ინკლუზიური განვითარება ის ტერმინია, რომელიც საქართველოში ძალიან ხშირად ისმის, თუმცა ვის როგორ ესმის, ამ დრომდე თითქმის არავინ დაინტერესებულა. Forbes Georgia-მ გადაწყვიტა, ეს სიცარიელე შეევსო და დაესვა მარტივი და ღია კითხვა: როგორ გესმით ტერმინი – ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა… პასუხები ამ სტატიაშია.
აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,3% შეადგინა – ეს სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური, თუმცა წინასწარი მონაცემია. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ – 2,3%, ხოლო პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8% შეადგინა.
საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ეკონომიკურ ზრდას წელს 3%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, რაც 0,5%-ით აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზირებულს. ფონდმა აპრილის World Economic Outlook–ის რეგულარულ მიმოხილვაში დაწერა, რომ საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 2016 წელს 2,5% იქნება, ხოლო 2017 წელს – 4,5%. მართალია, წლის მეორე ნახევარში მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა, თუმცა საქართველოსთვის პროგნოზი უცვლელი დატოვა. მსოფლიო ბანკი ელოდება, რომ საქართველოს ეკონომიკა წელს 3%-ით, 2017 წელს – 4,5%-ით, ხოლო 2018 წელს – 5%-ით გაიზრდება.
საქართველოს მთავრობა პრიორიტეტად ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას ასახელებს. ამ თემაზე “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ აქტიურად საუბარი ორი წლის წინ დაიწყო და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაშიც ჩაწერა. სწორედ ამ დოკუმენტით “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ პრიორიტეტად განსაზღვრა განვითარება, რომელსაც სარგებელი ფართო საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ საზოგადოების ვიწრო ჯგუფში შემავალი ცალკეული ინდივიდებისთვის მოაქვს.
“ჩვენი მთავარი მიზანია, ეკონომიკური ზრდის მიერ მოტანილი სიკეთით ისარგებლოს საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, ინკლუზიური ანუ საყოველთაო ეკონომიკური ზრდის საფუძველზე” – სიტყვა ინკლუზიური 85-გვერდიან “საქართველო 2020”-ში პირველად, მეორე გვერდზე გვხვდება.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ- ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ადამიანური რესურსების განვითარება და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება. ამ მიზნის მისაღწევად მთავრობა სტრატეგიაში, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სამუშაო ძალის განვითარებაზე, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფასა და ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფაზე საუბრობს.
ამავე დოკუმენტში მთავრობა წერს, რომ სიღარიბის დასაძლევად სოციალურ დახმარებებზე ბევრად ეფექტიანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა და სამუშაო ძალის სრულფასოვანი ჩართულობა ინკლუზიურ ზრდაში. ამ მიზნისკენ გადადგმულ ნაბიჯებს შორის აღმასრულებელი გუნდის- თვის მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის განხორციელებული პროექტებია. აქ მთავრობისთვის განსაკუთრებულია პროგრამა “აწარმოე საქართველოში”. ოფიციალური რიცხვებით, პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 177 კომპანია, რომელთა მიერ განსახორციელებელი საერთო ჯამური ინვესტიციის მოცულობა 400 მლნ ლარს აღწევს; ხოლო პროგრამის მეშვეობით კომერციული ბანკებიდან 218 მლნ ლარამდე ბიზნესსესხი გაიცა; 2014 წლიდან დღემდე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 74 ბენეფიციარს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გადაეცა, შემდეგი 2 წლის განმავლობაში მთავრობა 7,800-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ელოდება.
ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ინკლუზიური განვითარების წინაპირობად კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ადამიანისეული კაპიტალის განვითარებას და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ასახელებს. ეს მიზნები მისთვის უფრო მიღწევადი გახდა მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” მთავრობამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით, რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. გეგმა საგადასახადო კანონმდებლობის, კაპიტალის ბაზრის და საპენსიო რეფორმას, დეპოზიტების დაზღვევას და სხვა საკითხებს ითვალისწინებს.
მთავრობა ამბობს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მისი მთავარი მიზანი გრძელვადიანი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის საფუძვლის შექმნა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება იყო, რადგან მანამდე ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი ტემპის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მდგომარეობა მაინც რთული იყო.
