დაახლოებით ორი ათეული წლის წინ ინდოეთმა გლობალურ IT ცენტრად ტრანსფორმაცია დაიწყო. ქვეყანაში შეიქმნა უამრავი სამუშაო ადგილი, რამაც სიმდიდრის დაგროვება განაპირობა. ახლა აზიის სიდიდით მესამე ეკონომიკა ახალი თაობის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიების დამსახურებით, როგორიცაა Zoom-ი ან Slack-ი, ტექნოლოგიური პროგრესის ახალ საფეხურზე გადადის.
Covid-19-ის პანდემიის გამო ბიზნესი იძულებული გახდა, გაეზარდა ინვესტიციები ციფრულ ინფრასტრუქტურაში. ეს კი აძლიერებს იმ კომპანიების გავლენას, რომლებიც მომხმარებლებს პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობენ. KPMG-ის კვლევის თანახმად, გასულ წელს ბიზნესსექტორმა, უსაფრთხო დისტანციური სამუშაო გარემოს შესაქმნელად, ტექნოლოგიებზე დამატებით $15 მილიარდი დახარჯა.
საკონსულტაციო ფირმა McKinsey & Co და SaaSBoomi-ის ცნობით, ინდუსტრიის ლიდერების მიერ შედგენილი ბოლო ანგარიშის მიხედვით, ინდოეთის პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც მომსახურების ინდუსტრია, შესაძლოა 2030 წელს $1 ტრილიონი ღირდეს და ნახევარ მილიონ ადამიანს ასაქმებდეს.
ინდოეთში ათასამდე კომპანიაა, რომლებიც მომხმარებლებს პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობენ. მათ შორის კი 10 უნიქორნია, რომელთა ღირებულება მილიარდ დოლარს აჭარბებს.
„არაა გამორიცხული, ეს ისეთივე დიდი შესაძლებლობა იყოს, როგორიც IT სერვისების ინდუსტრია იყო 90-იან წლებში“, – განაცხადა გირიშ მათრუბოტამ, ინდოეთის ყველაზე ცნობილი SaaS კომპანია Freshwork-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
Freshworks-ი ათიოდე წლის წინ სამხრეთ ინდოეთის ქალაქ ჩენაიში დაარსდა და Salesforce-ის მსგავსად კომპანიებს პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს, რათა ფირმებს მომხმარებლებთან ურთიერთობა გაუმარტივდეს. Freshworks-ი პროგრამული უზრუნველყოფის სექტორში ინდოეთის პირველი უნიქორნია. მან ინვესტიციები ისეთი კომპანიებისგან მოიზიდა, როგორიცაა Tiger Global-ი და Accel-ი. ბოლო მონაცემებით, კომპანიას 50,000–ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო მისი ღირებულება $3.5 მილიარდს უტოლდება.
საინტერესოა, რომ სხვა ინდური SaaS ფირმები ბიზნესის კონკრეტულ სფეროზე ორიენტირდნენ. მაგალითად, კიდევ ერთი უნიქორნი Zenoti პროგრამულ უზრუნველყოფას უწევს მხოლოდ სპა და სილამაზის სალონების ინდუსტრიას.
SaaSBoomi-ის ანგარიშის მიხედვით, ინვესტორებმა გასულ წელს ინდოეთის SaaS კომპანიებში $1.5 მილიარდი ჩადეს, რაც ოთხჯერ აღემატება 2019 ან 2018 წელს განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას.
დატოვე კომენტარი