3 მლნ მ²-ზე მეტ ფართობზე მოწყობილი ინდუსტრიული იატაკები; 400,000 მ²-მდე აშენებული ფართობი – ჰოლდინგის „ელემენტ კონსტრაქშენის“ დამფუძნებლები ლევან ბერაძე და პაატა ჩიტორელიძე, კომპანიის პროფესიონალ გუნდთან ერთად, სამშენებლო ბაზარზე ინოვაციური მიდგომების დანერგვას განაგრძობენ და ლიდერის პოზიციას არ თმობენ.
ამ კომპანიის ანგარიშზე ახლა უამრავი რთული და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია.
„ელემენტ კონსტრაქშენის“ სავიზიტო ბარათია სამხრეთ კავკასიაში „კოკა-კოლას“ ყველაზე დიდი საწარმო. დიზაინ ბილდის პრინციპით, მისი მშენებლობა 9 თვეში დასრულდა. სამშენებლო კომპანიის შერჩევის, ისევე როგორც სამუშაოების თითოეული ეტაპი „კოკა-კოლას“ სათავო ოფისიდან კონტროლდებოდა. „ამ პროექტით ქართულმა კომპანიამ დაამტკიცა საკუთარი სტანდარტების თანხვდენა საერთაშორისო მოთხოვნებთან“, – ეუბნება „ფორბსს“ „ელემენტ კონსტრაქშენის“ დამფუძნებელი ლევან ბერაძე.
ლევან ბერაძემ მშენებლობის ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით, 1996 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა. სწავლა გერმანიაში, 1998 წელს, მიუნსტერის ტექნიკურ უნივერსიტეტში გააგრძელა – მშენებლობის მართვის სპეციალობით.
განათლების მიღების პარალელურად, 2000- 2003 წლებში, მუშაობდა გერმანულ სამშენებლო კომპანია „რუკვერკში“ სამუშაოთა მწარმოებლად. იმავე პოზიციას ამჯერად უკვე კომპანია „ბრეფელდში“, 2003-2005 წლებში, იკავებდა. 2005 წელს, მიუნსტერის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ლევან ბერაძე საქართველოში დაბრუნდა და 2007 წელს კომპანია დააფუძნა. გერმანული სამშენებლო ინდუსტრიის პრინციპების დანერგვა წარმატებული აღმოჩნდა: დღეს „ელემენტ კონსტრაქშენი“ სამრეწველო, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მიმართულებით მრავალი ცნობილი მშენებლობის ავტორია.
გამორჩეულ პროექტებს შორის სირთულითა და სპეციფიკით ხვდება მტკვარი ჰესი. ამ ობიექტზე „ელემენტ კონსტრაქშენმა“ გვირაბის წყალმიმღები ნაგებობა და თევზსავალი მოაწყო. „შესრულებული სამუშაოების მაღალ ხარისხს ადასტურებს საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია ILF-ის მიერ „ელემენტ კონსტრაქშენისთვის“ გაწეული არაერთი რეკომენდაცია“, – აღნიშნავს ლევან ბერაძე. კომპანიის ჰიდროტექნიკური პროექტების სიაშია ასევე ავანის, კინტრიშის, ბახვი 3 ჰესები.
„სამუშაოების თითოეული ეტაპი კონტროლდება „ელემენტ კონსტრაქშენის“ გარემოს დაცვის სპეციალისტების მიერ ადგილზე მიმდინარე სისტემატური დაკვირვებებისა და ლაბორატორიული კვლევების სახით“, – ამბობს კომპანიის კიდევ ერთი დამფუძნებელი პაატა ჩიტორელიძე.
