ავეჯისა და დანადგარების მწარმოებელმა კომპანია Innova Georgia-მ ევროკავშირისა და EBRD-ისგან მხარდაჭერა მოიპოვა, რაც შეღავათიან სესხსა და გრანტს მოიცავს.
EU4Business-EBRD Credit Line პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსება ახალი, მაღალი ხარისხის დანადგარებისა და ტექნიკის შეძენას მოხმარდება.
Innova-ს გუნდს ავეჯის წარმოების სფეროში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს, კომპანია კი წარმატებით ემსახურება ასობით კლიენტს.
კომპანიის გენერალური მენეჯერის, ბესო ჩხეიძის განცხადებით, მრავალწლიანი გამოცდილების გარდა, Innova-ს ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა მისი ციფრული პროგრამაა, რომელიც დიზაინერებს უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევს. აღნიშნული სისტემა იტალიაშია შეძენილი და მისი საშუალებით არა მხოლოდ ავეჯის, არამედ თვითმფრინავის დიზაინის დაგეგმვაც კია შესაძლებელი.
ბესო ჩხეიძის განმარტებით, დიგიტალიზაცია ავეჯის წარმოების მომავალია, Innova-ს გუნდი კი ზემოხსენებული ციფრული სისტემის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.
Innova Georgia-ს გარდა, EU-EBRD-ის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერა მიიღო მშენებლობის, წარმოებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში წარმოდგენილმა 180-მა კომპანიამ.
დატოვე კომენტარი