თბილისის პრესტიჟულ უბანში, ვერაზე, ბარნოვის 28/30-ში PREMIUM DEVELOPMENT-ის 7-სართულიანი პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. კომპანიამ, რომელიც მშენებლობის სექტორში 2019 წელს გამოჩნდა, პროექტში 10 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო. ძირითადი სამუშაოები უკვე ჩატარებულია, საცხოვრებელი კომპლექსის ინტერიერისა და ფასადის მოწყობა კი 2024 წლის აპრილში დასრულდება.
Premium Development-ს თბილისის ძველ უბანში ინოვაციური არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის აშენების ნებართვის მისაღებად რამდენიმე წელი დასჭირდა. ეს, ერთი მხრივ, იმან განაპირობა, რომ ვერაზე სამშენებლო ნებართვების გაცემა შეზღუდულია, მეორე მხრივ კი, დიდ გამოწვევას წარმოადგენდა ამავე ლოკაციაზე შემორჩენილი ძველი სახლის ფრაგმენტების აღდგენა და მისი თანამედროვე დიზაინისა და სტანდარტების შენობის ნაწილად ქცევა.
„პროექტზე მუშაობის მრავალწლიანი საჭიროება განაპირობა მისმა მთავარმა კონცეფციამ, შეგვექმნა უნიკალური არქიტექტურა და, პარალელურად, შეგვენარჩუნებინა ისტორიული შენობის იერსახე. კომპანიამ შეძლო სრულად დაეკმაყოფილებინა სამშენებლო კანონმდებლობის თითოეული მოთხოვნა, რის შედეგადაც, მშენებლობის ნებართვა მივიღეთ“, – განაცხადა Forbes Georgia-სთან საუბრისას Premium Development-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ანიკინმა.
ინჟინრებთან, არქიტექტორებთან და კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებთან რამდენიმეწლიანი კონსულტაციის შემდეგ, კომპანიამ შექმნა საცხოვრებელი კომპლექსის ნიმუში, რომელიც ურბანული განვითარების თანამედროვე სტანდარტებს უწყობს ფეხს, ამასთანავე, ჰარმონიულად ერწყმის ძველი თბილისის არქიტექტურას. მსგავსი მიდგომით, Premium Development-მა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც შეინარჩუნა და შენობის ახალი ისტორიის დასაბამსაც დაუდო სათავე.
გარდა კულტურულ-ისტორიული ღირებულებისა, Premium Development-ს ადგილმდებარეობაც გამოარჩევს, რასაც კომპანიაში ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველ ფაქტორად მიიჩნევენ. საცხოვრებელი კომპლექსი მეტროდან ხუთი წუთის სავალზეა, მასთან ახლოსაა მნიშვნელოვანი დაწესებულებები – ბანკები, აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები, ასევე გასართობი და დასასვენებელი ადგილები – ვერის პარკი, მთაწმინდა, ფილარმონია და კაფე-ბარები. Premium Development-იდან ფეხით სავალ მანძილზეა კინოთეატრი, მუზეუმები და კულტურული მნიშვნელობის სხვა ობიექტები.
„პროექტის საინვესტიციო პოტენციალი ძალიან მაღალია, რადგან ვერაზე დიდი მოთხოვნაა როგორც კომერციულ ფართებზე, ასევე საცხოვრებელ ბინებზე. ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო ნებართვები იშვიათად გაიცემა, მომხმარებლებს სულ უფრო მცირე შანსი აქვთ შეიძინონ ახალი ბინა ძველ უბანში“, – აცხადებს ჩვენთან საუბრისას დავით ანიკინი.
ბოლო პერიოდის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, უძრავი ქონების ბაზარზე ფასები მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მაგალითად, 2023 წლის III კვარტალში თბილისში ახალი საცხოვრებელი ბინების ფასები წლიურად 15.6%-ით გაიზარდა. მათ შორის, 1 კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება ყველაზე მაღალი სწორედ მთაწმინდის რაიონშია. შესაბამისად, აღნიშნულ არეალში მაღალია საცხოვრებელი თუ საოფისე უძრავი ქონების ქირის ფასიც.
საოფისე ფართებს კომპლექსში, ნულ და პირველ სართულებზე, მთლიანობაში 750 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი უჭირავს. Premium Development-ის შვიდ სართულზე კი 22 ბინაა განთავსებული, საიდანაც ყველაზე მცირე ზომის საცხოვრებელი 60 კვადრატულ მეტრს მოიცავს, ყველაზე დიდი ბინის ფართობი კი, რომელიც კომპლექსის ბოლო სართულზეა განლაგებული, 312,6 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მიუხედავად უძრავ ქონებაზე მზარდი ფასებისა, პროექტით დაინტერესება მაინც მაღალია: „მართალია, Premium Development-ი მომავალი წლის აპრილში სრულდება, კომპლექსში ბინების 70% უკვე გაყიდულია. ამას შენობის კონცეფცია და ის პირობები განსაზღვრავს, რასაც მომხმარებლებს ვთავაზობთ“.
