სერფინგის ლეგენდარულ კუნძულ სუმბაზე, $30 მილიონის ინვესტიციითა და Nihiwatu-ს წყალობით, მილიარდერმა კრის ბერჩმა ტალღა ააგორა.
“ის ჰგავს ბალის, ოცდაათი ან თუნდაც ასი წლის წინანდელს”, – მითხრა ჩემმა თანამგზავრმა Garuda ATR-ში, როდესაც ჩვენ მთაგორიან მწვანე კუნძულ სუმბას თავს დავტრიალებდით. იგი თავის ცნობილ მეზობელ კუნძულზე ორჯერ უფრო დიდია და მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, 250 მილის დაცილებით მდებარეობს. აქ, წლების მანძილზე, კუნძულის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე კურორტ Nihiwatu-ზე (nihiwatu.com) მხოლოდ სერფერები ჩამოდიოდნენ, რათა მის ცნობილ 20-ფუტიან ტალღებზე საკუთარი თავი გამოეცადათ, მაგრამ მას შემდგომ, რაც მილიარდერმა კრის ბერჩმა, რომელმაც სიმდიდრე მოდის სფეროში იშოვა, ეს უძრავი ქონება 2012 წელს იყიდა და მისი საფუძვლიანი მოდერნიზება დაიწყო ($30 მილიონის ინვესტიცია, რომლის პირველი შედეგები ამ გაზაფხულზე გამოჩნდა), ის მთელი მსოფლიოდან მაღალი კლასის დამსვენებლებს იზიდავს, იმათაც კი, ვისაც სერფინგის ოსტატობაზე არასოდეს უოცნებია.
ბერჩი განმარტავს, რომ წლების მანძილზე, ბალიზე ხშირი ვიზიტების დროს, მას ამ კუნძულის შესახებ ბევრჯერ სმენია, მაგრამ ინტერესი სამი წლის წინ გაუჩნდა, როდესაც გაიგო, რომ სერფერები, კლოდ და პეტრა გრეივსები, რომლებმაც კურორტი 80-ან წლებში დააარსეს, გარე ინვესტორს ეძებენ. სიტუაციის შესასწავლად მან თავისი მეგობარი, სასტუმროს მეპატრონე ჯეიმს მაკბრაიდი გაგზავნა. ანგარიში, რომელიც სამხრეთ აფრიკაში დაბადებული მაკბრაიდისგან მიიღო, დადებითი, მაგრამ დამაბნეველი იყო.
“მე წამსვე ვიგრძენი აქაურობასთან კავშირი, – ამბობ ის. – თავი აფრიკაში წარმომედგინა და ეს, რა თქმა უნდა, აქ მობინადრე ტომების კულტურისა და საუკუნების მანძილზე არსებული უბრალო სოფლების გამო მოხდა (საბედნიეროდ, სკალპებზე აქ უკვე თითქმის 50 წელია, არ ნადირობენ). მთავარი, ძველი პლაჟი ერთ-ნახევარი მილის სიგრძისაა, დაუმატეთ ამას უხვი ფლორა და პრივატულობა – ყოველივე ამან მაკბრაიდზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. “მაგრამ მე არ ვიცი, ამ ყველაფერს რა უნდა ვუყო, – ამბობს ის, – ნიუ-იორკიდან ამ უკაცრიელ ადგილას რომ გადმოფრინდე, 28 საათია საჭირო”.
რამდენიმე კვირის შემდეგ ის აქ ბერჩთან ერთად დაბრუნდა. ბერჩიც შთაბეჭდილების ქვეშ მოექცა, თუმცა ისიც საგონებელში ჩავარდა. “თავიდან არ მომეწონა, – ამბობს ის. – კუნძული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ადგილია. მაგრამ ის ნამდვილად მშვენიერია”. მეორე ჩამოსვლისა და თავის სამ სერფერ ვაჟიშვილთან გასაუბრების შემდეგ მან კურორტის ყიდვა გადაწყვიტა.
კუნძული რომ ელიტურ კურორტად ექცია, ბერჩმა მაკბრაიდი თავის პარტნიორად გაიხადა; მათ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც მაკბრაიდი ნიუ-იორკში მდებარე სასტუმრო Carlyle-ის გენერალური მენეჯერი იყო. ბერჩი, თავის მეუღლესთან, დიზაინერ ტორი ბერჩთან, განქორწინების შემდეგ სწორედ აქ ცხოვრობდა. მათ მიწის ნაკვეთების ყიდვა დაიწყეს — ახლა საერთო ჯამში 700 აკრს ფლობენ და ყოველთვიურად ახალ შენაძენს უმატებენ. შემდეგ მშენებლობა დაიწყეს: 21 დიდი ვილა (ერთი ღამის ფასი $900-დან იწყება, ყველა პირობით, შემდეგი წლის დასაწყისიდან), კიდევ 12 მშენებლობის პროცესშია, მათ შორის ბერჩის სახლი ხუთი საძინებლით, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება და მფლობელის არყოფნის შემთხვევაში მსურველებს მისი დაქირავების შესაძლებლობაც ექნებათ. ყველაფერი კუნძულ სუმბაზე წარმოქმნილი ტექტონური და იავიდან ჩამოტანილი შავი ვულკანური ქვითაა აშენებული. თითოეულ ვილას აქვს აუზი და ტერასები ხედით ოკეანეზე. აშენდა ახალი რესტორანი, ნავების გასაჩერებელი ნაგებობა და იოგაში სავარჯიშო პავილიონი. ცოტა ხანში ახალი შენობებიც გაჩნდება. “კრისს ყოველთვის რაღაცის აშენება სურს, როდესაც კი ის აქ ჩამოდის”, – ამბობს მაკბრაიდი.
