭებს მას იარლიყებს ძირითადი მახასიათებლებით და წარუდგენს Fancy-ის, რომელიც ამოწმებს, რამდენად შეესაბამება შემოთავაზებული საქონელი ფოტოს და როგორია მისი ხარისხი.
იმავე საღამოს ჩემი მეგობარი ჰარი ამოწმებს Fancy-ზე თავის ბმულს, და რადგან იგი „მიჰყვება” ჩემს გვერდს, ხედავს ჩემ მიერ განთავსებულ პოსტს ყელიანი ფეხსაცმლის შესახებ და იღებს შეტყობინებას, რომ ის გასაყიდადაა გამოტანილი. იგი აწკაპუნებს ღილაკზე „ყიდვა” და შემდეგ აფორმებს, როგორც ყველა ვებგვერდზე. ეს შენაძენი დეპონირდება, სანამ გამყიდველი არ დაადასტურებს შეკვეთის მიღებას. ამის შემდეგ ანგარიშიდან მოიხსნება $929, Fancy-ის 10% საკომისიოს გამოკლებით. ეს უზადო და უსაფრთხო კომერციაა.
ამ ვებგვერდის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა უზარმაზარი მონაცემთა ბაზა, რომელსაც აინჰორნმა და დეველოპერებმა Thingd, ანუ „ქმნილება-დემონი” უწოდეს. იგი მართლაც დემონია – მასში 150 მილიონი დასახელება და მათთან დაკავშირებული 1 მილიარდი ატრიბუტია თავმოყრილი. აინჰორნი მთლიანად არის ჩართული თავის საქმიანობაში. იგი 16 წლის იყო, როდესაც Capital IQ-ს შეუერთდა, 22 წლის ასაკში კი Inform Technologies-ის თანადამფუძნებელი გახდა. ეს კომპანია ეხმარება ისეთ გამომცემლებს, როგორიცაა, მაგალითად, Condé Nast-ი და CNN-ი, კონტენტის ორგანიზებაში.
რაც შეეხება Fancy.com-ს, არასდროს იცი, რას გადაეყრები აქ: წყნარი ოკეანის სამოას სანაპიროს არაჩვეულებრივ ფოტოებს; Fendi-სა და Dior-ის სამოსში გამოწყობილ მშვენიერ ქალებს; დემიენ ჰერსტისა და ბრაიან დონელის (KAWS) ნამუშევრებს. ეს დაახლოებით იგივეა, საკუთარი მუსიკალური ჩანაწერების ნაცვლად Spotify-ს უსმენდე იმის იმედით, რომ ბედნიერი შემთხვევის წყალობით სასურველ კომპოზიციას წააწყდები. „დღევანდელი ქსელი ძალიან წააგავს წყალქვეშ ნადირობას და ადამიანებს, რომლებმაც უკვე იციან, რა სჭირდებათ. – სწორედ ეს არის Google-ის ასეთი წარმატების მიზეზი”, – ამბობს სუჩარიტა მულპურუ, Forrester Research-ის ელექტრონული კომერციის ანალიტიკოსი. „ეს ბიჭები ხელს უწყობენ „კრევეტებზე მონადირეებს”, რომლებიც უბრალოდ ეძებენ, რათა რაიმე განსაკუთრებული აღმოაჩინონ”.
აინჰორნის ინვესტორები კი უფრო ვეშაპმჭერებს ჰგვანან, ვიდრე კრევეტებზე მონადირეებს. PPR Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მილიარდერმა ფრანსუა ანრი პინომ გასულ ოქტომბერს 10%-იან წილში $10 მილიონი გადაიხადა. „ეს სოციალური ქსელებისა და ვიზუალური გამოცემის საოცარი კომბინაციაა”, – ამბობს იგი ელექტრონულ წერილში. დამატებითი $8 მილიონი შემოვიდა ისეთი ინვესტორებისაგან, როგორებიც არიან ეშტონ კატჩერი, MTV-ის დამფუძნებელი ბობ პიტმანი და ანდრეესენ ჰოროვიცი (უცნობი სააქციონერო წილის სანაცვლოდ). Fancy-ის სამეთვალყურეო საბჭოში შედიან ჯეკ დორსი Twitter-დან, კრის ჰიუზი Facebook-დან და ჰეჯ-ფონდის მმართველი, მილიარდერი ჯიმ პალოტა, რომელიც ამავე დროს Boston Celtics-ის მესაკუთრეცაა.