პაატა ჩიტორელიძე 1977 წელს დაიბადა. სწავლობდა ქ. თბილისის 61-ე, შემდეგ კი ვლადიმირ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლაში. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო – კომერციისა და მარკეტინგის მიმართულებით. მაგისტრის ხარისხი კი, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამით, ESMში დაიცვა. პაატა ჩიტორელიძის სახელი კარგადაა ცნობილი ქართულ საბანკო სექტორში. 2001-2018 წლებში „თიბისი ბანკში“ მას სხვადასხვა წამყვანი პოზიცია ეკავა. მათ შორის იყო კორპორატიული რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი. 2018 წელს, კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორის მოადგილის პოსტზე მყოფმა, ამჯობინა, საკუთარი ძალები მთლიანად მისივე დაფუძნებული სამშენებლო კომპანიისთვის დაეთმო. კომპანია პაატა ჩიტორელიძემ ლევან ბერაძესთან ერთად 2007 წელს დააფუძნა. თავიდანვე განისაზღვრა ძირითადი კრიტერიუმი და ფასეულობა: ხარისხი და უსაფრთხოება. ამ ნიშით „ელემენტ კონსტრაქშენმა“ სამშენებლო ბაზარზე გამორჩეულ ბრენდად ჩამოყალიბება შეძლო. პროექტების მზარდმა რაოდენობამ კი კომპანიას მალევე მისცა გაფართოების საშუალება.
პაატა ჩიტორელიძის შეფასებით, „ელემენტ კონსტრაქშენი“ იქცა ერთგვარ პლატფორმად, სადაც მშენებლებს, ერთი შეხედვით, არარეალური პროექტების განხორციელებაც კი შეუძლიათ. გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი ნებისმიერი სირთულის პროექტს ართმევს თავს და დამკვეთებს ინოვაციურ სამშენებლო გადაწყვეტილებებს სთავაზობს. პაატა ჩიტორელიძის განცხადებით, მუდმივი განვითარებისა და სიახლეების პარალელურად, მისთვის „ელემენტ კონსტრაქშენი“ ერთი უცვლელი წესის გარშემო ტრიალებს – მაქსიმალური პასუხისმგებლობა დამკვეთისა და საკუთარი თანამშრომლების წინაშე.
შრომის უსაფრთხოების სტანდარტების თვალსაზრისით, გამორჩეული პროექტია საბურთალოს „მაკდონალდსი“. მისი რეკონსტრუქცია-მშენებლობა რესტორნის მუშაობის პარალელურად განხორციელდა. აქტიური იყო „მაკ-დრაივიც”.
„კვების მოქმედ ობიექტზე მუშაობისას „ელემენტ კონსტრაქშენმა“ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მაქსიმალური ცოდნა დაამტკიცა“, – ამბობს ლევან ბერაძე.
„ელემენტ კონსტრაქშენს“ მიღებული აქვს ISO 45001:2018 (პროფესიული ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტი) სერტიფიკატი. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი „ელემენტ კონსტრაქშენში“ ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, როცა საქართველოში მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე დადგენილი არ იყო. კომპანიამ პროექტირებისა და მშენებლობის პროცესში GMP- და GDP-სტანდარტების დანერგვითაც დაასწრო რეგულირებას. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების განვითარებას.
გამორჩეულია 2.5 თვის ვადაში სოფელ ჩუმლაყში აშენებული კაკლის გადამმუშავებელი საწარმო. ამ პროექტის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ბაზარზე ის იყო, რომ დამკვეთმა „ელემენტ კონსტრაქშენის“ შემოთავაზებული კონსტრუქციული გადაწყვეტით მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი დაზოგა.
„ინოვაციურობა და სიახლეები ჩვენი გამორჩეული შტრიხია, – ამბობს პაატა ჩიტორელიძე. – ოპტიმალურ კონსტრუქციულ გადაწყვეტებზე ვართ ორიენტირებულები. ეს ნიშნავს იმასაც, რომ დამკვეთი სახსრებს დაზოგავს. ჩვენ თანამედროვე მიდგომების დანერგვას და გავრცელებას ვუწყობთ ხელს. ორიენტირებულები ვართ ენერგოეფექტიანობაზე, განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციაზე. სიახლეებს სულ ვითვისებთ და პროექტირების ეტაპიდანვე ვითვალისწინებთ“.
„ელემენტ კონსტრაქშენის“ ხარისხი, პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვდენა განსაზღვრავს კომპანიის დამკვეთების პროფილსაც. გრძელ სიაში საქართველოს სხვადასხვა დარგის ლიდერები არიან წარმოდგენილები. დამკვეთთა შორის მრავლადაა საერთაშორისო ბრენდი.