კითხვაზე, ქვეყნის განვითარების გზა, სტრატეგიის დაწერიდან ორი წლის შემდეგ უკვე ინკლუზიურია თუ არა, ნოდარ ხადური პასუხობს, რომ ინკლუზიურობა არ არის მყისიერი ან სტატიკური პროცესი: ინკლუზიურობა დინამიკაა, სადაც ყოველი ნაბიჯი უფრო ინკლუზიური უნდა იყოს.
ეკონომიკური ზრდის ამ მოდელის მიღწევის გზებს ქვეყანაში სამუშაო ადგილების ძირითადი შემქმნელები ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში ხედავენ. იმისთვის, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდოს, ბიზნესგანათლებული და კვალიფიციური სამუშაო ძალაა საჭირო.
რადგან განვითარების ასეთი მოდელის მიღწევა მთავრობისა და ბიზნესის ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს, Forbes Georgia-მ მინიგამოკითხვა ჩაატარა – ვის როგორ ესმის პრიორიტეტად დასახელებული ინკლუზიური ზრდის მოდელი. ჩვენს კითხვებს მთავრობის მოქმედმა და ყოფილმა წევრებმა, კერძო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებმა და ანალიტიკოსებმა უპასუხეს.
დიმიტრი ქუმსიშვილი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე–პრემიერი.
ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა გულისხმობს, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში მონაწილეობს ყველა სოციალური ფენა და, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული სარგებელიც, მეტ-ნაკლებად, თანაბრად ნაწილდება. ყველას აქვს შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოს ეკონომიკურ განვითარებაში. სიღარიბე არის არა მარტო სოციალურად არასასურველი მოვლენა, არამედ ის ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. შემოსავლების უთანაბრობას აქვს გრძელვადიანი უარყოფითი ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე და ის ზრდის ფინანსური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის რისკს.
ინკლუზიურობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რათა ეკონომიკური ზრდისგან მიღებულ იქნას არა მარტო რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი ეფექტიც. უფრო მეტიც, ინკლუზიურობა არის აუცილებელი პირობა, რომ ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდეს მომავალში. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა რაც შეიძლება მეტად და დაჩქარებულად მოვახერხოთ ქვეყნის განვითარება. ამისთვის ჩვენ არაერთი ინსტრუმენტი დავნერგეთ ქვეყანაში და დავნერგავთ კიდევ, რათა ქონება და დამატებითი ღირებულება, რაც ქვეყანაში შეიქმნება, რაც შეიძლება თანაბრად გადანაწილდეს ჩვენს მოსახლეობაზე, იყოს ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა, ეკონომიკის განვითარების შედეგებით ისარგებლოს მთელმა მოსახლეობამ და არ იყოს კონცენტრირებული მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფებზე, რომლებიც უზომოდ გამდიდრდებიან.
ნოდარ ხადური. საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ინკლუზიური ზრდა არ ნიშნავს უბრალოდ შემოსავლების გადანაწილებას მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ინკლუზიური ზრდა ნიშნავს იმას, რომ ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს სარგებელი ეკონომიკური ზრდისგან – ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას, მეტ შემოსავლებს, ეს ნიშნავს მეტ შესაძლებლობებს საზოგადოების ყველა ფენისათვის. ჩვენ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისაგან შემოსავლების გათანაბრება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. ეს უკანასკნელი არის მოსახლეობის ჩართულობა და ჩვენი პოლიტიკაც სწორედ ასეთია, რომ მოსახლეობის რაც შეიძლება ფართო ფენები იყვნენ ჩართულნი ეკონომიკურ პროცესებში, მიიღონ შემოსავლები, რაც, თავისთავად ცხადია, აისახება მათი ცხოვრების დონეზეც. ეს არის ქვეყნისათვის უფრო მეტი შესაძლებლობა, ებრძოლოს სიღარიბეს და ეს, რაც მთავარია, სიღარიბესთან ბრძოლის სწორი გზაა. თავისთავად ცხადია, რაც უფრო ნაკლები ღარიბი ადამიანია ქვეყანაში, მით უკეთესი ფონია ქვეყანაში, მათ შორის, ეკონომიკური ზრდისათვის. ინკლუზიურობა არაა მყისიერება და არ არის სტატიკა. ინკლუზიურობა დინამიკაა და ყოველი შემდგომი ნაბიჯი უფრო ინკლუზიური უნდა იყოს. ქვეყნის ეკონომიკა უნდა იზრდებოდეს, და უნდა იზრდებოდეს რაც შეიძლება ფართო ფენების ჩართულობით და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამ შედეგსაც მოსახლეობის რაც შეიძლება ფართო ფენები უნდა გრძნობდნენ.
