ნოემბერში ინდოეთის მთავრობამ უპრეცედენტო აქტი განახორციელა, რომელიც არა მხოლოდ მის ეკონომიკას აზიანებს და სრულ გაღატაკებას უქადის ისედაც ღარიბ ურიცხვ მილიონ მოქალაქეს, არამედ სულისშემძვრელად ამორალურიცაა. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ინდოეთმა საკუთარი ვალუტის 85% ხისტად გააუქმა. სწორია, აბა, რა! – ქვეყნის ნაღდი ფულის უმეტესი ნაწილი აღარ წარმოადგენდა კანონიერ საგადასახადო საშუალებას. შოკირებულ მოქალაქეებს მხოლოდ რამდენიმე კვირა მისცეს, რომ ფული აეღოთ და ბანკში ახალ კუპიურებზე გადაეცვალათ.
ეკონომიკურ არეულობას ის ფაქტი ამძიმებს, რომ ხელისუფლებამ ახალი კუპიურები საკმარისი რაოდენობით არ დაბეჭდა, ვაითუ მისი ჩანაფიქრის შესახებ ინფორმაციას წინასწარ გაეჟონა. ახალი კუპიურები ძველებისგან ზომითაც განსხვავდება და ბანკომატებში სერიოზულ პრობლემებს ქმნის. მართალია, ინდოეთი მაღალი ტექნოლოგიების მძლავრი წყაროა, მისი ასობით მილიონი მოქალაქე შემზარავ გაჭირვებაში ცხოვრობს. უამრავი მუშა დიდ ქალაქებს ტოვებს და თავის სოფლებში ბრუნდება იმიტომ, რომ უამრავი ბიზნესი იხურება. უამრავ კომპანიას უჭირს ხელფასების გადახდა, რადგან საჭირო ნაღდ ფულს ვერ შოულობენ. უძრავი ქონების ბაზარი იძირება.
ინდოეთის ეკონომიკა ძირითადად ნაღდ ფულზეა დაფუძნებული. მეტიც, მოზღვავებული რეგულაციებისა და გადასახადების გამო, ფულადი ოპერაციების დიდი ნაწილი არაფორმალურად ხორციელდება. ჭარბი ბიუროკრატიულობით, ლეთარგიულობითა და კორუფციით ავადგანთქმული მთავრობა ხალხს საკუთარი მარიფათიანობის ამარა ტოვებს და აიძულებს, ნებისმიერი გზით ირჩინოს თავი.
მსოფლიო ბანკის ყოველწლიური გამოკითხვა ბიზნესის კეთების შესახებ ზომავს, თუ რამდენად რთულია 190 ქვეყანაში ბიზნესის წამოწყება და მართვა, რისთვისაც ისეთ საზომებს იყენებს, როგორიცაა, მაგალითად, ის, თუ რა არის საჭირო კანონიერი ბიზნესის დასაწყებად, სამშენებლო ნებართვებისა და ელექტროენერგიის მოსაპოვებლად. ამ სფეროებში ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე ცუდ პოზიციაზეა.
ასეთი ამორალური საქციელი ხელისუფლებამ ბოლოს 1970-იანებში ჩაიდინა, როცა ქვეყანაში იძულებითი სტერილიზაციის პროგრამა დანერგა (ნაცისტური ევგენიკის ეს ხანმოკლე შემოტევა „გადამეტებულად მჭიდრო მოსახლეობასთან“ გამკლავებას ემსახურებოდა).
მთავრობის მტკიცებით, ფულის რეფორმით ისინი კორუფციასა და გადასახადებისთვის თავის არიდებას შეებრძოლებიან: როგორც აცხადებენ, უკანონო ნაღდ ფულს ამორეცხავენ, კრიმინალურ საწარმოებსა და ტერორისტებს დაასუსტებენ და ფორსირებულ რეჟიმში ინდოეთს ციფრულ საკრედიტო სისტემაში მოაქცევენ.
საგანგებო ინფორმაცია: ადამიანის ბუნება არ შეცვლილა მას მერე, რაც ამ პლანეტაზე დავიწყეთ ფუთფუთი. ადამიანები ყოველთვის იპოვიან ცუდად მოქცევის გზებს. ტერორისტები ვალუტის ცვლილების გამო თავიანთ ბოროტებებს არ შეეშვებიან. რაც შეეხება ფულის გაციფრულებას, ეს თავის დროზე ისედაც მოხდება, თუ თავისუფალი ბაზრები ამის საშუალებას მოგვცემენ. ხოლო გადასახადებისთვის თავის არიდების საუკეთესო წამალი პროპორციული გადასახადებია ან, სულ ცოტა, მარტივი, დაბალტარიფიანი საგადასახადო სისტემა, რომელიც გადასახადებისთვის თავის არიდებას ლამის უსარგებლო შრომად აქცევს. გაამარტივეთ კანონიერი ბიზნესის კეთება და ადამიანების უმეტესობაც სწორედ ასეთ ბიზნესს გააკეთებს.