კომპანია ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს კვების მრეწველობის, უალკოჰოლო სასმელების, ღვინის, ლოგისტიკური და სადისტრიბუციო სექტორის წამყვან მოთამაშეებთან: კოკა-კოლა, ბორჯომი, ბინეხი, ვაინ კახეთი, სარაჯიშვილი, შატო-მუხრანი, თელავის ღვინის მარანი, ნოსტე, ლიბო ჯგუფი, ევროთრეიდი, ელთიბი. ჰოლდინგში შემავალი კომპანიების აქტივობებით აღნიშნულ სიას ემატება ასკანელი, თბილღვინო, ბიუ ბიუ, სანტე, თოლია და ა.შ. კომპანიის დამკვეთთა შორისაა ფარმაცევტული და სამედიცინო სფეროს ისეთი ლიდერები, როგორიცაა იმპექსი და მედულა. „ელემენტ კონსტრაქშენს“ ანდობენ საკუთარ ობიექტებს ჰორეკა სექტორის გიგანტები: მაკდონალდსი, ვენდი, ჰოლიდეი ინნ ექსპრესი, ბესთ უესთერნ გუდაური. ვიწრო სპეციალიზებული მიმართულებებით განხორციელებული პროექტები კი დამატებით ისეთ ბრენდებს მოიცავს, როგორიცაა ჰილტონ გარდენ ინნი, რედისონ რედი, რედისონ ქოლექშენი, ბილტომი, ლე მერიდიენ ბათუმი. დამკვეთთა პორტფელი ფარავს საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო სფეროს: ტერმინალი და სულხან- საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. სამშენებლო კომპანია აქტიურად თანამშრომლობს დეველოპერულ სექტორთან: არქი, კრწანისი ვილა რეზიდენსი, ბინადარი და ა.შ. ჰიდროტექნიკური მიმართულებით კომპანიის დამკვეთებს შორისაა ჯივიპი, ენერგო ინვესტი, ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი, ბახვი ჰიდრო პაუერი. მშენებლობის გარდა, დამკვეთთა დიდი ნაწილი სარგებლობს „ელემენტ კონსტრაქშენის“ პროექტირების სერვისითაც (კოკა-კოლა, wendy’s-ი, წეროვანის ლოგისტიკური ცენტრი, მეღვინეობა შილდა და ა.შ.).
„ელემენტ კონსტრაქშენის“ სერვისებიდან დღეს ყველაზე მოთხოვნადი ინდუსტრიული მშენებლობაა. კომპანიის სახელს უკავშირდება ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარე ყველაზე მასშტაბური სამრეწველო ობიექტები. „ელემენტ კონსტრაქშენი“ დასახელებულია ნომერ პირველ ინდუსტრიულ სამშენებლო კომპანიად“, – ამბობს ლევან ბერაძე. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულის გამოსავლენ კვლევაში მონაწილეობდნენ: სახელმწიფო, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში, ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები; პარალელურად, გამოიკითხა 2000-ზე მეტი მომხმარებელი – ყველამ ერთად ბაზრის ლიდერად „ელემენტ კონსტრაქშენი“ დაასახელა…
ყველაფერი 2007 წელს დამფუძნებლების მიერ გერმანიიდან ჩამოტანილი დუღაბის ერთი სატუმბი დანადგარით დაიწყო. „კოდიც არ ჰქონდა მინიჭებული საბაჟოზე – პირველი იყო ნამდვილად“, – ღიმილით იხსენებს ლევან ბერაძე. ამის შედეგად, მოჭიმული იატაკის სამუშაოები საქართველოში მექანიზებული გახდა. ამ პერიოდში კომპანია „ოლ-პი ჯგუფის“ სახელით ოპერირებდა და აქტიურად განაგრძობდა ქართული ბაზრისთვის იატაკის ტექნოლოგიებისა და ჰიდროიზოლაციის მიმართულებებით ინოვაციების შეთავაზებას.
დღეს „ელემენტ კონსტრაქშენი“ ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მიმართულებით მრავალი ცნობილი მშენებლობის ავტორია.
„ფაქტობრივად, ის გუნდი, ვინც 2007 წელს შეიკრა, დღემდე ჩვენთან ერთად მოდის“, – ამბობს პაატა ჩიტორელიძე.