სოსო ფხაკაძე„ “ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი.
ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა მხოლოდ ღარიბებზე ზრუნვას არ ნიშნავს. ბიზნესის მთავარი ამოცანა, ხელისუფლებასთან ერთად, არის ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა. ქვეყნის წარმატების მთავარი ფორმულა არის და ყოველთვის იქნება ძლიერი ბიზნესი ანუ რაც უფრო მეტი ინვესტორი – როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი – ჩადებს ფულს ეკონომიკაში, რაც უფრო მეტი მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესი შეიქმნება ქვეყანაში, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული, რაც უფრო მეტი პროდუქციისა თუ მომსახურების შექმნა მოხდება და ასე შემდეგ, მით უფრო ძლიერი იქნება ქვეყანა. ამ ყველაფრის მისაღწევად ერთ- ერთი მთავარი ინგრედიენტი არის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა. რატომ არის მეტი დასაქმებული მნიშვნელოვანი? ეს ნიშნავს უფრო მეტ მომხმარებელს ჩვენს ობიექტებზე. ნებისმიერი პროდუქტი თუ მომსახურება ძირითადად საქართველოს მოსახლეობას მიეყიდება; გასაგებია, რომ მომხმარებლებს შორის არიან ტურისტებიც, თუმცა მნიშვნელოვანი წილი მთელი წლის განმავლობაში ადგილობრივი მომხმარებელია. იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა უფრო ხშირად დადიოდეს სავაჭრო თუ სხვა ტიპის კომერციულ ობიექტებში, საჭიროა მათი მსყიდველუნარიანობა ამაღლდეს, ანუ თანდათანობით შეიქმნას საშუალო ფენა. საშუალო ფენის შექმნა, ბევრად უფრო მეტი ადამიანის ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში, უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება – ეს არის სწორედ ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება.
არჩილ გაჩეჩილაძე. GALT & TAGGART-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა ბიზნესისთვის ნიშნავს, რომ ბიზნესის კეთების გარემო უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგებს ფართო მასებზე გადაანაწილებს. იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგებით მეტმა ხალხმა ისარგებლოს, მთავრობას შეუძლია აქცენტი გააკეთოს თანაბარი შესაძლებლობების პრინციპზე, განსაკუთრებით განათლების და დასაქმების კუთხით. თვითონ ინკლუზიური ზრდის იდეაში, რომ ყველა მოქალაქეს გააჩნდეს ღირსეული ცხოვრების პირობები, საკამათო არაფერია, თუმცა უსასრულო კამათი შეიძლება, თუ რამდენად შესაძლებელია ამ იდეის პრაქტიკაში სწორად განხორციელება. ამ კუთხით ყველაზე ეფექტური თანაბარი შესაძლებლობების პრინციპია, განსაკუთრებით – განათლების კუთხით. 2012 წლიდან გაიზარდა ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის დაფინანსება, თუმცა ამან რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი სამუშაო ადგილების შექმნის და მოსახლების შემოსავლების მკვეთრი ზრდის მიმართულებით ვერ გამოიღო. მთავრობის მხრიდან გადადგმული სასურველი ნაბიჯებიდან გამოვყოფდი მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვას, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და აუცილებლად შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. შესაბამისად, გაუმჯობესდება მოსახლეობის ცხოვრების პირობები. ჩემი აზრით, ინკლუზიური ზრდის კონტექსტში ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა უშუალოდ სიღარიბეს, არამედ უნდა აღმოვფხვრათ ჩვენი ქვეყნის რესურსების არაპროდუქტიული გამოყენება. სოფლის მეურნეობა არც ერთი მაღალშემოსავლიანი ქვეყნის ეკონომიკის ლოკომოტივი არ ყოფილა, შესაბამისად, ამ დარგში ფულის ჩადება ჩვენს მოსახლეობას სიდუხჭირიდან ვერ გამოიყვანს. მსოფლიო იცვლება და 21-ე საუკუნის ეკონომიკა და მისი სტრუქტურა ტრანსფორმაციაშია. ასეთ პირობებში, მხოლოდ განათლებულ და კვალიფიციურ სამუშაო ძალას შეეძლება, მხარი აუბას უახლეს ტენდენციებს და ხელი შეუწყოს ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას.
