ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, ორშაბათს წარადგენს გეგმას, რომელიც საბოლოო ეტაპი იქნება კოვიდ-19-ის პერიოდში დაწესებული აკრძალვების შესამსუბუქებლად. შეზღუდვების მოხსნა შეეხება კანონს სოციალური დისტანციის დაცვისა და ნიღბის ტარების შესახებ, ასევე ხელისუფლების ოფიციალურ რეკომენდაციას სახლიდან მუშაობის თაობაზე.
ბორის ჯონსონის მოლოდინით, შეზღუდვები 19 ივლისის შემდგომ აღარ იმოქმედებს, ოფიციალური განცხადება კი 12 ივლისს გამოქვეყნდება. ისეთი გადაწყვეტილებები კი, რომლებიც განათლების მიღებისა და მოგზაურობის საკითხებს ეხება, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.
მოკლედ წარმოგიდგენთ ბრიტანეთის მთავრობის გეგმას შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე:
- შეზღუდვების მოხსნა ეხება ნიღბების სავალდებულო ტარებას. ადამიანის პირად გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული ნიღბის გამოყენება მთავრობის მიერ რეკომენდებულ ადგილებში.
- სოციალური დისტანცია – მოიხსნება შეზღუდვები სოციალური შეკრებების დროს ადგილმდებარეობისა და რაოდენობის შესახებ. ეს ეხება ქორწილებს, დაკრძალვებს და სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ ღონისძიებებს. აღარ იქნება დამატებითი შეზღუდვაც მინიმუმ 1-მეტრიანი დისტანციის დაცვის შესახებ.
- სპეციალური მოთხოვნები და შეზღუდვები იხსნება ღამის კლუბებისა და რესტორნების მუშაობაზე.
- მოგზაურობა – მთავრობა აგრძელებს სატრანსპორტო ინდუსტრიასთან მოლაპარაკებებს, ე.წ. “ყვითელი ზონის” ქვეყნებიდან ტურისტების უკარანტინოდ მიღების თაობაზე.
- მოიხსნება შეზღუდვები დამსწრეთა რაოდენობაზე მასობრივი თავშეყრის ადგილებში. მაგალითად, კონცერტებსა და სპორტული ტიპის შეჯიბრებებზე.
- ვაქცინაციის ტემპის დასაჩქარებლად, 40 წლამდე პირთა ვაქცინაციის დოზებს შორის ინტერვალი 12-დან 8 კვირამდე შემცირდება.
- დისტანციურად მუშაობა – ამ შემთხვევაში დამსაქმებლის პირად გადაწყვეტილებაზეა, რა რეჟიმით გაგრძელდება მუშაობა.
- ტესტირება გაგრძელდება ჩვეული რეჟიმით, ხოლო უსიმპტომო პირების ტესტირება ხელმისაწვდომი იქნება სექტემბრის ჩათვლით. კოვიდ-19-ის დადასტურების შემთხვევაში კვლავ აუცილებელია იზოლაციის წესების დაცვა.