Fancy მხოლოდ 20 ადამიანის შრომის ნაყოფია, აქედან, ორის გარდა, ყველა ინჟინერია. მათზე მოდის აინჰორნის ყოველთვიური ხარჯის (რომელსაც იგი არ აზუსტებს) 60%. კიდევ 30% ხმარდება ვებგვერდისა და იმ გიგანტური სერვერების შენახვასა და განვითარებას, რომლებიც აშშ-ში, ევროპასა და აზიაშია განთავსებული. იგი თითქმის არაფერს ხარჯავს მარკეტინგსა და რეკლამაზე. Fancy-ის შესახებ ინფორმაციის მთავარი გამავრცელებელი Twitter-ია, სადაც მას 52 ათასზე მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს, მათ შორის: მარკ ჯეიკობსი, ტორი ბარჩი, კენი ვესტი და პინკი. მაისში Barneys.com-მა და YSL.com-მა თავიანთ საქონელს დაამატეს ღილაკი „fancy”.
როგორც აინჰორნი ამბობს, მას თითქმის ხელი არ უხლია ფონდირებული დანაზოგისათვის. „ეს სულაც არ არის ძვირი სიამოვნება”, – ამბობს ანალიტიკოსი მულპურუ, – მათ მოახერხეს მომხმარებელისათვის მრავალფეროვანი კონტენტის მიწოდება, ასე რომ, ისინი არსებითად შუამავლები არიან იმ ადამიანებისათვის, რომლებიც, თავის მხრივ, პროდუქციის რეალიზაციას უწყობენ ხელს”.
რაც შეეხება Fancy-ის მთლიან შემოსავალს, აინჰორნი ამბობს, რომ ყოველდღიურად საშუალოდ $10 ათასს იღებს, აქედან $1000 დოლარი მისია. iPhone-ებისა და მობილური ტელეფონების ახალი აპლიკაციები, ასევე საერთაშორისო ტრანსაქციების განხორციელების შესაძლებლობები ამ ვირტუალურ სავაჭრო ცენტრს უფრო მეტად გაფართოების საშუალებას აძლევს, მაგრამ იმისათვის, რომ Fancy-მ მნიშვნელოვან მოგებას მიაღწიოს, კომპანიამ, სულ მცირე, ათჯერ მაინც უნდა გაზარდოს რეალიზაციის მაჩვენებლები.
„იმისათვის, რომ მომხმარებელი ყოველთვის კმაყოფილი იყოს, მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ნოვაციების ძიებისა და დანერგვის პროცესი, – ამბობს იგი, – მაგრამ მაშინ მუხლჩაუხრელი შრომა გიწევს სიცოცხლისუნარიანი ბაზრის შესაქმნელად”. იგი ოსტატურად ათამაშებს კალათბურთის ბურთს, რითაც ცდილობს გარკვეული ეგზისტენციალური შიში შენიღბოს. „შევძლებთ კი იმის დამტკიცებას, რომ ეს პარადიგმა, Amazon-ზე პროდუქტების ძებნის ნაცვლად, ისეთივე მძლავრ და ჯანსაღ ბაზარს შექმნის, როგორიც შინაარსზე ორიენტირებული ვებგვერდია? შევძლებთ კი იმის დამტკიცებას, რომ „აღმოჩენაზე” დაფუძნებული კომერცია შესაძლოა ისეთივე მოგებიანი, ან, იმედია, უფრო მეტად მოგებიანია?”
Fancy-ის ერთ-ერთი ღირსება – მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი – ამავე დროს მუდმივი ვალდებულებაცაა. საავტორო უფლებების დარღვევა მუდმივ საშიშროებას წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ვებგვერდი აფრთხილებს თავის მომხმარებელს, არ განათავსონ საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრები, ეს გაფრთხილება ნაკლებად ჭრის. აინჰორნი ამბობს, რომ მისმა გუნდმა უკვე მიიღო რამდენიმე პრეტენზია საავტორო უფლებებთან დაკავშირებით და მან შეძლო ამ ადამიანების დამშვიდება ბოდიშის მოხდით და მათი ავტორობის მითითებით. ბრენდების უმეტესობა სიხარულით ხვდება რეკლამისა და დამატებითი შემოსავლის მიღების შანსს.
ვებგვერდს ნამდვილად მომნუსხველი ეფექტი აქვს. „ძალიან მარტივია შოპინგისათვის, ასე არ არის?” – მეკითხება აინჰორნი და თან დიდი ინტერესით ათვალიერებს მთავარ გვერდს.
„ძალიან” – ვეუბნები მე.
„ვიცი, ვიცი – მეხმიანება ის, – საკაიფო რამეა”.
დატოვე კომენტარი