ვიწროსპეციალიზებულ მიმართულებებში მიღწეულმა წარმატებებმა 2012 წელს კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე აიყვანა. სამოქალაქო მშენებლობაში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს მალევე მოჰყვა საინტერესო მშენებლობების ციკლი ჰიდროტექნიკური და ინდუსტრიული მშენებლობის განხრით. თუმცა კომპანიას განვითარების არცერთ ეტაპზე უარი არ უთქვამს სპეციალიზებულ მიმართულებებზე – მეტიც, მუდმივად ავითარებს და აძლიერებს მათ: დღეს „ელემენტ კონსტრაქშენის“ ჰოლდინგში ერთიანდებიან კომპანიები ისეთი მნიშვნელოვანი მომსახურებებით და პროდუქტებით, როგორიცაა: იატაკის ტექნოლოგიები, ჰიდროიზოლაცია, ლითონკონსტრუქციების წარმოება და მონტაჟი, ელექტრობა, მშრალი სამშენებლო ნაზავების წარმოება, სხვადასხვა ვიწროპროფილური სარემონტო სამუშაოები.
„კომპანიების სწრაფმა განვითარებამ საჭირო გახადა ჰოლდინგური ერთეულის შექმნა, რომელიც ცენტრალიზებულად აწვდის სერვისებს და მართავს შვილობილ კომპანიებს, ხელს უწყობს მათ ინტეგრირებას ჰოლდინგურ სისტემაში და თითოეულ კომპანიაში დაგროვებული გამოცდილების, ექსპერტიზისა და ორგანიზაციული კულტურის გავრცელებას უზრუნველყოფს. ჰოლდინგს მართავს დირექტორთა საბჭო, რომელიც ამტკიცებს კომპანიების განვითარების სტრატეგიას და მის შესრულებას უწევს მონიტორინგს“, – განმარტავს პაატა ჩიტორელიძე.
„ელემენტ კონსტრაქშენი“ ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 სერტიფიკატის მფლობელია. „კომპანიაში ბიზნესპროცესები შეესაბამება მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ISO 9001:2015 მინიმუმამდე ამცირებს მთელ რიგ რისკებს სამშენებლო პროცესში. ეს სტანდარტი მშენებლობის, ორგანიზაციული მოწყობის, ბიზნესპროცესმენეჯმენტისა და იურიდიული ასპექტების ხარისხის ამსახველია“, – ამბობს ლევან ბერაძე.
ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ „ელემენტ კონსტრაქშენმა“ პანდემიის სირთულეებს გაუძლო. რისკების სწორმა ანალიზმა და მართვამ კომპანიას შესაძლებლობა მისცა, გამკლავებოდა მთავარ ამოცანას – შეენარჩუნებინა პროექტების განხორციელების ტემპი და თანამშრომლების რაოდენობა. როგორც დამფუძნებლები განმარტავენ, „ელემენტ კონსტრაქშენის“ სხვადასხვა შვილობილი კომპანიის რესურსის გაერთიანება ზრდის კონკურენტუნარიანობას როგორც ფასში, ასევე ხარისხში და კომპანიას ძირითადი გამოწვევების დაძლევის საშუალებას აძლევს.
„ელემენტ კონსტრაქშენი” იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც გუნდის წევრებს დისტანციური სამუშაო რეჟიმი შესთავაზა. 3–თვიანი დისტანციური მუშაობისას ყველა თანამშრომელმა 100%-ით მიიღო სახელფასო ანაზღაურება და პრემიებიც სრულად გაიცა. პანდემიის პირობებში „ელემენტ კონსტრაქშენმა“ არათუ შეინარჩუნა, არამედ მნიშვნელოვნად გაზარდა გუნდი“, – ამბობს პაატა ჩიტორელიძე.
სამშენებლო კომპანია მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივის, UN Global Compact-ის წევრია. გაეროს გლობალური შეთანხმება დაფუძნებულია ათ პრინციპზე – ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.
„ელემენტ კონსტრაქშენის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლებაა. განათლების მხარდაჭერისთვის კომპანია თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან (არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, დისტანციური სწავლებისთვის მოსწავლეების საჭირო ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფა, ტრენინგები), კერძო და სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებთან.
„სტუდენტებს „ელემენტ კონსტრაქშენში“ არა მარტო გამოცდილების მიღების, არამედ შემდგომში დასაქმებისა და წინსვლის საშუალება აქვთ. ასევე, მიგვაჩნია, რომ სამეწარმეო დარგის განვითარებისთვის აუცილებელია ახალგაზრდა თაობისა და სტარტაპების მხარდაჭერა“, – ამბობს პაატა ჩიტორელიძე.