ISET – International School of Economics at Tbilisi State University
ინკლუზიური ზრდა გულისხმობს ეკონომიკურ განვითარებას, რომელსაც ფართო საზოგადოებისთვის მოაქვს სარგებელი. ამის საწინააღმდეგოდ, ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას სარგებელი მოაქვს საზოგადოების მხოლოდ ვიწრო ჯგუფში შემავალი ცალკეული ინდივიდებისათვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეკონომიკური ზრდა ინკლუზიურია, თუკი ეკონომიკურ განვითარებას თან ახლავს სიღარიბის შემცირება. განსხვავებულია ინკლუზიური ზრდის მიღწევის გზები. განვითარებასთან ერთად უთანასწორობის შესამცირებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ტიპის პოლიტიკა, მაგ. აქტივების (განათლება, ჯანმრთელობა, მიწა, კაპიტალი) ახლებური გადანაწილება, აქტივებიდან ამონაგებზე (ხელფასებზე, რენტაზე) ზემოქმედება, დაბოლოს, ყველაზე გავრცელებული რედისტრიბუციის პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს მოკრებილი გადასახადებით ღარიბთა საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფას. ინკლუზიური ზრდა გარკვეულწილად წინააღმდეგობრივი ცნებაა. იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, საჭიროა ეკონომიკურ ეფექტიანობაზე ზრუნვა. ინკლუზიურობა კი ხშირ შემთხვევაში გულისხმობს სოციალური სამართლიანობის პრინციპის წინ წამოწევას. მთავრობებს ხშირად უწევთ ეფექტიანობასა და სამართლიანობას შორის არჩევნის გაკეთება. საჭიროა ბალანსი ამ ორ პრინციპს შორის, რომ ქვეყანა ორიდან რომელიმე უკიდურესობაში არ მოხვდეს: ექსკლუზიური ზრდა (ანუ, როცა მდიდრები მდიდრდებიან და ღარიბები ღარიბდებიან) ან ფისკალური კრახი მეტისმეტი სოციალური უსაფრთხოების პროგრამების შედეგად. ინკლუზიური ზრდა, რომელიც თავისთავად, ბუნებრივად და მთავრობის მიერ რედისტრიბუციის დამატებითი მცდელობების გარეშე ხდება, ბიზნესისთვის სასარგებლოა. კერძოდ, საშუალო ფენის ზრდა ქვეყანაში არსებული ბიზნესებისთვის მოთხოვნისა და შედეგად, მოგების ზრდას ნიშნავს. მეორე მხრივ, როცა ინკლუზიურობა მთავრობის აქტიური პოლიტიკის შედეგად მიიღწევა, ჩნდება რისკი, რომ გაზრდილ დანახარჯებს მთავრობა ადრე თუ გვიან ბიზნესებს გადააკისრებს, გადასახადების გაზრდით. გარდა ამისა, მთავრობის მიერ ინიციირებული სოციალური პროგრამები, რომლებიც ღარიბებს ეხმარება, პოტენციურად ზრდის ბიზნესების მიერ გადასახდელ ხელფასებს, რომელზეც სოციალური პროგრამის „სამიზნე“ დათანხმდება. ეს უკანასკნელი, ამ ეტაპზე, როცა უმუშევრობა მაღალ ნიშნულზეა შენარჩუნებული, ბიზნესებისთვის ჯერ კიდევ არ წარმოადგენს დიდ დაბრკოლებას, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ეტაპზე ბიზნესის განვითარებისათვის ესეც შემზღუდველი გახდეს.
ბიძინა ივანიშვილი. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
ჩვენი გუნდის მოსვლის შემდეგ პირდაპირ შეიძლება ეწოდოს იმ ნაბიჯებს ინკლუზიურისკენ მიმართული, რაც ჩვენ გავატარეთ. 26,000 ფერმერმა ისარგებლა იმ ინიციატივით, რაც ჩვენ სოფლის მეურნეობაში განვახორციელეთ. 1 მლრდ-ზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო სოფლის მეურნეობაში. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება დაკავებულია არა მდიდარი კომპანიების ლობირებით, არამედ ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესზე. ეს მიუთითებს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ეკონომიკა იყოს ინკლუზიური.