ვინაიდან შენობა ქალაქის აქტიურ ნაწილში მდებარეობს, Premium Developmentში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რეკრეაციული ზონის დაგეგმარებას. „შენობის კონცეფციას, უნიკალური არქიტექტურის შექმნასა და ისტორიული იერსახის შენარჩუნებასთან ერთად, მცხოვრებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შეთავაზება წარმოადგენს“, – ამბობს დავით ანიკინი და დასძენს, რომ, მართალია, დასასვენებელი პარკები და გასართობი ობიექტები კორპუსთან ფეხით სავალ მანძილზეა, კომპლექსის მობინადრეებსა და ოფისებში მომუშავეებს განტვირთვა შენობის დატოვების გარეშეც შეუძლიათ. ამისთვის Premium Development-ში 500 კვადრატული მეტრის ფართობზე გაშენებულია დახურული გამწვანებული ბაღი და მოსასვენებელი სივრცეები, გარდა ამისა, კომპლექსს აქვს საბავშვო მოედანი.
ტრანსპორტით გადატვირთულ ქალაქში მნიშვნელოვან პრობლემას საპარკინგე ადგილების ნაკლებობა წარმოადგენს. Premium Development-ში ამ გამოწვევის გადალახვას ორდონიანი მიწისქვეშა საპარკინგე ზონის მოწყობით შეეცადნენ, რომელიც 20 ავტომობილზეა გათვლილი.
არქიტექტურისა და დიზაინის ელემენტებთან ერთად, Premium Development-ში დიდი ყურადღება დაეთმო ეკომეგობრულობას, რისთვისაც, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, „მშენებლობისას უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტიანი მასალებია გამოყენებული. მათ შორის, კერამობლოკი, რომელიც საქართველოშია დამზადებული“. კორპუსის კედლები აგებულია მაღალი ხარისხის ხმის იზოლაციისა და თბოიზოლაციის მასალებით. გარდა ამისა, შენობა ალუმინის ფანჯრებითა და ვიტრაჟებითაა აღჭურვილი.
„პროექტზე მუშაობისას მთავარ ღირებულებას მომხმარებელი და მისი უსაფრთხოება წარმოადგენდა“, – გვეუბნება დავით ანიკინი და განმარტავს, რომ ამის უზრუნველსაყოფად კორპუსში სასმელი წყლის ფილტრი და მძლავრი სახანძრო სისტემაა დამონტაჟებული. ამასთანავე, საცხოვრებელი კომპლექსი 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი.
ბოლო პერიოდში, მჭიდრო განაშენიანებისა და მაღალსართულიანი შენობების მომრავლების ფონზე, მომხმარებლებისა და საცხოვრებელ უძრავ ქონებაში ინვესტირების მსურველთა მოთხოვნებს შორის განსაკუთრებულ ადგილს ხედები იკავებს. კარგი ხედების ქონა ცხოვრების საერთო ხარისხსა და ქონების მიმზიდველობაზე დადებითად აისახება.
Premium Development-ის უპირატესობებზე საუბრისას, კომპანიის დირექტორი ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად სწორედ ქალაქზე შთამბეჭდავ ხედებს ასახელებს და გვეუბნება, რომ მისით ტკბობა კორპუსის დაბალი სართულებიდანაც არის შესაძლებელი. შენობის უკვე მეორე სართულიდან მოჩანს მთაწმინდა და სამების ტაძარი, ასევე ბარნოვის, თამარ ჭოველიძისა და ერისთავ-ხოშტარიას ქუჩები. საცხოვრებელი კომპლექსის ზედა სართულებიდან კი თითქმის მთელი თბილისი ხელისგულივითაა გადაშლილი. დავით ანიკინის თქმით, ხედები Premium Development-ის საინვესტიციო პოტენციალს კიდევ უფრო ზრდის.
ასე პასუხობს Premium Development-ის 7-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებს. „ეს პროექტი არა მხოლოდ უნიკალური ცხოვრებისეული გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა, არამედ ხელს უწყობს თბილისის პრესტიჟულ, ძველ უბანში კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას“, – ასრულებს ჩვენთან საუბარს დავით ანიკინი და პირობას დებს, რომ კომპანია სამომავლოდ კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს შემოგვთავაზებს.
S
დატოვე კომენტარი