ინდოეთის ეკონომიკა რეცესიას არ განიცდის, თუმცა ჯერ კიდევ დიდი დროა იქამდე, ვიდრე ქვეყანა ზრდის პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდება. ამის შესახებ CNN წერს.
აზიის სიდიდით მესამე უმსხვილესი ეკონომიკა 2020 წლის ბოლო სამ თვეში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.4%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, გასულ წელს პანდემიის შედეგად ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად აღმოჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში ინდოეთის მშპ 7.3%-ით დაეცა, მანამდე კი კვარტალური კლება 24% იყო. საერთო ჯამში 2020 წელს ინდოეთის ეკონომიკამ 6.9%-იანი კლება განიცადა.
ეკონომისტები აზიის ერთ-ერთი გიგანტი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდას პროგნოზირებენ, მით უმეტეს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები იკლებს. კერძოდ, სექტემბერთან შედარებით თებერვალში დღიური ინფიცირების მაჩვენებლები 90%-ითაა შემცირებული. თუმცა, ეკონომისტების თქმით, ზრდის ტენდენციის მიუხედავად, სიფრთხილე მაინც საჭიროა.
როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, არსებობს გარკვეული რისკები.
„ვადაგადაცილებულმა სესხებმა შესაძლოა, კიდევ უფრო დაასუსტოს საბანკო სექტორი და ეკონომიკას პრეპანდემიურ დონის სწრაფად მიღწევაში ხელი შეუშალოს“, – განაცხადა ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Capital Economics-ის ეკონომისტმა.
დატოვე კომენტარი