მიხეილ კუკავა. ეკონომისტი.
ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობის ყველა სეგმენტს მიეცეს ეკონომიკური შესაძლებლობები და მოხდეს სიმდიდრის უფრო თანაბარი განაწილება, რაც, ერთი შეხედვით, თითქოს კარგი იდეაა, თუმცა ამ იდეის შიგნით ბუნდოვანება, წინააღმდეგობა და უთანხმოება უფრო მეტია, ვიდრე სიცხადე და კონსენსუსი.
შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა აშკარა ოქსიმორონია, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე ტერმინშია წინააღმდეგობა. ინკლუზიურობა აშკარად აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და, როგორც ინგლისელები ამბობენ, ამარცხებს მიზანს. შესაბამისად, ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა ღარიბთა შემოსავალზე ზრუნვა ვერ იქნება. რაში მდგომარეობს ამ იდეის წინააღმდეგობრიობა? პრაქტიკაში სიმდიდრის უფრო თანაბარი განაწილება, რაც ამ იდეის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, საკმაოდ ხშირად სიმდიდრის გადანაწილებით მიიღწევა ხოლმე. სიმდიდრის გადანაწილების ძირითადი ინსტრუმენტები კი რა არის? ეს არის მაღალშემოსავლიანი სეგმენტის უფრო მეტად დაბეგვრა (თუ ქვეყანაში არის პროგრესული საგადასახადო სისტემა), ქონების კონფისკაცია და ღარიბებისთვის დარიგება, მონეტარული პოლიტიკა, ქველმოქმედება და სხვ. ცხადია, თუ არ ჩავთვლით მონეტარულ პოლიტიკას და ქველმოქმედებას (ეს უკანასკნელი, ცხადია, ნებაყოფლობითი უნდა იყოს), გადანაწილების დანარჩენი ინსტრუმენტები ან მიუღებელია, ან ეკონომიკისთვის აშკარა ანტისტიმულების შემცველია, რაც იწვევს ბაზრის დამახინჯებას, ბიზნესაქტივობის და ინვესტორთა ნდობის შემცირებას და სხვა სრულიად აშკარად უარყოფით შედეგებს. ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდასთან დაკავშირებით უმთავრესი კითხვა არის ის, უნდა ჩაერიოს თუ არა სახელმწიფო ეკონომიკაში ამ გადანაწილების ხელშესაწყობად, რაზეც პასუხი არის ის, რომ ან არ უნდა ჩაერიოს, ან იმდენად ფრთხილად და ისეთი ინსტრუმენტებით (მაგალითად, ქველმოქმედების შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის წახალისებით, კარგად კალიბრირებული მონეტარული პოლიტიკით და სხვ.), რომ ამან არ გამოიწვიოს ბაზრის დამახინჯება და ეკონომიკური ზრდის შეფერხება.
ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2020-ის სტრატეგიის მიხედვით, მთავრობის გამოკვეთილი პრიორიტეტია. მიუხედავად ამისა, სტრატეგიაში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, კონკრეტული არაფერი წერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სტრატეგიის მიხედვით, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მისაღწევად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სუბნაციონალური ერთეულების როლს ადგილობრივი ეკონომიკური პროცესების სტიმულირებაში. ეს კი ამ მიზნის მიღწევის დეკლარირებულ, მაგრამ არაპრაქტიკულ მზადყოფნაზე მიუთითებს.
2013 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მთავრობას არაერთხელ მიუთითეს იმ საფრთხეებზე, რაც სოციალური ხარჯების მკვეთრ ზრდას, ინფრასტრუქტურის დაფინანსების არასაკმარის ზრდას და ამ მიზნით გამოყოფილი ისედაც არასაკმარისი რესურსების ათვისების პრობლემებს ახლავს. მაგალითისთვის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ხარჯები 2016 წელს 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 80%-ით გაიზარდა, რაც ეკონომიკური ზრდის ისეთი გამოწვევების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მეტისმეტად დიდი და არამდგრადი ზრდაა. ამდენად, მიმაჩნია, რომ ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის არ არის სწორი, საჭირო და გამართლებული.
დატოვე კომენტარი