რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ ოკუპანტი ქვეყნისთვის სანქციების დაწესების ფონზე, ინდოეთმა რუსული ნედლი ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტი მკვეთრად გაზარდა.
Reuters-ის ინფორმაციით, გასული სამი კვირის განმავლობაში ინდოეთი რუსეთისგან ყოველდღიურად $16.5 მილიონის ღირებულების ქვანახშირს ყიდულობდა, რაც თითქმის $10 მილიონით მეტია ომამდელ პერიოდთან შედარებით.
ქვანახშირის პარალელურად, თითქმის გასამმაგებულია ნედლი ნავთობის იმპორტიც. ინდოეთის ყოველდღიური საშუალო შესყიდვების ღირებულება ამჟამად $110 მილიონს აჭარბებს, მაშინ როცა სამი თვის წინ ეს მაჩვენებელი $31 მილიონს შეადგენდა.
რუსული ენერგორესურსების იმპორტის მკვეთრი ზრდის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი საერთაშორისო ბირჟაზე მათი ფასების დაახლოებით 25-30%-ით შემცირებაა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ევროკავშირმა რუსული ქვანახშირის იმპორტი აკრძალა, ნავთობზე კი შეზღუდვები ეტაპობრივად წესდება.
აღსანიშნავია, რომ ომთან დაკავშირებით ბუნდოვანი პოზიციის ქონისა და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გამო, ინდოეთის მთავრობა არაერთხელ გამხდარა დასავლეთის კრიტიკის სამიზნე.
საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრამანიამ ჯაიშანკარის განცხადებით, ინდოეთი მძლავრი გეოპოლიტიკური აქტორია, რომელსაც საკუთარი დამოუკიდებელი პოზიცია აქვს, ბაზარზე იაფად წარმოდგენილი ნავთობისა თუ ქვანახშირის შეძენა კი პირდაპირ შედის ქვეყნის ინტერესებში, რადგან, ამ შემთხვევაში, მთავარი ამოსავალი წერტილი ეკონომიკური სარგებლის მიღება და ეროვნული განვითარებაა.
დატოვე კომენტარი