ახალ რესტორანში ახალი შეფ-მზარეული ბერნარ პრიმი მოვიდა, რომელიც დიდხანს Aman resorts-ში მუშაობდა. ის სუფთად და ლამაზად ამზადებს ისეთ ადგილობრივ კერძებს, როგორიცაა, მაგალითად, ბალიდან იმპორტირებული ღორის ჩათუშული ნეკნები და გრილზე მომზადებული დელფინის ხორცი მწვანე პაპაიას სალათითა და ჩილისა და ლაიმის საკაზმით.
სუმბას ბუნებრივი საოცრებებისგან სარგებლის მისაღებად, მთელი რიგი აქტივობა განხორციელდა. მათ ასევე მოულოდნელობის ეფექტიც შეემატა. ერთი ექსკურსია ნიჰი ოკაშია, საითკენ მიმავალ გზაზეც ყოველთვის წვიმს. უნდა გაიაროთ ბრინჯის პლანტაციები, ახვიდეთ ხეზე გაკეთებულ სახლზე, რომელიც კერძო პლაჟს გადაჰყურებს, სადაც მზარეულები საუზმეს ამზადებენ. ამის შემდეგ აგიყვანენ პლატფორმაზე, საიდანაც მინდვრები მოჩანს. აქ მასაჟისტ-თერაპევტი ფეხებს დაგიზელთ. როცა მდინარეში წყალი საკმაოდ მომატებულია, სტუმრებს კუნძულის სოფლებში სამოგზაუროდ ეპატიჟებიან გრძელი ნავებით, რომლებშიც მთელი ამ დროის მანძილზე მათ ფეხზე დგომა უწევთ.
Nihiwatu-ს სტუმრებს 300-კაციანი შტატი ემსახურება, რომლის 98%-ს ადგილობრივი მცხოვრებლები შეადგენს. ძირითადი მოსახლეობა ძალიან თბილი და სტუმართმოყვარეა, რაც გასაკვირია კუნძულისთვის, რომელიც ისტორიულად თავისი მებრძოლებით არის ცნობილი. მსახურთუხუცესები აღფრთოვანებით ხვდებიან სტუმრის ნებისმიერ თხოვნას და დისტანციას იკავებენ იმ შემთხვევაში, თუ მათი შესასრულებელი საქმე ჯერ არ ჩანს. მომავალი წლისთვის ყოველ ოთახს მსახურთუხუცესი ეყოლება; თანამშრომლებისთვის ყოველდღიური ინგლისური ენის გაკვეთილების ჩატარების წყალობით კი მომსახურე პერსონალის რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.
სუმბაზე ყველაზე დიდი დამსაქმებელი, Nihiwatu კუნძულის ცხოვრებაზე აშკარა გავლენას ახდენს, თუმცა მის კონტრიბუციას უფრო ღრმა ფესვები აქვს. ბერჩი და მაკბრაიდი ყველა თავის შემოსავალს Sumba Foundation-ში რიცხავენ, რომლის მისია კუნძულზე მალარიასთან ბრძოლა, მოსახლეობისთვის სუფთა წყლის მიწოდება და განათლების გაუმჯობესებაა. “მე ამით არანაირ შემოსავალს არ ვიღებ, – განმარტავს ბერჩი. – ეს ყველაფერი თემს უბრუნდება” (მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ Nihiwatu-ს არანაირი ფინანსური სარგებელი არა აქვს, ვინაიდან ბერჩი და მაკბრაიდი იმის მოლოდინში არიან, რომ მათი მიწების ფასი გაიზრდება. ისინი ასევე აპირებენ, Nihiwatu ახალი სასტუმროს ბრენდის მოდელად გამოიყენენონ).
თუმცა ბერჩი დაბეჯითებით ამბობს, რომ ამ წამოწყების მიზანი ფულის მოპოვება არ გახლავთ. იმის დანახვა, თუ რა სიამოვნებას იღებენ თქვენი სტუმრები, 1 000-ჯერ მეტ კმაყოფილებას განიჭებთ, ვიდრე სხვა რაღაცების გაკეთება, – ამბობს ის. – გარდა ამისა, ჩემს შვილებთან ერთად დასვენებისთვის ეს შესანიშნავი ადგილია. ის მე ნამდვილად მაბედნიერებს. და ახლა ჩვენ ამ ბედნიერების გაზიარება სხვა ადამიანებთან შეგვიძლია”.
დატოვე კომენტარი