ინდოეთი ყველაზე უკიდურესი და დესტრუქციული მაგალითია ნაღდი ფულის წინააღმდეგ მიმართული იმ წარმავალი ტრენდისა, რომელიც დღევანდელ მთავრობებსა და ეკონომიკის პროფესიაში აქტიურად შეიჭრა. ქვეყნები დიდი კუპიურების გაუქმებას განიზრახავენ, რისთვისაც იმგვარ არგუმენტებს ასახელებენ, ნიუ-დელიში რომ წამოაყრანტალეს. მაგრამ არავინ კამათობს იმაზე, რაც ამ ყველაფრის რეალური არსია: შენს კონფიდენციალურობაზე თავდასხმა და შენს ცხოვრებაზე მეტი სამთავრობო კონტროლი.
ინდოეთის საზიზღარი ქმედება კიდევ ერთ ამორალურობას უსვამს ხაზს. ფული ისაა, რასაც ადამიანები რეალურ სამყაროში ქმნიან. ეს არის უფლება პროდუქტებსა და სერვისებზე ზუსტად ისევე, როგორც რესტორნის გარდერობის ნომერია უფლება იქ დატოვებულ პალტოზე ან ბილეთი – რაიმე ღონისძიებაზე ადგილის დასაკავებლად. ხელისუფლებები არ ქმნიან რესურსებს. ამას ხალხი აკეთებს. რაც ინდოეთმა ჩაიდინა, ეს ხალხის საკუთრების მასიური მითვისებაა, თანაც პროცესის წესიერებაზე პრეტენზიაც კი არ ჰქონიათ. – ეს შოკისმომგვრელი ნაბიჯია დემოკრატიულად არჩეული მთავრობისაგან (მსგავსი რამეები, ვთქვათ, ვენესუელისგან მოულოდნელი არ იქნებოდა). და რა გასაკვირია, მთავრობა თითქმის არაფრად აგდებს იმ ფაქტს, რომ თავისი ეს ნაბიჯი ინდოეთისთვის ალბათ ათობით მილიარდი დოლარის ტოლფასი ერთჯერადი ლატარიასავით იქნება.
საკუთრების მოპარვით, მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულთა უარესად გაღატაკებით და სოციალური ნდობის დაკარგვით – და აქედან გამომდინარე, პოლიტიკის მოწამვლითა და სამომავლო ინვესტიციების დაზარალებით – ინდოეთმა ამორალურად და უსარგებლოდ ავნო საკუთარ ხალხს, დანარჩენ მსოფლიოს კი ამაზრზენი მაგალითი მისცა.
ინდოეთმა წადილი რომ აიხდინოს და გლობალურ ძალად იქცეს, მან შემდეგი უნდა გააკეთოს: საშემოსავლო და ბიზნესის საგადასახადო ტარიფები შეამციროს და გაამარტივოს მთელი საგადასახადო სისტემა; რუპია ისეთივე მძლავრ ვალუტად აქციოს, როგორიც შვეიცარიული ფრანკია; გაამეჩხროს რეგულაციები ისე, რომ ბიზნესის წამოწყება ხარჯების გარეშე და რამდენიმე წუთში გახდეს შესაძლებელი; და უშველებელი ცულით დაჩეხოს ყველა ის წესი, რაც თითო ინფრასტრუქტურულ პროექტს 100-წლოვან საქმედ აქცევს.
შეუძლია ევროკავშირს, გადარჩეს?
იტალია ევროკავშირიდან გასვლის გზას ხომ არ ადგას? წინა თვეში იტალიელმა ამომრჩევლებმა რეფერენდუმზე უარი უთხრეს ე.წ. მმართველობის რეფორმას, რასაც მთავრობის ჩამოშლა მოჰყვა და ეს შეკითხვაც დააყენეს დღის წესრიგში. ევროკავშირიდან გასვლის მხარდაჭერა იზრდება, მაგრამ ეს ვარიანტი იტალიის განსაცდელთა მოგვარებას როდი ნიშნავს.
იტალიის პრობლემა, ისევე როგორც ევროკავშირის ბევრი სხვა ქვეყნისა, სტრუქტურულია. ხარვეზები არ გაქრება, იტალია თუ დამოუკიდებლად ცხოვრებას გადაწყვეტს. მის საბანკო სისტემაში დომხალია; ასეა თუ ისე, ფინანსური დახმარება მოდის. სამთავრობო ვალი ბერძნულ სტილში იბერება. შიდა რეფორმები – გადასახადების მნიშვნელოვანი შემცირება და მთელი საგადასახადო კოდექსის რადიკალური გამარტივება, ნაკლებად მახრჩობელა რეგულაციები და ნაკლებად გაბერილი ბიუროკრატია – მინიმალურად განხორციელდა და ამიტომაცაა, რომ ეკონომიკური ზრდა, პრაქტიკულად, არ არსებობს.
ევროკავშირის დაშლა – და იტალიის გამოყოფა სწორედ მის დაშლას ნიშნავს – გეოპოლიტიკური კატასტროფა იქნება. ყველა ის დემონი, რაც კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბოთლშია გამომწყვდეული, თავს ამოყოფს. ამას თუ სულ უფრო მზარდად ანტაგონისტურ ჩინეთს დავუმატებთ, ოკეანეთში ისეთი მახინჯი სიტუაცია შეიქმნება, ფიქრიც რომ გზარავს.
დატოვე კომენტარი