გასულ კვირას ინდოეთმა ციფრულ აქტივებთან მიმართებით საკუთარი გეგმები წარმოადგინა. ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზიური სახელმწიფო უახლოეს პერიოდში ციფრული აქტივების მოგების დაბეგვრას დაიწყებს. გარდა ამისა, ქვეყანა საკუთარი ციფრული ვალუტის გაშვებასაც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთის მიდგომა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბუნდოვანია. ექსპერტები ამის თაობაზე განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ. ამჯერად კი ინდოეთის მთავრობამ კრიპტოვალუტების გაყიდვების 30%-ის დაბეგვრის დაახლოებითი მაჩვენებელი შემოგვთავაზა, რამაც, შეიძლება ითქვას, ყოველგვარი ეჭვი გაფანტა კრიპტორეგულირებასთან დაკავშირებით.
ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა ყოველწლიური ბიუჯეტის განხილვისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ციფრული აქტივების ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. „ამ ტრანზაქციების მოცულობამ და სიხშირემ კი გვაიძულა, კრიპტოვალუტებთან მიმართებით სპეციფიკური საგადასახადო რეჟიმი შემოვიღოთ“, – განაცხადა მან.
გარდა ამისა, აზიური სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ინდოეთის ცენტრალური ბანკი ციფრულ ვალუტას მოხმარებაში აპრილიდან ჩაუშვებს. ინდოეთის სარეზერვო ბანკი უკვე რამდენიმე თვეა, რაც ციფრული ვალუტის იმპლემენტაციის გეგმაზე მუშაობს.
დატოვე კომენტარი