„ელემენტ კონსტრაქშენის“ დამფუძნებლების შეფასებით, გაურკვევლობა ბაზარზე ჯერ კიდევ მაღალია. სიტუაციას ამჯერად უკრაინაში რუსეთის ომი ართულებს. კომპანია ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის მხარდაჭერის საქმეში.
„ელემენტ კონსტრაქშენი“ ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებული საქველმოქმედო ღონისძიების სპონსორთა შორის იყო; მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო კომპანიამ მზადყოფნა გამოთქვა, კომპეტენციის შესაბამისად, დაესაქმებინა უკრაინის მოქალაქეები.
„ერთ-ერთმა მათგანმა „ელემენტ კონსტრაქშენში“ ტოპ-მენეჯერის პოზიცია დაიკავა“, – ამბობს ლევან ბერაძე.
როგორც აქედან ჩანს, „ელემენტ კონსტრაქშენი“ ომის გამოცდასაც წარმატებით ჩააბარებს. ამას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ე.წ. ფაიფლაინიც აჩვენებს.
მიმდინარე პროექტებიდან – ახლახან დასრულებული მშენებლობის შემდეგ, „ვაინ კახეთმა“ „ელემენტ კონსტრაქშენს“ ახალი საწარმოს პროექტირება-მშენებლობა დაუკვეთა. გრძელდება „მეღვინეობა ბინეხის“ კომპლექსზე მუშაობა, რომელიც ფუნქციური მრავალფეროვნებით და თანამედროვე არქიტექტურული ელემენტებით კომპანიისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. აქტიურ ფაზაშია „ნოსტეს“ ახალი მეურნეობის მშენებლობაც: 15 500 კვ/მ ფართობი შემდეგი შენობა-ნაგებობებისთვისაა გათვალისწინებული: მეფრინველეობის 8 ფერმა, საწარმოს დამხმარე 4 ნაგებობა და 2 ოფისი. 14 შენობა „ელემენტ კონსტრაქშენმა“ 4 თვეში უნდა დაასრულოს. ფინალურ ეტაპზეა ინდუსტრიული მშენებლობა კომპანია „ევროთრეიდისთვის“. დასასრულს უახლოვდება ასევე მაღალტექნოლოგიური ფარმაცევტული სასაწყობო ცენტრ „ფარმა სოლუშენის“ და „იმპექსის“ მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. საზოგადოება მალე იხილავს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალ კამპუსსაც. თბილისში, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე მიმდინარეობს Wendy’s-ის ახალი რესტორნის მშენებლობაც. დეველოპერული სექტორის დაკვეთით, „ელემენტ კონსტრაქშენი“ ჩართულია სამშენებლო სამუშაოებში „არქისთვის“, „ვისტა დეველოპმენტისთვის“, „ვილა რეზიდენსისა“ და „დადიანი რეზიდენსისთვის“…
სამომავლო გეგმებიდან: კომპანიამ ქართულ სამშენებლო სფეროში ინოვაციით დაიწყო ოპერირება. ახლა უკვე 15-წლიანი გამოცდილებით, იგი ბაზარს განსაკუთრებით საინტერესო ტექნოლოგიურ სიახლეს შესთავაზებს – რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციების წარმოების სახით. როგორც დამფუძნებლები გვარწმუნებენ, ეს ტექნოლოგია მსოფლიოში დღეს ყველაზე ტრენდულია. მათივე თქმით, სისტემა კომპანიას საშუალებას მისცემს, აშენოს უფრო სწრაფად და ხარისხიანად, დამკვეთმა კი ფინანსური რესურსი დაზოგოს.
„ინოვაციურ ტექნოლოგიას, პირველ ეტაპზე, ინდუსტრიულ ობიექტებზე გამოვიყენებთ“, – ამბობს ლევან ბერაძე.
„ელემენტ კონსტრაქშენის“ შემართება უცვლელია: შეინარჩუნოს ინოვაციურობის ხაზი და ინდუსტრიული მშენებლობის სადავეები. ასევე თანაბრად მოთხოვნადი იყოს ჰიდროტექნიკური და სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით.