ინდოეთი ნახშირორჟანგის ნულოვანი ემისიის ნიშნულს 2070 წელს მიაღწევს - ინდოეთის პრემიერ–მინისტრი

ინდოეთი ნახშირორჟანგის ნულოვანი ემისიის ნიშნულს 2070 წელს მიაღწევს - ინდოეთის პრემიერ–მინისტრი

ინდოეთის პრემიერ–მინისტრმა ნარენდრა მოდიმ COP26 კლიმატის სამიტზე განაცხადა, რომ ინდოეთი ნახშირორჟანგის ნულოვან ემისიას 2070 წელს მიაღწევს, ანუ ორი ათწლეულით გვიან, ვიდრე მეცნიერების ვარაუდით კლიმატზე ზემოქმედების  კატასტროფული შედეგების თავიდან ასაცილებლადაა საჭირო.

ინდოეთი ნახშირორჟანგის ერთ–ერთ ყველაზე დიდ ემიტენტს წარმოადგენს. ქვეყანა, სადაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 17% ცხოვრობს, ნახშირორჟანგის გლობალური ემისიის 5%–ს გამოყოფს. შესაბამისად, საკმაოდ რთულია ნულოვანი ნიშნულის მიღწევა. აღსანიშნავია, რომ მოდი ბოლომდე იცავდა ინდოეთის პოზიციას. მან მსოფლიო ლიდერებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ინდოეთი განახლებადი ენერგიის წილს მთლიან ენერგეტიკაში 2030 წლისათვის 38%–დან 50%–მდე გაზრდის.

გასულ კვირას ინდოეთმა, რომელიც ამჟამად მსოფლიოში მესამე უმსხვილესი სათბურის გაზების ემიტენტია ჩინეთისა და შეერთებული შტატების შემდეგ, უარი განაცხადა ნახშირბადის ემისიების წმინდა ნულოვანი ნიშნულის მიღწევის თარიღის გამოცხადებაზე. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მსოფლიოსათვის უფრო მნიშვნელოვანი ემისიების შესამცირებლად სანდო გზების ძიებაა.

შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და ევროკავშირმა წმინდა ნულოვანი ემისიის თარიღად 2050 წელი დასახეს. ჩინეთი და საუდის არაბეთი კი ნახშირორჟანგის ნულოვანი ემისიის მიღწევას 2060 წელს გეგმავენ.

მეცნიერები მსოფლიო ლიდერებს აფრთხილებენ, რომ მსოფლიომ 2030 წლისთვის უნდა გაანახევროს გლობალური გამონაბოლქვი და 2050 წლისთვის მიაღწიოს წმინდა ნულოვან ნიშნულს, რათა თავიდან ავიცილოთ კლიმატის ცვლილების ყველაზე ცუდი გავლენა.

მოდიმ თავის გამოსვლაში მოსახლეობას მდგრადი ცხოვრების წესის დანერგვისაკენ მოუწოდა და აღნიშნა: „მილიარდობით ადამიანის მიერ გაკეთებულ ამ არჩევანს შეუძლია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა ერთი ნაბიჯით წინ წასწიოს. უგუნური და დესტრუქციული მოხმარების ნაცვლად, ჩვენ გვჭირდება გააზრებული და მიზანმიმართული გამოყენება“.

 

ფოტო: Jeff J Mitchell/Pool via REUTERS

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *