ინდოეთი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პირველად რეცესიას განიცდის. როგორც ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, აზიის ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ივლისიდან სექტემბრის პერიოდში მშპ 7.5%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აპრილი-ივნისის პერიოდში კი ინდოეთის მშპ 24%-ით იყო დაცემული.
“ვირუსის გავრცელების შესაკავებლად დაწესდა გარკვეული შეზღუდვები. მიუხედავად შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისა, შექმნილ ვითარებას ეკონომიკურ აქტივობაზე დიდი გავლენა აქვს“, – აღნიშნულია ინდოეთის სტატისტიკის სამინისტროს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში.
მაშინ როდესაც ინდოეთში გაზაფხულის შეზუდვების შემდეგ წარმოების პროცესი დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს და დაიწყო ზრდა, მომსახურების სექტორი მაინც დიდ დარტყმას განიცდის, რაც ორციფრიანი დაღმასვლით გამოიხატება.
ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის, ინდოეთისთვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოჩენის შესახებ სიახლეები იმედისმომცემია.
თუმცა, ეკონომისტები ამბობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკას წინ რთული გზა ექნება გასავლელი. “ყოვლისმომცველი ფისკალური ნაბიჯების არარსებობა, ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს“, – განაცხადა ინდოეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკის მიმართულების ხელმძღვანელმა Oxford Economics-ში, პრიანკა კიშორემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეში მოსალოდნელია ინდოეთის ცენტრალური ბანკის შეხვედრა, სადაც შესაძლოა რაიმე გადაწყვეტილება მიიღონ. ამ შეხვედრისკენ იქნება მიმართული ინვესტორების ყურადღებაც.
დატოვე კომენტარი